ეკონომიკა

“სხვა ხარჯები”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხერხემალი

15 ნოემბერი, 2010 • 3062
“სხვა ხარჯები”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხერხემალი

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 900 მილიონის ოდენობით არის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი პუნქტი – სახელწოდებით – “სხვა ხარჯები”.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. ბიუჯეტში კვლავ მაღალია ისეთი ტიპის ხარჯების წილი, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე დაკონკრეტებას არ ექვემდებარება. თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვამდე, საინტერესო იქნება მომდევნო წლის საბიუჯეტო ბალანსის მოკლე მიმოხილვა.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 500 მილიონ ლარზე მეტით, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 110 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ დეფიციტურად რჩება იმდენად, რამდენადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლები საგრძნობლად ჩამორჩება სახელმწიფო ხარჯებს. შესაბამისად, ბიუჯეტი ბალანსდება სხვა შემოსავლებისა და გრანტის სახით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რისი მნიშვნელოვანი წილი – 300 მილიონ ლარზე მეტი, დონორების მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე მოდის.

პოპულიზმის ეკონომიკურ მითოლოგიაში აქტუალურია თეზისი, რომლის თანახმად, რაც უფრო მაღალია სახელმწიფო ხარჯები, ეს მით უკეთესია ადამიანებისათვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დისკუსიების დროს ხშირად დაისმის რიტორიკული კითხვა: კარგია თუ არა დიდი ბიუჯეტი? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე მოკლე დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს, ერთი რამ ცხადია, რომ ქვეყნისათვის დიდი ბიუჯეტი, ძირითადად, ნიშნავს მაღალ გადასახადებს, რომლებიც ისევ იმავე ქვეყნის ბიზნეს სექტორს თუ თითოეულ მოქალაქეს ეხება. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა რაც შეიძლება პატარა და ეფექტური ბიუჯეტი, ანუ ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოსათვის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯების გაწევას მოხმარდება.

1998 წელს სამმა ამერიკელმა მეცნიერმა – ჯეიმს გვარნეიმ, რობერტ ლაუსონმა და რანდოლ ჰობოქმა – შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინა საკუთარი კვლევის შედეგები, რომელიც, ზოგადად, სახელმწიფო ხარჯების საკითხებს შეეხებოდა. მათი დასკვნის თანახმად, საჭირო იყო სახელმწიფოში არსებული ხარჯების მინიმუმი, რათა სახელმწიფოს მისი ძირითადი ფუნქციები განეხორციელებინა. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტში ყოველთვის არის პუნქტები, რომლებიც ბუნდოვანია და ბადებს კითხვას: რამდენად საჭიროა ასეთი ტიპის ხარჯების გაწევა სახელმწიფოს მხრიდან?

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ერთი მხრივ, ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის იდეალური მაგალითია, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო ქეისია ნებისმიერი უნივერსიტეტის ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის, რომლებსაც უნდა აუხსნა, თუ როგორ უნდა შედგეს ბიუჯეტი ისე, რომ მან უამრავი კითხვა გააჩინოს და ჯამში, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტი, ასევე, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს არასაჭირო ხარჯები.

კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მოცემულია ხარჯების კლასიფიკაცია. აღნიშნულ კლასიფიკაციაში პირველი ადგილი უკავია სოციალური უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს, რომელიც დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს, მეორე ადგილზე მილიარდ ლარზე მეტი თანხით არის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯი, მესამე ადგილზეა გრანტის სახით გასაწევი ხარჯები – დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო მეოთხე ადგილი, თითქმის 900 მილიონის ოდენობით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე გაუმჭვირვალე და ბუნდოვან პუნქტს, სახელწოდებით – “სხვა ხარჯები” უკავია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა ტიპის ხარჯს გააჩნია მისი დასახელება და დასახელების შესაბამისი მიზნობრიობა, გარდა იმ ტიპის ხარჯებისა, რომლებსაც სწორედ “სხვა ხარჯები” ეწოდება. “სხვა ხარჯები” არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე ნაწილი და სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გაუმჭვირვალე ხარჯი 2011 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 16 პროცენტს შედგენს და ის აღემატება ბოლო წლების ყველა ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგალითად, მხოლოდ 2010 წელთან შედარებით, “სხვა ხარჯების” წილი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 175 მილიონ ლარზე მეტი თანხით გაიზარდა. საინტერესოა, ასევე, ის ფაქტი, რომ დონერების მიერ გამოყოფილი დახმარებებიდან 215 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფომ სწორედ “სხვა ხარჯებს” მიაკუთვნა.

2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “სხვა ხარჯების” ათვისების ფლაგმანი იქნება. აღნიშნული სამინისტროსთვის გამოყოფილი თითქმის 498 მილიონ ნახევრიანი დაფინანსებიდან 406 მილიონ ლარზე მეტი “სხვა ხარჯებზეა” გათვლილი. ამასთან, ამავე სამინისტროს პროგრამებზე გამოყოფილი დაახლოებით 30 მილიონი ლარიდან, 14 მილიონ ლარზე მეტი ისევ “სხვა ხარჯებზეა” გადანაწილებული. მეორე ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, სადაც 427 მილიონიანი დაფინანსებიდან 303 მილიონამდე ლარია მიმართული “სხვა ხარჯებზე”. ძალიან “საინტერესო” ვითარებაა შექმნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარშემო, აღნიშნული სამინისტროს დაფინანსებისათვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარიდან 40 მილიონ ლარზე მეტი “სხვა ხარჯებზე” მოდის, ხოლო ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის დაახლოებით 43 მილიონნახევრიანი დაფინანსებიდან, ასევე, 40 მილიონზე მეტი კვლავ “სხვა ხარჯებზე” ნაწილდება. საინტერესოა ასევე ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, 50-50 მილიონი ლარით ფინანსდება და აღნიშნული თანხების 100 პროცენტი “სხვა ხარჯებს” მიეკუთვნება.

გარდა აღნიშნული მსჯელობისა, ცალკე განხილვისა და დისკუსიის საგანია ის, რომ დეკლარირებულად ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირველ ადგილზეა სოციალური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, ხოლო სხვადასხვა ტიპის სუბსიდირებისათვის 234 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

იმ ვითარებაში, როდესაც ზუსტად არ იცი, რა დანიშნულება აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ “სხვა ხარჯებს”, ძნელია იმსჯელო მის პრიორიტეტულობაზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საუბარია იმაზე, რომ სინამდვილეში ყველა “სხვა ხარჯი” მიზნობრივია, თუმცა მეორე მხრივ, თუ ეს მართლაც ასეა, საინტერესოა, რატომ არ ხდება აღნიშნული “მიზნობრივი” ხარჯებისათვის შესაბამისი სახელის დარქმევა?

საქართველოს კანონში საბიუჯეტო სისტემის შესახებ მოცემულია მუხლი, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითად პრინციპებს ეხება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას რამოდენიმე ძირითადი პრინციპი და მათ შორის არის გამჭვირვალობაც. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ძირითადად, დაცული იქნა გამჭვირვალობის პრინციპი იმ ნაწილში, სადაც ხდება ბიუჯეტის განხილვის პროცესში დაინტერესებული პირების სრული ჩართულობა, სიმბოლური იქნება გამჭვირვალობის კომპონენტის იმ ნაწილის დაცვა, რომელიც დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას შეეხება, ვინაიდან ამ პრინციპის იდეა საფუძველშივე ირღვევა ბიუჯეტში არსებული “სხვა ხარჯების” გამო, რადგან მოსახლეობასა თუ დაინტერესებულ პირებს არ ექნებათ ინფორმაცია ამ მუხლში არსებული ხარჯების მიზნობრიობაზე და შესაბამისად, არ არსებულ ინფორმაციაზე ანგარიშის მოსმენა უკვე აზრს დაკარგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი