სამართალი

სახიფათო სანქცია, რომელიც რევოლუციის შემდეგ პირველად ამოქმედდა

9 აგვისტო, 2012 • 2290
სახიფათო სანქცია, რომელიც რევოლუციის შემდეგ პირველად ამოქმედდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ალია ჰოლდინგი” 50 ათასი ლარით დააჯარიმა ერთი წლის წინ გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც მსახიობ ოთარ კობერიძეს წარსულში (1970-იან წლებში) არასრულწლოვნების გარყვნასა და პედოფილიაში ადანაშაულებდა.

ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 9 მარტს “ალიას” გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უპირატესი დაცვის მოტივაციით.

რატომ შეცვალა ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება და შესაძლოა თუ არა ამ გადაწყვეტილებით საფრთხე დაემუქროს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიას? – ამ საკითხზე მედიასამართლის სპეციალისტებს დასკვნის გაკეთება უჭირთ მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სრულად არ გამოაქვეყნებს. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სამოტივაციო ნაწილი, ერთი თვის ვადაში უნდა ჩაბარდეს მხარეებს.

ილიას უნივერსიტეტის მედიასამართლის ლექტორი თეა თუთბერიძე, ამავდროულად, “თავისუფლების ინსტიტუტს” წარმოადგენს, რომელიც 2004 წელს დამტკიცებულ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონზე მუშაობდა.

აღნიშნული კანონით მოხდა დეფამაციის (ცილისწამების) დეკრიმინალიზაცია, ცილისწამებასთან დაკავშირებული დავის დროს მტკიცების ტვირთის დაკისრება მოსარჩელისთვის, ასევე, აზრისა და შეფასებითი მსჯელობის აბსოლუტური პრივილეგიით დაცვა.

“როცა მე სახელმწიფო მოხელეზე ვფიქრობ, რომ ის არის კორუმპირებული, მე ვერავინ მომთხოვს, რომ ეს დავამტკიცო, რადგან ეს არის ჩემი მოსაზრება მისი საქმიანობის შესახებ. ის მე ვერ მომიგებს სასამართლო დავას და ვერც უნდა მომიგოს. თუმცა, როცა საქმე ეხება პედოფილიაში დადანაშაულებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს როგორ, რა ფორმით იყო დაწერილი,”- ამბობს თეა თუთბერიძე.

მისივე თქმით, “ალიაში” გამოქვეყნებული მასალებით ოთარ კობერიძეს ედება ძალიან მძიმე ბრალდება და მიუხედავად იმისა, რომ პირს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე დაცული უნდა იყოს სხვისი პატივი და ღირსება.

“ძალიან რთულია ამ ორ უფლებას შორის ზღვარის გავლება და სტანდარტის დაცვა, მაგრამ თუ ჟურნალისტი ხედავს, რომ რესპონდენტის მონათხრობი არის ცილისმწამებლური, ამ შემთხვევაში, მან თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ინტერვიუს გაშვებისგან,” – ამბობს თეა თუთბერიძე.

მედიასამართლის სპეციალისტი ლიკა საჯაია ევროპულ კანონმდებლობას იშველიებს და აცხადებს, რომ “ალიასა” და ოთარ კობერიძის შემთხვევაში პატივისა და ღირსების შელახვა სახეზეა:

“ევროპულ კანონმდებლობაში, მაგალითად, გერმანულში, თუკი გარკვეული ამორალური სიტყვებით მოგმართეს, არც კი ხარ ვალდებული, ამტკიცო, რომ ამით შენი პატივი და ღირსება შეილახა. მაგალითად, იქ რომ გიწოდოს ვინმემ სიტყვა “ზარმაცი”, ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა და ასეთი სიტყვების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. პედოფილია არა მხოლოდ ამორალურია, ეს არის საკმაოდ მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, მტკიცებაც არ არის საჭირო, რომ შეილახა პატივი და ღირსება, იმდენად ცხადია ყველაფერი. თუ ამ გაზეთმა მხოლოდ ერთი მხარის კომენტარები გამოაქვეყნა და მეორე მხარეს არ მისცა საშუალება, თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მას ამის უფლება არ ჰქონდა. როცა ასეთ მძიმე, ცილისმწამებლურ განცხადებებს ეხება საქმე, მაშინ მან უნდა შეიკავოს თავი ამის დაუსაბუთებლად  ტირაჟირებისგან”, – მიიჩნევს იურისტი ლიკა საჯაია.

მედიასამართლის სპეციალისტების თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, აუცილებელია, რომ დაცული იყოს პირის პატივი და ღირსება, თუმცა შესაბამისი დავის საფუძველზე მედიაორგანიზაციისთვის დაკისრებული ჯარიმა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ამ მედიაორგანიზაციის არსებობას.

თეა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ალიას მორალური კომპენსაციისთვის არაადეკვატურად მაღალი თანხა დააკისრა. მისი თქმით, სასასამართლო გადაწყვეტილების მიზანი არ უნდა იყოს ამ მედიასაშუალების დაღუპვა და ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დაყნება. თუთბერიძე მიიჩნევს, რომ “ალიამ” ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გააგრძელოს სამართლებრივი დავა:

“ქართულ მედიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს თანხა არაადეკვატურად მაღალია, რადგან ბეჭდურ მედიაში შემოსავლები მცირეა და მსგავსი ჯარიმა ნებისმიერ ბეჭდურ გამოცემას დააყენებდა დახურვის საფრთხის წინაშე”.

ლიკა საჯაიას თქმით, სასამართლოს ჯარიმის დაკისრებისას უნდა გაეთვალისწინებინა “ალიას” ქონებრივი მდგომარეობა:

“ეს ჯარიმა უნდა ეფუძნებოდეს გაზეთის ტირაჟს, შემოსავლებს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გაზეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანია, არა მგონია, რომ ეს იყოს დიდი თანხა. თუმცა, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ჯარიმა არაადეკვატურია, მიმართონ ზემდგომ ინსტანციას”.

გაზეთ “ალიას” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯარიმის სახით დაკისრებული 50 ათასი ლარი რედაქციას დახურვის საფრთხის წინაშე დააყენებს, ამიტომ ისინი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი