ახალი ამბებისამართალი

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

6 ნოემბერი, 2016 • 2763
ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელი სხდომა დახურული იყო, რადგან ბრალდებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დეკემბერს გაიმართება.

ადვოკატი ნიკა სადრაძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის მკვლელობაში ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს.

როგორც სადრაძე ამბობს, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხრიდან არც მიმალვის და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ჩადენილ დანაშაულს ამტკიცებს. მისი თქმით, კანონიერი მიყურადების შედეგად, მოხდა ბრალდებულთა “ფეისბუკის” ანგარიშების დათვალიერება, საიდანაც ამოღებულია “რიტუალური მკვლელობების” ამსახველი მასალა.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულთა მიერ მიცემული ჩვენებები მიუთითებს, რომ ეს მკვლელობა “გარკვეული რიტუალის” ჩატარების მიზნით ჩაიდინეს. მისი თქმით, ბრალდებულთაგან ერთ–ერთმა მოკლულის გარკვეული ორგანოების შეჭამა, რაც მან საკუთარ ჩვენებაშიც აღნიშნა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ადამიანი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ორი ადამიანი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. შსს–ში აცხადებენ, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა.”

შსს–ს განცხადებით, ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გარდაცვლილის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დედა-შვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. შსს–ის მტკიცებით, ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

გამოძიების ვერსიით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს.

შსს–ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა. უწყების ინფორმაციით, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

სამინისტროს ცნობით, საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, რომელიც არასრულწლოვანია, დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი