ნიკა მაჩაიძის მუსიკით გაცოცხლებული მუნჯი ფილმი – კონსერვატორიაში “ელისო” უჩვენეს

5 ოქტომბერს თბილისის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ შენგელაიას კინოკლასიკად ქცეული ქართული ფილმის, “ელისოს” ჩვენება შედგა. რასაც ამჯერად ფილმს გამოარჩევდა, ეს ამ საღამოსათვის სპეციალურად შექმნილი ცოცხალი მუსიკა იყო. მუნჯი ფილმისათვის კომპოზიციები კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ დაწერა.

როგორც ნიკა მაჩაიძე ამბობს, მუსიკას ფილმისათვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ქმნიდა და მუნჯი ფილმისათვის მუსიკის წერის პროცესი განსხვავებული პროცესი აღმოჩნდა:

“ასეთი გამოცდილება აქამდე არ მქონია, იმის მიუხედავად, რომ ფილმისათვის მუსიკა აქამდეც დამიწერია. საფორტეპიანო მუსიკა მუნჯი ფილმისათვის და თან ამ მოცულობით, არასდროს გამიკეთებია. ელექტრონული მუსიკის კეთება 1990-იანი წლების ბოლოს დავიწყე და 2000-იანების დასაწყისში ცოტ-ცოტა საფორტეპიანო მუსიკასაც ვწერდი, მაგრამ ასეთი ფორმით პირველი მცდელობა იყო,” – ამბობს მუსიკოსი.

საღამო არტარეას ორგანიზებით მოეწყო. მუსიკა მაჩაიძესთან ერთად შვეიცარიელმა პიანისტმა დომინიკ ბლუმმა და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა თამრიკო კორძაიამ შეასრულეს.

ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით, მუნჯი ფილმი “ელისო” ნიკოლოზ შენგელაიამ 1926 წელს გადაიღო. ფილმი ელდარ შენგელაიამ 1965 წელს აღადგინა და, როგორც ამბობს, ფილმის პირვანდელი მუსიკალური გაფორმება არ მოსწონდა. შემდეგ კი, კომპოზიტორ გია ყანჩელის რჩევით, კინოსათვის ახალი მუსიკის დაწერა ნიკა მაჩაიძეს მიანდო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი