ახალი ამბები

„კრედიტ სუისი“ კვლავ არ ურიცხავს ივანიშვილს კუთვნილ თანხებს – იურისტები

28 დეკემბერი, 2022 • 2489
„კრედიტ სუისი“ კვლავ არ ურიცხავს ივანიშვილს კუთვნილ თანხებს – იურისტები

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებენ.

ვრცელ განცხადებაში, სადაც მიმდინარე დავის დეტალებია მიმოხილული, სამართლებრივი მრჩევლები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება. მათი განცხადებით, ბანკის ერთ-ერთი ტრასტი, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით, თვეებია თანხას არ ურიცხავს ივანიშვილს.

მათი თქმით, საუბარია გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტზე, რომელიც მართავს ივანიშვილის „კრედიტ სუისს“ “გადარჩენილი თანხების” ძირითად ნაწილს.

„ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს, როგორც ბანკს, და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ბატონი ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისსავე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა.

ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში „კრედიტ სუისს“ ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისმა“ გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა, დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს [სავარაუდოდ, იგულისხმებაა ევროპული საბჭო. რედ.] სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისის“ ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა.

ამდენად, ბანკი უკვე ფასდაკარგულ (არგაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა. იგი ბენეფიციარს ეუბნებოდა, რომ საკუთარ უდავო თანხას მხოლოდ მაშინ გადაურიცხავდა, თუკი ამას სასამართლო დაავალებდა, რადგან სხვაგვარად ევროპარლამენტის რეზოლუციით იყო თითქოსდა შეზღუდული“, – აღნიშნულია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებაში.

ამასთან, ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები ხაზს უსვამენ იმას, რომ სინგაპურიში მდებარე ბანკის მეორე ტრასტიდან, სადაც ინახება ივანიშვილის შედარებით მცირე თანხები, უკანასკნელი გადმორიცხვები 14 დეკემბერს განხორციელდა, მაშინ, როცა წინა დღით ევროპარლამენტმა მიიღო ბოლო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით.

„აქ მთავარი და გაუგონარი აბსურდი იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის ერთი ტრასტი თვეებია თანხას არ რიცხავს და სასამართლო-სასამართლო დაგვატარებს უდავო თანხაზე, ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციის მოშველიებით; ხოლო მეორე ტრასტი, სადაც მცირე თანხა იყო, გადარიცხვას მეორე, დეკემბრის რეზოლუციიდან მეორე დღესვე აკეთებს, მაშინ, როდესაც ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია ახალი და, შესაბამისად, თეორიულად სიცოცხლისუნარიანია – ის ჰიპოთეტურად შეიძლება გაიზიაროს კიდეც ევროპის საბჭომ. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის „კრედიტ სუისმაც“.

სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში. ამ პირობებში კი გამოვიდა, რომ სინგაპურის მოსამართლის უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეზოლუციის უგულებელყოფა შესაძლებელი ყოფილა, ხოლო მხოლოდ ივნისის რეზოლუციის საბაბით ბანკი გერნსის ტრასტთან დაკავშირებულ საკითხზე ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გავლას მოითხოვს ჩვენგან“, –  ნათქვამია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებაში.

როგორც ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები აცხადებენ, ამჯერად გერნსის სასამართლოში შეიტანეს განცხადებები, იმისთვის, რომ ივანიშვილს კუთვნილი თანხები დაუბრუნონ.

„ჩვენ გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც, თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე -ტრასტის მართული თანხების უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი – უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოახდინა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“, – ნათქვამია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების განცხადებებში.


ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ივანიშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის და „სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება“ ბოლო პერიოდში არსებული გაურკვევლობა.

2022 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა კვლავ უჩივლა Credit Suisse-ს.

მის მიერ დაქირავებულმა PR კომპანიამ 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს „მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი“ მიადგა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით,  ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ $800 მლნ-ზე იდავებს.

ბიძინა ივანიშვილმა ამავე ბანკს რამდენიმე თვის წინ მოუგო 6-წლიანი დავა ბერმუდაში, – ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, CS Life-ს 42 დღე მისცა $607.35 მილიონის გადასახდელად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი