ეკონომიკა

რევაზ არველაძე: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ვერ გახდება

13 ნოემბერი, 2013 • • 1480
რევაზ არველაძე: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ვერ გახდება

კონფერენცია “Elcomm Caucasus”-ი “ექსპო ჯორჯიაში” 12 ნომბერს გაიხსნა და 14 ნოემბერს დასრულდება. 


ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი არ ეთანხმება მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექასპორტიორი ქვეყანა გახდება და 20 წელიწადში განვითარებული ქვეყნის სტატუსს მიიღებს:


“ეს პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია, რასაც ვერ დავეთანხმები, რადგან საქართველოში ენერგოსეტორი უახლოეს წლებში ისე ვერ განვითარდება, რომ ქვეყანა განვითარებული გახდეს. ამისთვის საკმაოდ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ეკონომიკის სექტორისთვის უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობისთვის”.

   

რევაზ არველაძის შეფასებით, საქართველოს ამ ეტაპზე საკუთარი რესურსით შეუძლია დააბალანსოს ელექტროენერგეტიკის სექტორი:


“დღეს საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი ასეთია – ლექტროენერგიის მოხმარების წილის 60% მოდის მოსახლეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების დონე დაბალია”.    


ელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი

არველაძის ინფორმაციით, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 1 900 კილოვატ საათია. კარგად განვითარებულ ქვეყნებში კი ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების წილი 10 000 კილოვატსაათს შეადგენს.


“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მშპ–ს მონაცემებით 185 ქვეყანას შორის 115-ე ადგილზეა. რაც უფრო მეტად განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, მას უფრო მეტი ელექტროენერგია დასჭირდება. ნავთობი და გაზი საქართველოში არის სრულ დეფიციტში. არ არის იმის პროგნოზი, რომ ამ რესურსის იმ რაოდენობით მოპოვება შეიძლებოდეს, რომ ენერგორესურსი შეავსოს. ქვეყანამ უნდა განავითაროს განახლებადი ენერგიის სექტორი. არსებული გათვლებით არსებობს ქარის ენერგიით 4 მლნ კილოვატსაათის გამომუშავების და მზის ენერგიით 3 მილიარდი კილოვატსაათის გამომუშავების პოტენციალი”.


საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს არ გააჩნია სათბობ–ენერგეტიკული დაფარვის რესურსები:


“ეს თავისებურება არ შეიცვლება უახლოეს პერიოდში. ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ მოთხოვნას. ამისთვის საჭიროა ჰიდრორესურსების ათვისება და განახლებადი წყაროების განვითარებაზე მუშაობა. თუ საქართველოს ეკონომიკას უწერია განვითარება, მას არსებული რესურსი არ ეყოფა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი