ეკონომიკა

ქარის მოტანილი ენერგია

15 ნოემბერი, 2013 • • 3891
ქარის მოტანილი ენერგია

იგეგმება 20 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. ქარის, როგორც ალტერნატიული ენერგიის პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გეგმებზე “ბათუმელებს” ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბეჟუაშვილი ესაუბრა:

 

ბატონო გიორგი, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს ამ მხრივ, არსებობს შანსი, რომ ქარის ენერგიის გამოყენებაზე იფიქროს ქვეყანამ?

 

საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება საორიენტაციოდ 4 მლრდ. კვტ.სთ-ით, ხოლო დადგმული სიმძლავრე 1500 მგვტ-ით არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა წელიწადში 4000-5000 სთ-ს შეადგენს.

 

რას გვეტყვით იმ პროექტზე, რომელზეც უკვე დაწყებულია მუშაობა?

 

ამ პროექტზე ჩვენი ფონდი მუშაობს. ჩვენ უკვე ავაგეთ 80-მეტრიანი ანძა. ანძის მეშვეობით ქარის პარამეტრებისა და მონაცემების შეგროვებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, თუ რა სიმძლავრის ქართან გვექნება საქმე, რაც საფუძვლად დაედება სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. ანძის მიერ მონაცემთა შეგროვების პერიოდის დასრულების შემდეგ განისაზღვრება ტურბინების ზუსტი ლოკაცია შერჩეული არეალის ფარგლებში. ტურბინები დაიდგმება პერპენდიკულარულად ქარის მიმართულებით. ამ ყველაფრის საფუძველზე კი გვექნება უკვე გაწერილი პროექტი და დავიწყებთ მუშაობას მის დაფინანსებაზე.

 

რას მოგვცემს ყველაფერი ეს, რა შესაძლებლობებს აძლევს ქვეყანას ქარის ენერგიის გამოყენება?

 

ზოგადად, ქარი არის ზამთრის გენერაცია. ჩვენი ძირითადი მომსახურება არის ჰიდრო, ჰიდროელექტროსადგურებს კი უჭირთ ზამთარში. ამ შემთხვევაში პირიქითაა, ზამთარში ქარის ენერგიით უფრო მეტს გამოვიმუშავებთ.

 

როგორც ვიცით, ენერგიის ამ ალტერნატიული წყაროს მოპოვების ფორმებიც არის რისკებთან დაკავშირებული, ამაზე რას გვეტყვით, მაგალითად, გადამფრენი ფრინველების საკითხი გათვალისწინებულია პროექტირებისას?

 

ამ ტიპის ელექტროსადგურებს მოაქვს მინიმალური ზიანი გარემოზე. რაც შეეხება ფრინველების მარშრუტებს, რა თქმა უნდა, მათი მარშრუტი უნდა შევისწავლოთ, რომ ზუსტად ამ მიმართულებით არ გავიდეს ტურბინები. ესპანეთში იყო შემთხვევა, ზუსტად ფრინველების გადაფრენის მარშრუტზე ააშენეს გენერატორი და გაზაფხულზე გადაფრენისას დაეჯახნენ მას ფრინველები. მაშინ ძალიან ბევრი ფრინველი დაიხოცა. ეს საკითხი ნაწილობრივ შესწავლილი გვაქვს. სხვა ზიანი ამ ტიპის გენერატორს არ მოაქვს.

 

მსგავსი გენერატორებით გამოწვეულ ვიბრაციაზე, რამდენდაც ცნობილია, უცხოეთში არსებობდა პრეცედენტი, როცა ამ გენერატორისგან გამოწვეული ხმის გამო ჩიოდა მოსახლეობა…

 

ვიბრაცია რა თქმა უნდა იქნება, ვიბრაცია ყველაფერს ახლავს, თუმცა მაინცადამაინც საცხოვრებელ სახლებთან არ იგეგმება ამის აშენება, რომ ვიბრაციამ ან ხმამ რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას ვინმეს. ეს შენდება ქარიან ადგილებში, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, შესაბამისად არც მიგრაციის პრობლემა დგას.

 

მსგავსი პროექტების განვითარების რა გამოცდილება არსებობს ევროპაში?

 

ევროპაში სტატისტიკას რომ გადავხედე, გამოყენების მიხედვით პირველ ადგილზეა გაზის ელექტროსადგურები, მეორე ადგილზეა ქარის, მესამეზე – მზის ენერგია და ასე შემდეგ. საერთოდ დახურეს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები.

 

ბატონო გიორგი, საბოლოო ჯამში იმ მონახაზის მიხედვით, რაც აქვს უკვე მთავრობას, ანუ სადაც შეიძლება აიგოს მსგავსი სადგურები, რა თანხას უკავშირდება ეს?

 

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ გორში, ამ პროექტისთვის 30 მილიონი დაიხარჯება. გორი გვაძლევს პოტენციალს, რომ მასშტაბები კიდევ გავზარდოთ. არის პოტენციალი სხვა რეგიონებშიც, მთლიანობაში ალბათ საჭირო თანხის ოდენობა 500 მილიონამდე გაიზრდება. ამის შემდეგ კი უკვე ყველაფერი ინვესტორებზეა დამოკიდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი