ახალი ამბები

კრწანისში მოკლულის მამის თქმით, მის შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია

24 ოქტომბერი, 2016 •
კრწანისში მოკლულის მამის თქმით, მის შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია

თბილისში, სამხედრო-სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია.

“გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. ჩემს შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია, ყაჩაღი არასოდეს ყოფილა, ნასამართლევი არ არის და არაფერი. მეგობრის სანახავად თუ მივიდნენ სადღაც, ეს არ ვიცი, მაგრამ გაარკვევს, ალბათ, გამოძიება,” – ამბობს რომან შენგელია.

მისივე განცხადებით, გიგასთან ერთად, სავარაუდოდ, არ იმყოფებოდა ძმა, გიორგი შენგელია, რომელიც 2016 სექტემბრამდე კრწანისის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა:

“ამასთან ერთად იყო თბილისში, მაგრამ იმ დროს გიგასთან  არ იქნებოდა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს, სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლიდან რომ დაიცალა ბიჭი და მერე ნახეს. მანამდე სად იყვნენ? ხომ ატყდა სროლა, განგაში ხომ უნდა ყოფილიყო ნაწილში? თუ შემოგივარდა ვიღაც, ხომ უნდა მოძებნო? უკან, წელის არეში მოხვდა ტყვია. გაქცევაზეა კაცი და ტყვიას რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო? მირბის, წინააღმდეგობას კი არ გიწევს”.

მოკლულის ბიძაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გარდაცვლილი და მასთან მყოფი პირები თბილისში ახლობლების სანახავად იყვნენ წასული:

“ბიჭები ახლობლების სანახავად იყვნენ წასული და მაგის გულისთვის თორემ… ახლა შეჭრით, არა მგონია. ჩემი პირადი აზრი ისაა, რომ არანაირი დონის ადამიანი არ იზამდა ეგეთ რამეს, მით უმეტეს, სახელმწიფო დონის ბაზაზე შეჭრა და რაღაც.”

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

“რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.”

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი