აფიშაახალი ამბებიხელოვნება

წიგნის „ალბათ ესთერი” წარდგენა ლიტერატურის მუზეუმში

14 ნოემბერი, 2022 • 2120
წიგნის „ალბათ ესთერი” წარდგენა ლიტერატურის მუზეუმში

16 ნოემბერს, 19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება კატია პეტროვსკაიას რომანის „ალბათ ესთერი” წარდგენა.

ტექსტის ავტორ კატია პეტროვსკაიასთან ერთად წიგნს წარადგენენ – მთარგმნელი მაია ბადრიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

უკრაინული წარმოშობის გერმანულენოვანი ავტორის, კატია პეტროვსკაიას რომანი – „ალბათ ესთერი” არის ავტობიოგრაფიისა და მხატვრული ლიტერატურის ზღვარზე მყოფი ტექსტი. მიუხედავად ნაწარმოების დოკუმენტური ხასიათისა, ავტორი ქმნის თვითმყოფად, პოეტურ ენას, რომელიც აქცევს მას მხატვრულ ლიტერატურად.  ოჯახური მეხსიერების მატარებელი კატია პეტროვსკაია ცდილობს არ დაკარგოს და შეინარჩუნოს წაშლის პირას მყოფი ოჯახური მეხსიერება. ამ მიზნით იგი წერს ტექსტს, რომელიც  თანადროულად არის კვლევა და თვითგამორკვევა, წარსულის შემეცნება და ოჯახური მეხსიერების აღდგენა/შენარჩუნება. წინაპართა ნაკვალევზე მავალი კატია აღადგენს მოვლენა-მოგონებებს, უღრმავდება მათ და ქმნის თხრობის მოდუსს, რომელიც  ერთდროულად რეფლექსიაა როგორც საკუთარ, ისე ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენებსა და წარსულზე.  ამის მარტივი და ცხადი დასტურია „ალბათ ესთერის” ოცამდე ენაზე განხორციელებული თარგმანი, რომელსაც წელს შეემატა მაია ბადრიძის ქართული თარგმანიც.

წიგნის წარდგენაზე დასწრება თავისუფალია.

ლიტერატურის მუზეუმი მდებარეობს გია ჭანტურიას 8 ნომერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი