ახალი ამბები

კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა ამბობს, რომ მის 3 კითხვაზე სამინისტროსაგან პასუხი მიიღო

26 ოქტომბერი, 2016 • 2046
კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა ამბობს, რომ მის 3 კითხვაზე სამინისტროსაგან პასუხი მიიღო

კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრში მოკლული გიგა შენგელიას მამა ამბობს, რომ თავდაცვის უწყებისაგან მის მიერ დასმულ სამ შეკითხვაზე პასუხი მიიღო, ახლა კი ელოდება, როგორ ჩატარდება გამოძიება. ამის შესახებ რომან შენგელიამ კრწანისის სამხედრო ბაზის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

შენგელიას თქმით, მართალია, გვამი ბაზის ტერიტორიის გარეთ იპოვეს, თუმცა სროლა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელდა. კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა მას და რა პასუხები მიიღო, შენგელია ამი შესახებ საუბარს თავს არიდებს:

“გვამი ბაზის გარეთ იყო ნაპოვნი, მაგრამ შემთხვევა შიგნით მოხდა. [გასროლა ბაზის შიგნით მოხდა?] აბა, სხვანაირად… მე დავათვალიერე ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა. მე რა კითხვებიც მქონდა, იმაზე პასუხი მივიღე. [კონკრეტულად რა კითხვაზე?] ამაზე თავს შევიკავებ. გამოძიებას დაველოდოთ და… მე სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე პასუხი მქონდა მიღებული. ზურგიდან არის ნასროლი, ეს ფაქტია, მაგრამ ზურგიდან იქნებოდა, მირბოდა შიგნით ტერიტორიიდან”, – ამბობს შენგელია.

რაც შეეხება ცეცხლმაქრისა და გაზის პისტოლეტის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომან შენგელია ამბობს:

“[ცეცხლმაქრი]  თან არ ჰქონია მაგას, იქ ეყარა, ახლაც იქ ყრია ბევრი რაღაც. მე ვნახე სურათი: ის პისტოლეტი არ არის, ის გაზოვია რაღაც, სათამაშო იმით… უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, – აცხადებს შენგელია.

მისი თქმით, გიგა შენგელიას თანმხლები პირები მას მოუყვნენ, რომ ბაზაზე ღამის საათებში მეგობრის სანახავად შევიდნენ. კითხვას, რა უთხრეს დღეს  სამინისტროს წარმომადგენლებმა, იგი პასუხობს, “ალბათ რაღაც უნდა მოეპარათ ან მეგობართან, არ ვიცი”.

ის ასევე ამბობს, რომ მომხდარიდან მეორე დღეს მისმა მეორე შვილმა, გიორგიმ დაურეკა და უთხრა, რომ პირადად ბაზაზე არ ყოფილა, ხოლო დანარჩენს გამოძიება გაარკვევს. რატომ იმალება მისი მეორე შვილი, თუ ის ბაზაზე არ ყოფილა? ამ კითხვაზე რომან შენგელია ასე პასუხობს:

“რატომ არის მიმალვაზე და ჯერ ერთი, ჩემი ეშინია და იმიტომ… ეშინია, ბავშვია, 20 წლის არის”, – ამბობს რომან შენგელია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე სადღეღამისო განაწესში იმყოფებოდა. დაახლოებით 03:30 საათზე დასაცავ ტერიტორიაზე მან შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ. ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

“გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა „SAMSUNG“-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74“ მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო – სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა”.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი