მკვლელობების სტატისტიკა 2016 წელს [ინფოგრაფიკა]

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ–სექტემბერში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ 138 დანაშაული გამოვლინდა, საიდანაც 67 განზრახ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობაა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ოქტომბერ–ნოემბერში კიდევ 11 მკვლელობა მოხდა, თუმცა უცნობია, რამდენი საქმე გახსნა შშს–მ.

საქსტატის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსის, გიორგი კალაკაშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა საგამოძიებო უწყებას სთხოვს, რომ ყოველთვიური ანგარიში გაუგზავნოს, თუმცა შსს მათ მხოლოდ კვარტალურ მონაცემებს უგზავნის. ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით და ველოდებით პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ უგზავნის საქსტატს ყოველთვიურად დეტალურ ინფორმაციას სსსკ–ს საქმეებზე და რატომ არ ქვეყნდება მათ ვებ–გვერდზე აღნიშნული სტატისტიკა.

ნეტგაზეთმა სცადა, რომ მოეძიებინა ოქტომბერსა და ნოემბერში გახმაურებული მკვლელობების ფაქტები, რომელთა ნაწილიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე არ იძებნება:

10 ოქტომბერი, თბილისი – ვარკეთილში ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი მამაკაცი ჩაცხრილეს; 35 წლის მამაკაცი სამი ცეცხლნასროლი ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაიჭრა. თვითმხილველები რუსთავი 2–ის რეპორტიორთან პირადი საუბრისას აცხადებენ, რომ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, რომლებთანაც ძმებს წარსულში დაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხეულის დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლებით დაიწყო.

16 ოქტომბერი, თბილისი – ღოღობერიძის ქუჩაზე გვიან ღამით 67 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 56 წლის ბრალდებულმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადგაზე ჩაიდინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა.

16 ოქტომბერი, თბილისი – ტრანსგენდერი ქალს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, იგი კომაში იმყოფებოდა. დაშავებული 23 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს–ს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

23 ოქტომბერი, თბილისი – სამხედრო-სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 23 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის ასეულის სამხედრო მოსამსახურემ დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე 3 უცხო პირი შენიშნა, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის მიუხედავად, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. ახალგაზრდა მამაკაცის გვამი სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს. მოკლულის ოჯახის წევრების მთავარი პრეტენზია გასროლის შემდეგ სწრაფ რეაგირებას უკავშირდებოდა. გარდაცვლილის მამა ამბობდა, რომ მისი შვილი, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა, სროლის შემდეგ 3 საათის განმავლობაში სისხლისგან დაიცალა, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ  განაცხადა, რომ სამინისტროსგან მიიღო კითხვებზე პასუხები. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

4 ნოემბერი, თბილისი – დამამძიმებელ გარემოებებში  ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 76 წლის ქალის დანაწევრებული და დამწვარი გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე იპოვეს. პროკურორის მტკიცებით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მოკლულის ორგანოები შეჭამა. გამოძიებამ ამ საქმეს “რიტუალური მკვლელობა” უწოდა, ხოლო სასამართლომ ხუთივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

5 ნოემბერი, ქუთაისი – ვასილ კიკვიძის ძეგლთან 45 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილი ლომბარდში მუშაობდა, ხოლო ნიღბიანი პირი მას მაშინ დაესხა თავს, როდესაც უკვე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

8 ნოემბერი, შიდა ქართლი – გორის რაიონის სოფელ რეხაში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. რუსთავი 2–ის ინფორმაციით, გარდაცვლილს სანადირო თოფიდან 3 ტყვია აქვს ნასროლი, რომელთაგანაც სასიკვდილო ბოლო ტყვია აღმოჩდა. გამოძიების ცნობით, დაკავებულია მოკლულის 27 წლის მეზობელი. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა, ხოლო მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა მიმალვა სცადა.

11 ნოემბერი, რუსთავი – მდინარე მტკვარმა 21 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მეთევზეების ინფორმაციით, ახალგაზრდას ხელ–ფეხი შეკრული ჰქონდა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაიწყო. მოგვიანებით კი, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა და დაადგინა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ახლგაზრდა მამაკაცს ჯერ თავის არეში მიაყენა ბლაგვი საგნით დაზიანებები, ხოლო შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მტკვარში ჩააგდო და მიიმალა. მოგვიანებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში მხოლოდ 2 პირი არ მონაწილეობდა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

19 ნოემბერი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში 35 წლის მამაკაცმა მშობლებს ნაჯახით თავები მოკვეთა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი სახლის უკან ტყის მასივში თავის ჩამოხრჩობა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და საავადმყოფოში გადაიყვანა. 

23 ნოემბერი, თბილისი – საბურთალოზე 40 წლის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რამდენიმე კვირის წინ ურთიერთშელაპარაკებისას გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა და მთელი ეს პერიოდი გვამს იქ მალავდა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.