ახალი ამბები

რა პრობლემას შუქმნის PACE-ს რეზოლუციის შეუსრულებლობა საქართველოს

14 ოქტომბერი, 2015 •
რა პრობლემას შუქმნის PACE-ს რეზოლუციის შეუსრულებლობა საქართველოს

PACE-ს რეზოლუციის მიღებიდან  მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული, როდესაც პარლამენტის შენობასთან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ 3 აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად “ქართული ოცნების” წევრ, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედებათ, თუმცა სხვაგვარად მოხდა, როდესაც საქმე ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატების ცემას ეხებოდა 2013 წელს. ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემისთვის სისხლის სამართლის საქმე ზუსტად იმავე მუხლით [ხულიგნობა] აღიძრა, რითაც ენმ-ს ზემოხსენებული 3 აქტივისტის შემთხვევაში, თუმცა 2013 წელს დეპუტატის ცემისთვის სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით არა წინასწარი პატიმრობა, არამედ გირაო განუსაზღვრა.

 

საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ PACE-ს რეზოლუციის მესიჯები კარგად ვერ გაიგო. დოკუმენტში საქართველო სწორედ წინასწარი პატიმრობის ინსტრუმენტის პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების ბრალდებით იყო გაკრიტიკებული.


PACE
PACE

 

PACE-ს რეზოლუციის ძალა

 

ზოგადად ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებზე ზეწოლის მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტები აქვს, მათ შორის უმკარცესი ზომაა გარიცხვა ან ხმის უფლების შეჩერება, თუმცა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, დავით ჯანდიერის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთი ნეგატიური რეზოლუციის გამო საქართველო ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დააყენონ, საჭიროა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის დინამიკამ მასიური ხასიათი არ მიიღოს.

 

ჯანდიერის განმარტებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ადრესატი კონკრეტული სახელმწიფო არ არის. ამასთან, ასამბლეის რეგლმანეტის მიხედვით, რეზოლუცია არ წარმოადგენს უშუალოდ მოქმედ სამართალს და ის იურიდიულად სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტი არ არის, როგორიც, მაგალითად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის კონკრეტულ იურიდიულ შედეგს არ წარმოშობს. ის უფრო  პოლიტიკური დოკუმენტია, ვიდრე სამართლებრივი. თუმცა, იურისტის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დოკუმენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც მის ტექსტში პირდაპირ არიან მოხსენიებული, რადგან დოკუმენტი კონკრეტულ საკითხზე ასამბლეის შეფასებასა და დამოკიდებულებას გამოხატავს.

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაამოწმებს PACE, რამდენად ასრულებს წევრი სახელმწიფო მის რეკომენდაციებს, დავით ჯანდიერის თქმით, ეს მომხსენებლების მეშვეობით მოხდება. მისი განმარტებით, მინიმუმ ასამბლეის 20-მა წევრმა [მათ შორის მინიმუმ 5 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს] უნდა განახორციელოს ახალი რეზოლუციის ინიცირება, შემდეგ ხდება საკითხის მომხსენებლის დანიშვნა, რომელიც იწყებს მუშაობას, მას შეუძლია კონკრეტულ ქვეყნებში ჩასვლა. რაც შეეხება შეფასების ინდიკატორებს, იურისტის თქმით, მომხსენებელი აჯერებს ადამიანის უფლებების სფეროს ძირითადი აქტორების- არასამთავრობო სექტორის, ომბუდსმენის, პარტიების მოსაზრებებს და ასე აყალიბებს თავის მოხსენებას, რომელიც ჯერ კომისიაზე გადის, ხოლო შემდეგ ასამბლეაზე კენჭისყრისთვის.

 

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რა პოზიციას ჩამოაყალიბებს მომხსენებელი, თუ PACE წინასწარ დაკავებაზე მისი რეკომენდაციების შესრულების პროგრესის გადამოწმებას გადაწყვეტს, თუმცა, თუ იგი აზრს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ომბუდსმენს ჰკითხავს პარლამენტთან დაკავებული ენმ-ს სამი აქტივისტის შესახებ, ყველა მათგანისაგან პასუხად მიიღებს, რომ საქმე გვაქვს შერჩევით მართლმსაჯულებასთან, რადგან ამ უკანასკნელებმა შესაბამისი განცხადებები უკვე გაავრცელეს.

 

ორი მიდგომა

 

საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრების დამოკიდებულებაში, რომლებიც PACE-ს წევრები არიან, ზემოხსენებული რეზოლუციისადმი ორი სახის მიდგომა გამოიკვეთა, დეპუტატები, მანანა კობახიძე და ზვიად კვაჭანტირაძე მომხსენებელ პედრო აგრამუნტს მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებენ ენმ-ს სასარგებლოდ. აგრამუნტი ევროპაში ენმ-ს პარტნიორ პოლიტიკურ ძალას EPP-ს წარმოადგენს, თუმცა საგულისხმოა, რომ, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის მხარდამჭერი 89 დეპუტატიდან EPP-ს წევრების რაოდენობა 35-ს არ აღემატებოდა.

 

რაც შეეხება მეორე მიდგომას, ეს დეპუტატ ეკა ბესელიას ეკუთვნის, რომელიც რეზოლუციის ავტორსა და მხარდამჭერებს სამართლებრივი არგუმენტებით უპირისპირდება. მისი აზრით, რეზოლუციის რეკომენდაცია იმ ადამაინების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც ციხეში მათდამი მართლმსაჯულების სისტემის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო სხედან, ნაციონალური სასამართლოს კომპეტენციაა და PACE-ს უფლებამოსილებებს სცდება. ამასთან, ბესელიას განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე- პატიმრობა მიესაჯება პირს, გირაო თუ საერთოდ არაფერი-გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს და არა პროკურატურა.

ზემოხსენებული ორი მიდგომიდან არც ერთს იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი. იგი სამარცხვინოს და ეიჯისტურს უწოდებს ზვიად კვჭანტირაძის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც პედრო აგრამუნტის ასაკს უკავშირდება. კვაჭანტირაძის აზრით, შესაძლოა ასაკის ბრალია ის, რომ მომხსენებელი აგრამუნტი “ფაქტებს არასწორად იგებს”. რაც შეეხება იმას, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და არა პროკურატურა, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი ხელისუფლებას პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესაძლებლობას არ აძლევს:

 

“გადაწყვეტილების მიმღები საბოლოოდ კი  სასამართლოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს პროკურატურას, სწორედ პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას. მოსამართლე თავისი ინიციატივით არ ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობა იქნეს გამოყენებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ პროკურატურა ითხოვს წინასწარ პატიმრობას იმ საქმეებშიც, რომლებიც ამ რეზოლუციაშიც მოხვდა. ეს პროკურატურის, სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია იყო.  სტანდარტის დაცვას უნდა იწყებდეს აღმასრულებელი ხელისუფლება  და პროკურტურა არ უნდა ითხოვდეს წინასწარ პატიმრობას შაბლონურად. მას უნდა ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა და კარგად დაასაბუთოს”, – ამბობს ნაცვლიშვილი და იხსენებს, რომ 5 ოქტომბერს ენმ-ს 3 აქტივისტის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე წინასწარ პატიმორბას სწორედ პროკურატურა ითხოვდა. საგულისხმოა, რომ 2013 წელს თაქთაქიშვილისა და რატიანის ცემაში ბრალდებულებისათვის პროკურატურამ მხოლოდ გირაოთი იშუამდგომლა.

 

იმიჯი

 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ PACE-ს რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტი არ არის, წევრი სახელმწიფოების მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანდება ქვეყნის იმიჯი. იმავე აზრზეა დავით ჯანდიერიც:

 

“ევროსაბჭო მისი ინსტიტუტების ძალიან მყარად დაკავშირებული სისტემაა, ამიტომაა, რომ რეზოლუციაში გამოთქმული შეფასებები შესაბამის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დღის წესრიგში ხვდება, იქნება ეს ურთიერთობები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ადამიანის უფლებათა კომისართან თუ მინისტრთა კომიტეტთან. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს შესასრულებლად მკაფიოდ განსაზღვრული იურიდიული ხაისათი, ყურადღება უნდა მიექცეს იქიდან გამომდინარე, რომ ის არის, ასე ვთქვათ, ევროპული პოზიცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფოსთან მიმართებაში დიპლომატიური მოლაპარაკებებისას და ასე შემდეგ’, – ამბობს ჯანდიერი და დასძენს, რომ იმიჯი, რომელსაც რეკომენდაციების შესრულება/შეუსრულებლობის თემაც განსაზღვრავს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული ინტეგრაცია პრიორიტეტულია.

 

ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, საერთოდ რომ არ იდგეს დღის წესრიგში ევროპული თუ ევროატალნტიკური ინტეგრაცია, წინასწარი დაკავებების პრაქტიკის სტანდარტის ამაღლება მაინც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმულია ისეთი მაღალი ცნობადობის საქმეებზე, როგორიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, თუმცა სხვა ადამიანებიც არსებობენ საქართველოში, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან:

 

“ჩვენ წინასწარი პატიმორბის შაბლონურად გამოყენების ზოგადი პრობლემა გვაქვს და ამაში ბევრი სხვა რიგითი ადამიანიც უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და ამ სტანდარტით იქ არ უნდა ისხდნენ. ყველა ამ საქმეს არ აქვს მერაბიშვილის მსგავსი რეზონანსი, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენი  მოქალაქეები არიან და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს. აქ მხოლოდ მერაბიშვილსა და უგულავაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ თუკი მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს, განაჩენს თავისუფლებაში დაელოდონ”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

 

მართლმსაჯულების საკითხი ევროსაბჭოს შემდეგ უკვე დაისვა ევროკავშირის სივრცეშიც. ბრიუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხზეც ისაუბრა:

“საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან, რათა ბოლომდე ამოვწუროთ, თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენ მიმართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს”, – თქვა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი