ეკონომიკა

ახალი ფონდები სამი თვეში ჩამოყალიბდება – ინტერვიუ “საპარტნიორო ფონდის” დირექტორთან

18 თებერვალი, 2013 • 1811
ახალი ფონდები სამი თვეში ჩამოყალიბდება – ინტერვიუ “საპარტნიორო ფონდის” დირექტორთან

თავის დროზე, როდესაც შეიქმნა “საპარტნიორო ფონდი,” 2011 წლის ივნისში, მის ფუნქციად განისაზღვრა ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრივება. ამჯერად მთავრობა ქმნის სამ ფონდს, ფაქტობრივად, იგივე ფუნქციებისთვის. რატომ გახდა ეს აუცილებელი?

ზოგადად, ჩვენი, “საპარტნიორო ფონდის” მიზანი გახლავთ კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის ოთხ სექტორში. ეს გახლავთ- ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და წარმოება. ეს ერთი მიმართულება გახლავთ “საპარტნიორო ფონდის”.

მეორე მიმართულებაა იმ აქტივების სწორი მართვა, მენეჯმენტი, რომლებიც “საპარტნიორო ფონდის” კაპიტალში მონაწილეობენ. ეს არის მნიშვენელოვანი სტრატეგიული აქტივები: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი და „თელასის“ 25 პროცენტამდე. ფონდის მიზანი გახლავთ, შეავსოს ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილური კაპიტალის დეფიციტი, რაც გარკვეულწილად შეინიშნება საქართველოს საფინანსო ბაზარზე და გაიყოს რისკი ინვესტორთან; შესაძლებლობა მისცეს პროექტებს, მოიზიდონ სტანდარტული სესხები კომერციული ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან; ეს არის ჩვენი ამოცანა, გვაქვს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა პროექტები ყველა ამ მიმართულებიდან, რომლებიც მე ჩამოვთვალე და რომელთა გარკვეული რესტრუქტურიზაცია მოხდა ახალი მენეჯემნტის მოსვლის შემდეგ “საპარტნიორო ფონდში”. ზოგიერთი პროექტის სტრუქტურა შეიცვალა.

რომ დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, პრემიერმა განაცხადა, რომ შეიქმნება რამდენიმე ფონდი. ერთ–ერთი გახლავთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით. ის, პრაქტიკულად, იმუშავებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. დანარჩენი ორი გახლავთ: პირველი – ეს არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ეს იქნება სუფთად კერძო ინვესტიციების ფონდი. პირდაპირი ინვესტიციების ღია ფონდი, რომელიც შეივსება ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო და ინსტიტუციური კაპიტალის მონაწილეობით. აქ ჩვენ შეგვიძლია დამატებით ვთქვათ, რომ ფონდის ინვესტირების ჰორიზონტი იქნება ორიდან შვიდ წლამდე. ვფიქრობთ, რომ თითოეული ინვესტიციის მოცულობა იქნება ერთიდან  ხუთ მილიონამდე, იმ ბიზნესის სექტორების მიხედვით, რომლებიც დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, ეს იქნება პირდაპირი ინვესტიციები და სუბორდინირებული სესხები, პროექტებში მონაწილეობა, ასევე, კაპიტალშიც. ეს არის, ასე ვთქვათ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

სუვერენული ფონდი არის რამდენიმე ქვეყანაში. სუვერენულ ფონდს ექნება უფრო საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციული სტრუქტურა, სადაც აქტივები და მათი მმართველი ორგანოები არიან სხვადასხვა დამოუკიდებელი სამართლებრივი ობიექტები. აქ იქნება მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ფონდის ჩამოყალიბებასა და მართვაში გათვალისწინებული იქნება სანდიაგოს პრინციპები. ეს არის 24 პრინციპი, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით არის შემუშავებული ყველა იმ ქვეყნის მონაწილეობით, სადაც ასეთი სახელმწიფოებრივი ფონდები არსებობს. სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებია, მათ შორის, ჯანსაღი კორპორატიული მართვა, დამოუკიდებელი დირექტორები და პროცესების გამჭვირვალობა. სუვერენული ფონდის აღქმა საერთაშორისო ინვესტორებისათვის უფრო ადვილი იქნება და აქედან გამომდინარე, ყველა ინვესტორისთვის ასეთ ფონდთან ურთიერთობა ადვილი იქნება იმიტომ, რომ საერთაშორისოდ ცნობილია ასეთი სტრუქტურები.  


მოხდება თუ არა ამის შემდეგ საპარტნიორო ფონდის ლიკვიდაცია და თუ არა, მაშინ თქვენს ფონდს რა ფუნქცია ექნება? რა განსხვავება იქნება სუვერენულ და საპარტნიორო ფონდებს შორის? ვინ ჩადებს ფულს ამ ფონდში, რომლის ბიუჯეტი უნდა იყოს 2 მილიარდი აშშ დოლარი?

სუვერენული ფონდი, სავარაუდოდ, შეიქმნება “საპარტნიორო ფონდის” ბაზაზე. პრაქტიკულად აქ იქნება რამდენიმე მიმართულება: ერთ–ერთი იქნება სუვერენული აქტივების მართვა. არ გამოვრიცხავ, რომ ის აქტივებიც იყოს, რაც ამ წუთას საპარტნიორო ფონდშია. აქვე შეიქმნება სუვერენული ფონდის ქვეშ საქართველოს სტრატეგიული განვითარების ფონდი, რომელიც სხვადასხვა პროექტებს დააფინანსებს. ოღონდ ეს ის დარგებია ეკონომიკის, რომელიც საქართველოსთვის სახელმწიფოებრივად სტრატეგიულია და ასევე იქნება ახალგაზრდული ფონდიც ამ ჰოლდინგის ქვეშ, რომელიც იმუშავებს ინოვაციურ და მცირე პროექტებზე. რაც შეეხება დაფინანსებას, სუვერენული ფონდი იქნება სახელმწიფოებრივი და აქ კერძო ინვესტიცია ვერ მოხვდება.

პრემიერმა განაცხადა, რომ სუვერენული ფონდის პარტნიორი იქნება JP Morgan-ი, სადაც ივანიშვილი ფლობს 425 600 აშშ დოლარის ღირებულების აქციებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამ ფონდს ირიბად დააფინანსებს თავად პრემიერი და თუ ეს ასეა, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი იმის გარანტია, რომ ამ ფონდით არ ისარგებლებენ პრივილეგიით ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი ბიზნესკომპანიები და ეს გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესს?

JP Morgan-ი უზარმაზარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გახლავთ. ამის გარდა განიხილება ამერიკის ბანკი, სხვა ბანკებიც, რომლებიც იქნებიან ფინანსური მრჩევლები, კონსულტანტები ამ სუვერენული ფონდის. ეს არის სახელმწიფო ფონდი და იქ მოხვდება მხოლოდ სახელმწიფოებრივი თანხები. არანაირი კერძო ინვესტიცია სუვერენულ ფონდში არ იქნება. კერძო ინვესტიციების ფონდი იქნება საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, სადაც როგორც კერძო, ასევე სხვა ინვესტიციებიც იქნება. JP Morgan-ი საკმაოდ ცნობილია და ასოცირებულია ბიზნესთან და ამ ფონდის ჩვენთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.

ცნობილია, რომ სუვერენული ფონდი იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მას მართავს საინვესტიციო საბჭო – ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში? ვისი რეკომენდაციით შეირჩევა ეს საბჭო?

ეს არის ეტაპი, როდესაც ფონდის ჩამოყალიბებაზე მუშაობა მიდის. სტრუქტურულად მართვა იქნება საინვესტიცო საბჭოსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. საბჭო შედგება დამოუკიდებელი დირექტორებისაგან. დამოუკიდებელ დირექტორებს სპეციალური განსაზღვრება აქვს. ასევე, აირჩევა მმართველი საბჭო, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მომუშავე საერთაშორისო დონის პროფესიონალებით.  

სუვერენულ ფონდს ექნება სუვერენული აქტივების მართვის ერთეული – კონკრეტულად რომელი აქტივების მართვა განხორციელდება?

ჯერ ამის დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება იყოს ის აქტივები, რომელიც საპარტნიორო ფონდშია. შეიძლება სხვა აქტივებიც, რომელსაც სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩათვლის.

პრემიერის თქმით, კიდევ ერთი 2-მილიარდიანი ფონდი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ყველა რენტაბელურ პროექტს გაუწევს 25-დან 75%-მდე თანადაფინანსებას. ვინ დააფინანსებს თავად ამ ფონდს და როგორ მოხდება ბიზნესპროექტების შერჩევა? რა ტიპის პროექტები იქნება ეს და როგორ მოხდება თანადაფინანსება – იაფი კრედიტის გაცემით თუ გრანტის სახით?

ფონდში შემოიტანს თანხას ყველა, ვისაც ამის ინტერესი აქვს. აქ არ მოხვდება სახელმწიფოებრივი თანხები. ეს იქნება მოგებაზე ორიენტირებული პირდაპირი ინვესტიციების ღია ფონდი. აქ იქნება ადგილობრივი, საერთაშორისო კერძო კაპიტალის მონაწილეობა.

ბიზნესპროექტების შესარჩევად იქნება სპეცილური პროცედურა, რომელიც იქნება გამჭვირვალე. მოხდება პროექტების შერჩევა იმ პრონციპიდან გამომდინარე, რომელიც იქნება კომერციაზე, მოგებაზე და უკუგებაზე ორიენტირებული.

საპარტნიორო და სუვერენულ ფონდთან მას შეხება არ ექნება, მაგრამ შეიძლება რაღაც პროექტები ერთობლივად დაფინანსდეს. პირდაპირი იურიდიული შეხება არ ექნება.

რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას, ეს იქნება ინვესტიცია ჩვეულებრივ, კომერციულ პრინციპებზე აგებული. აქ შეიძლება იყოს მონაწილეობა კაპიტალში, თანხის გაცემა სესხებით.  

როგორც პრემიერმა თქვა, ასევე შეიქმნება საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერების ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. რა მოცულობის პროექტები დაფინანსდება ამ ფონდით და როგორ მოხდება ფონდის მართვა?

ახალგაზრდული ფონდი მოიაზრება სუვერენული ფონდის ჰოლდინგის ქვეშ. აქ იქნება ის პროექტები, რომლებიც არიან ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, აითი და სამედიცინო სფეროზე. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტების მოცულობა პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს 100 ათასიდან 1,5 მილიონ ლარამდე თითოეული პროექტი. ამ ფონდის მმართველიც საბჭო იქნება და ეყოლება დამოუკიდებელი ხელმძღვანელი.

როდის ამოქმედდება რეალურად ეს სამი ფონდი სრული დატვირთვით?

ამ სტრუქტურების ჩამოყალიბებას გარკვეული საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. აქ უნდა შეიქმნას კანონმდებლობა. შემდეგ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა და ამის შემდეგ დაიწყებს ეს ფონდები მუშაობას. ვფიქრობ, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ეს ფონდები ჩამოყალიბდება.

მიიღეთ თუ არა ამ დრომდე რეალურად რაიმე შემოთავაზება ბიზნესკომპანიებიდან რომელიმე პროექტის შესახებ, რადგან ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დავალებით ფინანსთა მინისტრმა უკვე განახორციელა ბიზნესმენებთან ამ საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები.

მე ვიცი, რომ მოლოდინი დიდია ამ თვალსაზრისით. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ის ეტაპი, როცა მიმდინარეობს ფონდების ჩამოყალიბება, სტრუქტურის კონკრეტიზაცია, რასაც სჭირდება კონკრეტული საკანონმდებლო ბაზა. 

ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა, იგივე საპარტნიორო ფონდის კუთხით. არანაირი შეზღუდვა არ აქვს ბიზნესს, რომ ინფორმაცია მიიღოს იმაზე, რაც ამ ეტაპზე ჩვენგან  ხელმისაწვდომია მათთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი