ეკონომიკა

„კრედიტ სუისი“ იყიდება – რას უქადის ეს ივანიშვილს?

10 აპრილი, 2023 • 18003
„კრედიტ სუისი“ იყიდება – რას უქადის ეს ივანიშვილს?

პროტესტის აქცია, მობილიზებული პოლიცია და დაბნეული აქციონერები – ამ ყველაფრის ფონზე გაიმართა შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ აქციონერებისა და თავმჯდომარის ბოლო შეხვედრა, რომლითაც, ფაქტობრივად, დასრულდა 166-წლიანი ინსტიტუტის არსებობა.

„ბოდიშს გიხდით იმედგაცრუებისთვის“, – უთხრა ბანკის თავმჯდომარემ აქსელ ლემანმა აქციონერებს.

2012 წელს „კრედიტ სუისი“ „ევრომანიმ“ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო კერძო ბანკად, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა სკანდალებში ეხვეოდა – იყო როგორც სასამართლო დავები კლიენტებთან, ასევე, სხვადასხვა კანონდარღვევა ბანკის მენეჯმენტის მიერ.

ერთ-ერთი, ვინც „კრედიტ სუისს“ სასამართლოში უჩიოდა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, გარდა ფინანსური ნაწილისა, ივანიშვილის წარმომადგენლები ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებდნენ. თავად ივანიშილის განცხადებაში მინიშნებულია, რომ ზეწოლა დაკავშირებულია საქართველოს ომში ჩართვასთან.

„კრედიტ სუისის“ კოლაფსი

2022 წლისთვის „კრედიტ სუისი“ მართავდა 1 ტრილიონ დოლარზე მეტად შეფასებულ აქტივებს, თუმცა წელი დაასრულა თითქმის რვა მილიარდი ამერიკული დოლარის ზარალით.

2023 წელს „კრედიტ სუისის“, როგორც ცალკეული ბანკის ისტორია, ფაქტობრივად, დასრულდა – შვეიცარიის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო კონკურენტი ბანკის, „იუ-ბი-ეს“-ის მიერ „კრედიტ სუისის“ ყიდვას 3,2 მილიარდ დოლარად – ეს ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ისედაც შემცირებული საბაზრო ღირებულება.

„კრედიტ სუისის“ მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც აშშ-ში კრახი განიცადა „სილიკონ ველი ბანკმა“. შვეიცარიული ბანკის კლიენტებმა „კრედიტ სუისიდან” დეპოზიტების გატანა დაიწყეს.  მედიის თანახმად, ბანკი დღეში მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე [1 ფრანკი = ~1,1 დოლარი] მეტს კარგავდა. შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა „კრედიტ სუისს“ 50 მილიარდ ფრანკამდე ასესხა.

საბოლოო ჯამში, შვეიცარიის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და „იუ-ბი-ეს“-ს, „კრედიტ სუისის“ კონკურენტს, მისი „ჩაყლაპვის“ საშუალება მისცა.

„ბანკის კოლფასი გამოიწვევდა აუნაზღაურებელ ეკონომიკურ პრობლემებს შვეიცარიასა და მსოფლიოში, ჩაყლაპვამ კი სტაბილურობას დაუდო საფუძველი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრა კარინ კელერ-ზუტერმა.

„კრედიტ სუისი“ შვეიცარიისთვის და მსოფლიო საბანკო სისტემისთვის პრობლემური აქამდე არ ყოფილა. გამოწვევებმა თავი 2007-09 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ იჩინა – სხვადასხვა ქვეყნებში ბანკის, მისი შვილობილი კომპანიების თუ თანამშრომლების კანონდარღვევებს იძიებდნენ [ჩამონათვალი არასრულია]:

  • სხვა ბანკების მსგავსად, „კრედიტ სუისის“ ბრალეულობას ფინანსურ კრიზისში იძიებდნენ აშშ-ში, 2012 წელს ბანკს სასამართლოში უჩივლეს;
  • 2008 წელს ბრაზილიაში საქმე აღძრეს საბანკო საიდუმლოებით გადასახადების გადახდისგან თავის აცილების გამო „კრედიტ სუისის“ ანგარიშების გამოყენებით;
  • 2014 წელს ბანკმა 197 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადა ამერიკელი კლიენტების მომსახურებისთვის აქტივობის რეგისტრაციის გარეშე;
  • 2012 წელს ბანკმა 150 მილიონი ევროს ჯარიმა გადაიხადა – გერმანიის ხელისუფლებამ ის მოქალაქეებისთვის გადასახადების გადახდაში თავის არიდებისთვის დახმარებაში დაადანაშაულა;

ივანიშვილი v. „კრედიტ სუისი“ – ნაწილი I

დავა ბიძინა ივანიშვილისა და ბანკს შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკი აცხადებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ბერმუდის კუნძულებზე ექვსწლიანი დავა 2022 წელს დასრულდა. „ფაინენშლ თაიმზის“ ინფორმაციით, სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილი v. „კრედიტ სუისი“ – ნაწილი II

ივანიშვილის წარმომადგენლებმა ბანკთან კიდევ ერთი დავის დაწყების წინააღმდეგ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადა.

ამჯერად, საქმე ეხებოდა ივანიშვილის მიერ ბანკის მიერ შექმნილი „ტრასტებისთვის“ [სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მესამე მხარეს პირის/ორგანიზაციის აქტივები აქვს მინდობილი და მათი მართვა/ინვესტირება შეუძლია] მინდობილ თანხას:

 „ბანკის მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ ტრასტში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა“.

თავად ბანკში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდნენ, ხოლო ივანიშვილის წარმომადგენლები – იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ და „სი-ეს ვიქტიმზ“ („კრედიტ სუისის დაზარალებულები“) აქტიურად აკეთებდნენ განცხადებებს, რომლებშიც მათ შორის ივანიშვილისთვის თანხის არგაცემას პოლიტიკური ზეწოლით ხსნიდნენ. ამაზე თავის განცხადებაში მიანიშნა პირადად მილიარდერმაც.

ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.

პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.

რა იცვლება ივანიშვილისთვის?

2023 წლის 16 თებერვალს „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ამასთან დაკავშირებით ექსპრემიერს ან მის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

მარტიდან მოყოლებული, „კრედიტ სუისის“ კონკურენტი ბანკის მხრიდან შესყიდვის ფონზე, ივანიშილი ან მისი წარმომადგენლები აღარ აკეთებენ განცხადებას ( ბოლოს, 28 თებერვალს „ემ ქეი დი“ მედიას წერილის არგამოქვეყნების თაობაზე საყვედურობდა) 

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა:

  • რითია განპირობებული ივანიშვილის ამჟამინდელი დუმილი;
  • შეიცვლება თუ არა რამე დავის ირგვლივ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების გამო.

„კრედიტ სუისში“ და „იუ-ბი-სი“-ში კომენტარის გაკეთებაზე ამ ეტაპზე უარი გვითხრეს.

საკითხზე კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა „სი-ეს ვიქთიმზ“-ისგან და „ემ ქეი დი“-სგან (აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ივანიშვილმა ამ კომპანიასთან და მის პარტნიორ ვიქტორ ყიფიანთან თანამშრომლობა შეწყვიტა.)

თუ „კრედიტ სუისს“ საბოლოოდ შეისყიდის  „იუ-ბი-სი“, ივანიშვილის მხარეს საქმე ექნება უკვე არა „კრედიტ სუისთან“, არამედ „იუ-ბი-სი“-სთან, რადგან ის გადაიბარებს ბანკის ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი