ახალი ამბები

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს

30 ოქტომბერი, 2023 • 1218
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს.  ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს კონსერვატორიაში დაუდასტურეს.

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული – გიორგი შავერზაშვილი და მაია ვირსალაძე.

გიორგი შავერზაშვილი კონსერვატორიის საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია.

მან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენისას კონსერვატორიის განვითარების 13-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავს, კანონით განსაზღვრულ ვადაში შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წარმატებით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.

გიორგი შავერზაშვილის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, უპირველესად საჭიროა ყველა პირობის შექმნა სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის; შემოქმედებითი და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა, როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განხილვა და წარმართვა უწყვეტი სასწავლო და სამეცნიერო პროცესის უზრუნველსაყოფად.

თავის გეგმაში ის საუბრობს კულტურის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციის გაზრდის შესახებაც.

„საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან“, – ვკითხულობთ გიორგი შავერზაშვილის მიერ წარდგენილ გეგმაში.


კონსერვატორიის რექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ თანამდებობაზე ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება ამოეწურა.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტმებრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. თუმცა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო  აცხადებდა, რომ არჩევნები კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობდა და კულტურის მინისტრს ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

კონსერვატორიის რექტორის არჩევნების შეჩერებას წინ უძღოდა 20 სექტემბერს პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება. პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

წულუკიანის ამ განცხაბამდე რამდენიმე თვით ადრე კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი