ახალი ამბები

2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი წიგნები საქართველოში

30 დეკემბერი, 2021 • 9138
2021 წლის ყველაზე მოთხოვნადი წიგნები საქართველოში

2021 წლის დასასრულს გთავაზობთ 6 ქართული გამომცემლობის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიას.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის” ქართული ლიტერატურიდან ყველაზე მოთხოვნადი წიგნი 2021 წელს “შაშვი შაშვი მაყვალი” იყო.  წიგნი შუახნის, მარტოხელა ქალზე მოგვითხრობს, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და საკუთარ მაღაზიაში მუშაობს. მის დალაგებულ ცხოვრებას მოულოდნელი ინციდენტი შეცვლის, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.

“სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა”, – ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.

რაც შეეხება მსოფლიო ლიტერატურას, “სულაკაურის გამომცემლობის” ყველაზე პოპულარული წიგნი მიმდინარე წელს “თამაში რიოში მარგალიტებით” იყო. ნობელიანტი მწერლის, ჰერმან ჰესეს რომანი მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და მორალურ კრიზისზე მოგვითხრობს.

ხოლო საბავშვო ლიტერატურაში (სასკოლო ასაკისთვის) ყველაზე გაყიდვადი წიგნი “ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე” გახდა. სინოფსისის თანახმად, წიგნში მოთხრობილია სკოლის მოსწავლის, აჰმეტის ისტორია, რომელიც არავის ელაპარაკება და არც იღიმის. მოგვიანებით თანაკლასებელი შეიტყობენ რომ ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გაექცა.

“ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ, და მსოფლიოში უდიადესი გეგმის განხორციელებას იწყებენ… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ”, – ვკითხულობთ აღწერაში.

გამომცემლობა “დიოგენეს” წლის ბესტსელერი რობერტ მუზილის რომანი “ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა” გახდა. სინოფსისის თანახმად, წიგნი მოგვითხრობს ინეტრანტში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერსელის შესახებ, რომელსაც ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. ტერსელი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ მისთვის აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს.

საყმაწვილო ლიტერატურიდან კი “დიოგენეს” ყველაზე პოპულარული წიგნი 2021 წელს “გრძელფეხება მამილო” გახდა, რომელიც უცნობი ქველმოქმედის მიერ კოლეჯში გაგზავნილი ობოლი გოგონას შესახებ მოგვითხრობს.

“პალიტრა L”-ის გამომცემლობისთვის ქართველი ავტორების ყველაზე გაყიდვადი წიგნი მიმდინარე წელს თინათინ ბერიძის “მოპარული სიყვარულია”. ანოტაციის თანახმად, რომანში მოთხრობილია წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული, პატარა, მყუდრო კაფის გარშემო განვითარებული სიყვარულის ამბავი. წიგნის

რაც შეეხება მსოფლიო ლიტერატურას, “პალიტრა L”-ის წლის ბესტსელერი ჰაიმ ჯ. ნიტონის “მშობელსა და შვილს შორისაა”. წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი მშობლებისთვის, სადაც ვხვდებით რჩევებსა და მაგალითებს, თუ როგორ უნდა დაამყარონ მშობლებმა შვილებთან სწორი კომუნიკაცია.

საბავშვო ლიტერატურაში კი გამომცემლობის წლის ყველაზე მოთხოვნადი წიგნი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცია”, რომელიც ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაცეიბითაა გაფორმებული.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”-ს ბესტსელერი არის გერტრუდ სტაინის “სამი სიცოცხლე”. წიგნში მოთხრობილია მშრომელთა კლასის წარმომადგენელი სამი ქალის ცხოვრება. ეს არის ამ ავტორის პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. გამომცემლობამ ის “უკვდავი ბიბლიოთეკის” სერიის ფარგლებში გამოსცა.

რაც შეეხება საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურაში გამომცემლობის წლის ბესტსელერია “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”. რომანი მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელი და ებრაელი ბავშვების მეგობრობის შესახებაა. ეს ისტორია კი შელამაზების გარეშე, ბავშვის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი.

გამომცემლობა “არტანუჯის” წლის ბესტსელერი ქართველ ავტორებს შორის გელა ჩარკვიანის წიგნი არის “English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”. ავტორი მოგვითხრობს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ შეისწავლა ინგლისური.

“ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. გელა ჩარკვიანი შთამბეჭდავად აღწერს თავისი მიზნისკენ სვლას – მარცხითა და შელახული თავმოყვარეობით აღძრულ დაუოკებელ სურვილს, რომ შეემეცნებინა ენის სული და ის კულტურული კონტექსტი, რასაც ეფუძნება ინგლისური ენა; ჯერ თვითონ შეესწავლა, შემდეგ კი თავისი უნიკალური მეთოდით სხვებისთვისაც ესწავლებინა ათეული წლების განმავლობაში”, – ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.

მსოფლიო ლიტერატურიდან კი “არტანუჯის” გამომცემლობის ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო “აშტაკავრა გიტა”.

“აშტავაკრა გიტა“ დიალოგია ორ ადამიანს – რაჯა ჯანაკასა და მის მასწავლებელს, 12 წლის აშტავაკრას შორის. „აშტა“ სანსკრიტზე ნიშნავს რვას,ხოლო „ვაკრა“ – დაგრეხილს. ლეგენდის თანახმად,აშტავაკრა იყო ხეიბარი – კიდურები 8 ადგილას ჰქონდა გამრუდებული. ეს არის მსოფლმხედველობა,რომელიც ერთდროულადაც უცხოცაა და ნაცნობიც. ეს არის საუბარი,რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს. ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს. ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ. ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი”, – ნათქვამია აღწერაში.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, გამომცემლობის ყველაზე მოთხოვნადი წიგნი იყო “ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო”.

გამომცემლობა “ინტელექტის” შემთხვევაში კი ქართული ლიტერატურიდან ყველაზე გაყიდვადი წიგნი გაბრიელ ტანიეს “ანგელოზთა საკითხავი” იყო:

“ანგელოზთა საკითხავი“ რწმენის, სამართლიანობისა და უსამართლობის, ძალაუფლების იარაღად ქცეული რელიგიის, მარგინალიზებული ადამიანების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისა და თავად ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების უმტკივნეულესი და ძალიან მგრძნობიარე თემების კალეიდოსკოპია”.

თარგმნილ ტექსტებს შორის ყველაზე პოპულარული გასულ წელს “ინტელექტისთვის” ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” გახდა. წიგნში აღწერილია 1900-იანი წლების საქართველო, როდესაც შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილი, სტასია იბადება. რომანი ოჯახური საგაა, რომელიც ექვსი თაობის ისტორიას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალიან ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს. სტასიას მეუღლეს ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს პეტროგრადში გზავნიან. სტასია ორ შვილთან ერთად თბილისში თავის დასთან, ქრისტინესთან შეაფარებს თავს, ამ დროს კი საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიას მოეწონება, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება…

რაც შეეხება საბაშვო/მოზარდების ლიტერატურას, გამომცემლობის ბესტსელერი ამ სერიაში ტორესა მოსის “ორდროშობანა” გახდა:

“რა მოხდება თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი?”.

მასალების გადაბეჭდვის წესი