ახალი ამბები

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

24 ოქტომბერი, 2016 • 2783
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ნეტგაზეთს “ნიუ ჰოსპიტალში” აცნობეს, რომ 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა- მძიმე.

კერძოდ, როგორც “ნიუ ჰოსპიტალის” პრესსამსახურში აცხადებენ, იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ პერიოდში უფრო მეტად არ დამძიმებულა.

19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, დაახლოებით ორი წელია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” (WISG) ბენეფიციარია. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებაში, სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი