ახალი ამბები

ოთხთვალა ეტლი, ჭურჭელი საგზლისთვის — რა აღმოაჩინეს ნიქოზში, 4 ათასი წლის სამარხში

31 აგვისტო, 2023 • 3479
ოთხთვალა ეტლი, ჭურჭელი საგზლისთვის — რა აღმოაჩინეს ნიქოზში, 4 ათასი წლის სამარხში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ.

შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული.

არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.

“ეს არის, პრაქტიკულად, უნიკალური შემთხვევა შიდა ქართლში. აქამდე ასეთი დაცულობის, ასეთი ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი არ არის შესწავლილი შიდა ქართლში… ორი ხარია ჩატანებული ოთხთვალა ეტლიანად. ეს არის დასაკრძალი ეტლი, რომლის დანიშნულებაც ტომის წარჩინებული წევრის საიქიოში მოგზაურობაა.

როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად არის გამზადებული ჭურჭლები, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. აქვე, გარდა ხარებისა, არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით. არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის [ნაშთები]. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რომლის. შეიძლება, მოზვერის…” — აღნიშნავს გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს.

მისივე ინფორმაციით, უშუალოდ მიცვალებული, სავარაუდოდ, სამარხის ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული.

“ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას მოგცემს ამათი აღდგენა. ამის აღდგენის გარეშე ძალიან ძნელია, რამეზე ვილაპარაკოთ…” — ამატებს ის.

აღმოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გაავრცელა და არქეოლოგებსაც ის ესაუბრა. მისი ცნობით, გათხრებს გორის უნივერსიტეტი ახორციელებს, პროექტის დამფინანსებელი კი გორის მერიაა.

გორის უნივერსიტეტის რექტორის თანახმად, ამავე ადგილას მანამდეც ჩატარდა გათხრები, რასაც ადგილობრივი მკვიდრის, ბადრი დევიძის მიერ თავის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილი არტეფაქტები დაედო საფუძვლად. სოსიაშვილის განცხადებით, გათხრების პირველი ეტაპის დროსაც იპოვეს შუა ბრინჯაოს პერიოდის სამარხი, “სადაც მიცვალებული იყო მოკუნტულ მდგომარეობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი