ხელოვნება

გოგი გვახარიას წიგნის პრეზენტაცია [ფოტო/ვიდეო]

19 ივლისი, 2013 • 2525
გოგი გვახარიას წიგნის პრეზენტაცია [ფოტო/ვიდეო]

 

პრეზენტაციის მოდერატორები მწერალი ლაშა ბუღაძე და ფილოლოგი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი იყვნენ. გოგი გვახარიას წიგნი “ცრემლიანი სათვალე” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 1 500-იანი ტირაჟით გამოსცა. წიგნი უკვე ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება.

 

პრეზენტაცია მწერალთა სახლის ეზოში შედგა. ავტორმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. წიგნში “ცრემლიანი სათვალე”, გოგი გვახარიას  წერილებია შესული, რომლებიც ჟურნალში “ცხელი შოკოლადი” იბეჭდებოდა. წიგნში თავმოყრილი სტატიები ცალკე თავებადაა დაყოფილი, რომელიც თითოეულ წელს ეხება. ავტობიოგრაფიულ წიგნში 1972–2004 წლებია ასახული. 

 

“ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, „პირად ისტორიაზე”, ე. ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

 

ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და “ოტტეპელის” დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და “პერე­სტროიკის” ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.

 

კინოს მოყვარულები ცნობილი “ვუაიერისტები” რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!”– წერია წიგნის ანოტაციაში

 

გოგი გვახარიას თქმით, წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილებაში ბაკურ სულაკაურმა დიდი წვლილი შეიტანა. მას თავდაპირველად არ ჰქონდა გადაწყვეტილი წერილების ერთ წიგნად შეკვრა. 400- გვერდიანი წიგნის გარეკანი, ავტორის თქმით, სპეციალურად არმენოფობიის საწინააღმდეგოდ,  სომხეთის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი