ეკონომიკა

საქართველო შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოებში არ მონაწილეობს

13 ნოემბერი, 2013 • • 1980
საქართველო შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოებში არ მონაწილეობს

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის  წარმომადგენლის, თეიმურაზ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, შავი ზღვის აუზის 5 ქვეყანა ნავთობის საძიებო სამუშაობში 5 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.


ამ საკითხზე გოჩიტაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე ენერგეტიკულ კონფერენციაზე ისაუბრა: 

   

“საქართველოში გაზისა და ნავთობის დათვლილი მარაგები 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცნობილია. ბუნებრივი აირის მარაგი 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო ნავთობის მარაგი – 7,2 მილიონ ტონას. ამ მცირე მარაგების მიუხედავად, საქართველო შავ ზღვაში საძიებო სამუშაოები მონაწილეობას არ გეგმავს. ამ შელფზე საქართველოს მხრიდან ნავთობის საძიებო სამუშაოები “ანადარკომ” უკვე დაასრულა.”

 

თეიმურაზ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, 2005 წელს საქართველოს მოხმარების 100%–ს რუსული გაზი შეადგენდა, ახლა რუსული გაზის წილი მოხმარებაში 17%–ია: “საქართველო, ბოლო მონაცემებით, წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. რამდენიმე წელიწადში დაკონტრაქტებული გაზიც არ გვეყოფა, რადგან მოხმარება 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამიტომ ჩვენ ან უნდა დავამუშავოთ ადგილობრივი საბადოები, ან იმპორტის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. ამ დროისათვის გაზიფიცირებულია მოსახლეობის 65%. მოსახლეობის 36% მოიხმარს მოწოდებული გაზის 10%–ს. ამ დროისათვის ბაზარზე “სოკარის” მონოპოლიაა, რადგან გაზის მოწოდებას და განაწილებას ერთი და იგივე კომპანია ახორციელებს.”

 

თეიმურაზ გოჩიტაშვილის შეფასებით, საქართველოში აუცილებლად უნდა აშენდეს გაზსაცავი, სადაც დაახლობით 250 ათასი კუბური მერტი ბუნებრივი აირის აკუმულირება მოხდება.

 

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის  წარმომადგენლის შეფასებით, საქართველომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა უნდა შეამციროს და გაზის მოხმარებაზე გადაერთოს, ამ მიმართულებით წავიდნენ რიგი ქვეყნები: “მაგალითად, სომხეთმა საავტომობილო პარკის 75 პროცენტი გადაიყვანა გაზზე. ირანის საავტომობილო პარკის 22 პროცენტი გაზს მოიხმარს, ხოლო პაკისტანი არის წარმატებული მაგალითი, რომლის ავტოპარკიც მთლიანად გაზზე მუშაობს.”


გოჩიტაშვილი ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების იდეას ემხრობა: “საქართველოში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 50–70 მილიონი ტონაა და ეს რესურსი სულ ექსპორტზე გადის. ნედლეული რომ ადგილზე გადამუშავდეს, გაცილებით იაფ საწვავს მივიღებთ. ამ საწვავით რამდენიმე სამთავრობო უწყება რომ მომარაგდეს, ბიუჯეტიდან ნაკლები ფული დაიხარჯება.” 


 

 


  

მასალების გადაბეჭდვის წესი