ხელოვნება

სტალინიზმის მუზეუმი სტალინის მუზეუმის ნაცვლად

9 აპრილი, 2012 • 2033
სტალინიზმის მუზეუმი სტალინის მუზეუმის ნაცვლად

ნანა ჩუტკერაშვილი 32 წელია გორში, სტალინის სახლ–მუზეუმში მუშაობს. ყოველდღიურად უამრავ დამთვალიერებელს ხვდება და სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამბობს, მაგრამ ხვალიდან მისი ლექციის შინაარსი მთლიანად შეიცვლება. სტალინის მუზეუმს უკვე სტალინიზმის მუზეუმი ეწოდება, ამიტომ ექსკურსიამძღოლმა უკვე ეპოქის შესახებ უნდა ისაუბროს:  

„დრო როგორიც იყო და რა ლექციასაც გვაძლევდნენ, ჩვენც ისე ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ვიცით სტალინის შესახებ, ამიტომ რა კუთხითაც არ უნდა შეიცვალოს მუზეუმის ექსპოზიცია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაც ახლა უკვე რეალობა და სიმართლეა“.

ექსკურსიამძღოლები ფიქრობენ, რომ ახალ რეალობაზე გადასვლას უპრობლემოდ შეძლებენ. ახალი რეალობა კი სტალინის მუზეუმში დღეს დადგა.   

„არ შეიძლება მუზეუმმა გააგრძელოს არსებობა იმ სახით, როგორიც აქამდე იყო იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, არის საბჭოთა პროპაგანდის ერთ–ერთი დრომოჭმული, დაძველებული და სამარცხვინო, დაბლაგვებული იარაღი, რომელიც გვაქვს, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სტალინის მუზეუმი გადაკეთდეს სტალინიზმის მუზეუმად,“ – ეს განცხადება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დღეს გორში, სტალინის მუზეუმში გააკეთა.   

სამინისტროს, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების და და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მკვლევართა მხარდაჭერით, სტალინის სახელობის მუზეუმი გარდაიქმნება სტალინიზმის მუზეუმად. მუზეუმის დაარსებიდან დღემდე, ცვალებადი ექსპოზიციების მიუხედავად, არასდროს იცვლებოდა მიზანი – ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმის დანაშაულის გამართლება. დღეიდან სახელთან ერთად მუზეუმის შინაარსი და ექსპოზიციაც შეიცვლება. პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტოტალიტარიზმის მკვლევარები, ისტორიკოსები.    

რურუას განცხადებას ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვა ითხოვა, თუმცა მას რურუასთან დალაპარაკების საშუალება არ მიეცა:   

„პირველ რიგში, იმის თქმას ვაპირებდი, რომ სტალინი არ არის ცალმხრივი პიროვნება, ეს არის ძალიან, ძალიან ფართო მცნება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი. ამიტომ 30 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება მხოლოდ ის ვთქვათ, რაც გაფუჭდა და ნამდვილად გაფუჭდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაც გაკეთდა, იმის შესახებ ხომ უნდა ვთქვათ რაღაცა.“

კომუნისტები ითხოვენ, რომ ხელუხლებელი დარჩეს ფაშიზმზე გამარჯვების კუთხე.  

პირველი, რაც მუზეუმის შინაარსის შეცვლასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ გააკეთა, გორში ჩამოიტანა სამი ბანერი, სადაც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ არის მოთხრობილი. მუზეუმში ჩამოსულმა სტუმრებმა, საელჩოების წარმომადგენლებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა ექსპოზიცია  დაათვალიერეს და მისი შეცვლის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.    

მუზეუმის დირექტორი ლია ოქროპირიძე ამბობს, რომ ყველა ექსპონატი შენარჩუნდება და მუზეუმი ახალი მასალებით შეივსება. მისი აზრით, სტალინიზმის ეპოქა მუზეუმში სრულად არ არის წარმოდგენილი და მნახველს იმ პერიოდზე წარმოდგენას ვერ უქმნის. მისი თქმით, განახლებული მუზეუმი უამრავ დამთვალიერებელს უკვე ახალი ექსპოზიციით მიიზიდავს, რაც შემოსავლებსაც გაზრდის.  

მუზეუმი მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმის გაგრძელება, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი– ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ იდეის და მოსაზრებების, რომელთა განხორციელება უნდა მოხდეს სტალინიზმის მუზეუმში. ნანა ჩუტკერაშვილის ხვალინდელი სამუშაო დღე კი ღირებულებების გადაფასების შემდეგ სხვანაირად დაიწყება, ტრადიციული ლექციის ნაცვლად, ის  უფრო მეტს სტალინიზმის ეპოქის  სისხლიან ტერორზე ისაუბრებს. ნიკა რურუა ვერ ამბობს, დაიდგმება თუ არა მუზეუმის ეზოში  ცენტრალური მოედნიდან მოხსნილი ძეგლი. მუზეუმის სრული გარდაქმნა კი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი