ახალი ამბები

“დიახაც, ვრჩებით მშვიდობის ოაზისად რეგიონში” — ღარიბაშვილის გზავნილები 26 მაისს

26 მაისი, 2023 •
“დიახაც, ვრჩებით მშვიდობის ოაზისად რეგიონში” — ღარიბაშვილის გზავნილები 26 მაისს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, საქართველო რეგიონში “მშვიდობის ოაზისად” რჩება მიუხედავად “შიდა თუ გარე მტრების დესტრუქციული მცდელობებისა”. ამ სიტყვებით ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. მანვე ილაპარაკა “ბოროტ ძალებზე”, რომლებიც, ღარიბაშვილის მტკიცებით, “ტრადიციული ფასეულობების ნგრევას ცდილობენ”.

“დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა”, — დასძინა მან.

მისი სიტყვებით, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა “ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის ფუძემდებლური აღმოჩნდა”, 1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი დამოუკიდებლობა კი პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას დაეფუძნა და “ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა”.

“დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ. თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის”, — აღნიშნავს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა ნაწყვეტი აკაკი წერეთლის პიესიდან “პატარა კახი” — “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი” — და თქვა, რომ ეს სიტყვები “უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია”.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზეც ილაპარაკა:

“თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ”.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, დღეს, როდესაც “ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა”.

“ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას”, — აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “სრულფასოვანი თავისუფლება”, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა და დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ”.

“მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ”, — დაამატა მან.

ღარიბაშვილმა “თავისუფლების მტრებს” შორის ასევე დაასახელა სიღარიბე და უმუშევრობა, რომლის აღმოფხვრის გზაზეც, მისი სიტყვებით, “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ამჟამინდელმა ხელისუფლებამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიცრუე და დეზინფორმაციაც თავისუფლების მტრები არიან. მისი სიტყვებით, თანამედროვე ეპოქაში “ფსევდოფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს”. ღარიბაშვილმა ისაუბრა “ბოროტ ძალებზე”, რომლებიც, მისი აზრით, “ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების” ნგრევას ცდილობენ.

“როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა საზოგადოებას ასევე უთხრა, რომ ევროკავშირისგან ევროპული პერსპექტივის მიღება ისტორიული გადაწყვეტილება და “ქართული ოცნების”ხელისუფლების 10-წლიანი მუშაობის შედეგია.

“დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას.

ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის გამოსვლას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. პრეზიდენტმა ახსენა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის შემოშვება საქართველოში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

პრეზიდენტის ანტირუსული სიტყვა დამოუკიდებლობის დღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი