როგორც ოქრუაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, დიმიტრი ქიტოშვილის მიერ მიცემული ჩვენების გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს ჩვენება ან მტკიცებულება, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ბრალს დაადასტურებს.
ადვოკატების მოლოდინით სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ჯემალ სვანიძე, ასევე, დიმიტრი ქიტოშვილი და ომარ ზანგურაშვილი დაიკითხნენ. დაიკითხა თავად ირაკლი ოქრუაშვილიც.
საქმე ეხება ფაქტს, რომლის მიხედვითაც დიმიტრი ქიტოშვილმა, ოქრუაშვილის ბრძანებით, ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად, 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანიის 2,5%-იანი წილი კომპანია ”არტის” წარმომადგენელ გურამ გოგუასთვის, მაშინ, როდესაც წილის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.
დიმიტრი ქიტოშვილმა აღნიშნულ საქმეზე ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა. როგორც ქიტოშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშნული ჩვენება იძულებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და მუქარის შედეგად მიაცემინეს.
როგორც ქიტოშვილი აცხადებს, ის დაეხმარა ჯემალ სვანიძეს და გურამ გოგუას ”ჯეოსელის” 2.5%-იანი წილის ყიდვა-გაყიდვის საქმეში, თუმცა ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია ირაკლი ოქრუაშვილს:
“საკუთარ სახლში კუდ-ის თანამშრომლებმა დამაკავეს და წამიყვანეს. ფინანსური პოლიციის დირექტორმა მაჩვენა სვანიძის ჩვენება და მკითხა, რა ვიცოდი ამ საქმესთან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ ეს იყო გარიგება სვანიძესა და გოგუას შორის. მათ პირდაპირ მითხრეს, რომ ჰქონდათ ბრძანება, რომ მიმეცა ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ. განმიმარტეს, რომ ეს არ იყო მიმართული ჩემს წინააღმდეგ, ეს ხდებოდა ადეიშვილის მითითებით, რათა დაეკავებინათ ოქრუაშვილი. მე უარი განვაცხადე, რის შემდეგაც მიიღეს ჩემი დაკავების გადაწყვეტილება”, – აცხადებს ქიტოშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ‘იმედის’ ეთერით ირაკლი ოქრუაშვილს მათ საწინააღმდეგოდ განცხადება უნდა გაეკეთებინა და ამ განცხადების გაკეთებამდე ოქრუაშვილის დაპატიმრება სურდათ.
ქიტოშვილი იხსენებს, რომ ამის შემდეგ მას რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა:
“აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე გამომძიებლის ტელეფონით მელაპარაკა დათა ახალაია და გამიმეორა, მიმეცა ჩვენებები, თორემ ასე მითხრა, ციხეში გაჩვენებენ, როგორია წინააღმდეგობის გაწევაო. ვინაიდან არ დავთანხმდი, შემიფარდეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა და გადამიყვანეს რუსთავში”, – ქიტოშვილის თქმით, იქ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ჭაკუამ და კიდევ რამდენიმე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, რომ ციხის ექიმის გამოძახებაც კი მოუხდათ. ქიტოშვილის განცხადებით, ამ პერიოდში მან გაიგო, რომ ოქრუაშვილს სხვა ბრალდებების გამო მაინც დაიჭერდნენ, ამ მიზეზით და იმის გამო, რომ მას ფიზიკურად აღარ შეეძლო ძალადობის ატანა, ცრუ ჩვენების მიცემას დათანხმდა:
“ბოლოს და ბოლოს, დავთანხმდი, მიმეცა ჩვენება, რომელიც სამჯერ ჩამაწერინეს ვიდეოფირზე. წაუღეს ჯერ ადეიშვილს, მან თქვა ნაკლებად დამაჯერებელიაო, შემდეგ ჯერზე ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ, მესამე ჯერზე ჩაწერეს. შემდეგ საიდანღაც მომიტანეს კოსტუმი და პერანგი, წამიყვანეს სასამართლოში და შემიფარდეს გირაო. გირაოსთან ერთად დამინიშნეს ბადრაგი. მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩემი სახლის კართან, სადარბაზოში და ეზოში მუდმივად მორიგეობდნენ სპეცრაზმელები, მე არ მქონდა არანაირი სტუმრის მიღების უფლება. ამ წლის განმავლობაში სულ სამჯერ გამოვედი სახლიდან, სამივეჯერ მათი თანხლებით, ერთხელ პროკურატურაში წამიყვანეს, ერთხელ- იმელის შენობაში და მესამედ -სასამართლოში”, – აცხადებს ქიტოშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების მიხედვით, მან “ჯეოსელის” წილების გადაფორმების შესახებ მისი მეგობრისგან, გურამ გოგუასგან შეიტყო, თუმცა, გარდა გოგუასთვის რჩევის მიცემისა, ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონია:
“არანაირი სხვა მონაწილეობა ამ საქმეში, გარდა რჩევისა, არც ვინმესთან დაკონტაქტება, არც ზეწოლა და ფინანსური დაინტერესება არ გამაჩნია. თუ ვინმეზე ზეწოლას გადავწყვეტდი, ნამდვილად არ დამჭირდებოდა 250 ათასის გადახდა. ჩემი სახელი ისედაც ბევრს აშინებდა”, – აცხადებს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, ეს უპრეცედენტო საქმეა, რომლის მიხედვითაც ადამიანმა ქრთამის აღებაში ფული გადაიხადა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში საქმის უშუალო დაზარალებული, ჯემალ სვანიძე ოქრუაშვილს არ ახსენებს, ის სასამართლოსთვის მიცემულ ძველ და ახალ ჩვენებებშიც აცხადებს, რომ ქიტოშვილის უკან სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი და მაშინდელი ხელისუფლება იდგა:
“ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, რადგან ის წილი, რომელიც წინა სასამართლოს შემდეგ დამიბრუნეს, ისევ წაიღეს, იმ მომენტში წილს მართმევდა ოქრუაშვილი, შემდეგ წამართვეს სხვებმა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?” – აცხადებს ჯემალ სვანიძე. მისი თქმით, წილის დაბრუნებიდან ძალიან მალე მას ეს წილი “ჯეოსელის” დამფუძნებელ კომპანიაზე გადააფორმებინეს, შესაბამისად, მისი ზარალი არ ანაზღაურებულა. თუმცა სასამართლოს მიერ წილის დაბრუნების შემდეგ მას წილის ხელახლა გადაფორმება არ გაუპროტესტებია და არც აღებული 250 ათასი დაუბრუნებია:
“მე საკმაო ხანი ვიყავი პოლიტიკაში და ბევრი ახსნა-განმარტება არ მჭირდებოდა, მივხვდი, რომ მომატყუეს, მაგრამ თუ ერთხელ ჩაები ამ ბორბალში, მერე აზრი არ აქვს”, – აცხადებს სვანიძე.
პროკურატურამ დანარჩენი მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მომდევნო პროცესი 10 იანვარს ჩაინიშნა, პროცესზე წერილობითი მტკიცებულებები გამოქვეყნდება და მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.