ეკონომიკა

რატომ გაიაფდა საწვავი და წამლები

10 ოქტომბერი, 2012 • • 1516
რატომ გაიაფდა საწვავი და წამლები

„ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა მონოპოლიები და მაღალი ფასები, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა შედეგი. ეს შენიშვნა კომპანიებმა თავის თავზე მიიღეს, რათა ეჩვენებინათ პრემიერობის ახალი კანდიდატვისთვის, რომ ფასების შემცირებისკენ ნაბიჯი გადადგეს.“

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს:

 

„მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“.    

 

ბიძინა ივანიშვილთან ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე, 6 ოქტომბერს, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა. „ვისოლში“ ფასის შემცირების  შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, აცხადებენ, რომ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე გურული საქართველოში არ იმყოფება.

 

ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე „ვისოლის“ აქციონერი ლევან ფხაკაძეც იმყოფებოდა, რომელმაც „ნეტგაზეთთან“ ამ საკითხზე კომენტარი საწვავის 8 თეთრით გაიაფებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა: 

 

„არსებულ მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს გამოკვლევა სჭირდება. ასე, ერთი ხელის მოსმით, ვერ ვიტყვით, სად იყო მონოპოლია და სად არა. ის, რომ სიმახინჯეები არსებობდა, ყველამ ვიცით. ბუნებრივია, ნებისმიერ სწორ ბიზნესს სჭირდება ნორმალური კონკურენტული გარემო. ფასებს იმ შემთხვევაში დავწევთ, თუ საწვავის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები ამის საშუალებას მოგვცემს.“     

 

კომპანია „გალფს“, რომლის ერთ–ერთი მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია, საწვავის ფასი ჯერ არ შეუმცირებია.  კომპანიის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე განმარტავს, რომ კომპანიაში ძირეული ცვლილებები იგეგმაბა:

 

„10 დღეში ახალ ფასებს დავდებთ. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ მოვძებნოთ ახალი მომწოდებლები, მათგან შევიძინოთ საწვავი და მხოლოდ „სოკარზე“ არ ვიყოთ დამოკიდებული. გადავდგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები.“    

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ საწვავის ბაზრის ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი  მარიამ გაბაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ჯერჯერობით ფასები არ შეუცვლია:

 

„კომპანიის ადმინისტრაცია ქვეყნიდან არის გასული. როგორი იქნება სტრატეგია, არ ვიცი, ჯერ ფასებს ვინარჩუნებთ. პრემიუმი, სუპერი და ევროდიზელი შემოგვაქვს. დიზელი სტანდარტული და რეგულარი არის აზერბაიჯანული.“

 

კომპანია „რომპეტროლის“ კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძე ამბობს, რომ საწვავის ფასის შემცირება გონივრულ ზღვრამდეა შესაძლებელი:

 

„ჩვენ მივიღეთ ახალი მარაგები, ორშაბათს უკვე განვაბაჟე. ბაზარზე ახალი ფასით გამოვალთ, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენით გავაიაფებ, ეს კომერციული საიდუმლოა. ვუყურებ ბაზარს და კონკურენტებს. საწვავის 20–30 თეთრით გაიაფება გამორიცხულია, რადგან მსოფლიო ბაზარზე გაძვირების ტენდენციაა. ამ მარაგით ფასს დავწევ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ ისევ გავაძვირო.“

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვეძე ამბობს, რომ საწვავის იმპორტიორებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს:

 

„ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება დემონოპოლიზაციას. ფაქტობრივად, მონოპოლიების შექმნა, მსხვილ იმპორტიორებსა და მწარმოებლებს შორის კარტელური  გარიგებაც, საქართველოს ეკონომიკის თანმდევი მოვლენა იყო. ბიძინა ვანიშვილს ხელი არავისკენ გაუშვერია. კომპანიების ქმედება მაგონებს მარკ ტვენის ცნობილ საქციელს: მან თავის ქალაქში ყველაზე ცნობილ 10 პიროვნებას გაუგზავნა ერთი და იგივე შინააარსის წერილი ანონიმურად: „ყველაფერი ცნობილი გახდა, სანამ დროა, თავს უშველე, გაიქეცი“. ათი ადრესატიდან შვიდი გაიქცა. კომპანიებიც ასე მოიქცნენ, ფასი შეამცირეს“.

 

ფასების კლების ტენდენციაა მედიკამენტების ბაზარზე. კომპანია „ავერსის“ პრესსამსახური ლალი ბრეგვაძე განმარტავს, რომ ქსელში წამლების გაიაფება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არ უკავშირდება:

 

„ყოველი თვის დასაწყისში და შუა რცხვებში ხდება მედიკამენტების ფასების გადახედვა. კონტროლდება მომწოდებლების ფასები. 15 აგვისტოს ჩამოფასდა და შემდეგ 1 ოქტომბერს. ეს არ მოხდა გუშინდელი ან დღევანდელი განაცხადის შედეგად, ეს იყო მანამდე“.  

 

ანალოგიურ კომენტარს აკეთებს „პეესპეს“ პრესსამსახური ნათია ხაბეიშვილიც:

 

„პერმენანატულად ხდება მედიკამენტების გაიაფება. ეს განისაზღვრება მომწოდებლის ფასიდან გამომდინარე. ყოველდღიურ რეჟიმში მედიკამენტების გადაფასებაზე მოდის ინფორმაცია.“

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ფასების შემცირების ტენდენციის მთავარი მიზეზია ბიზნესის განცდა, რომ ახალი ხელისუფლება აღარ მოახდენს მათ დარეკეტებას:

 

„ღონისძიებების დაფინანსებას, მომღერლების ჩამოყვანას. მათი ურთიერთობა ბიუჯეტთან იქნება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. ამის გათვალისწინებით ფასები, რომლებიც აქამდე უსაფრთხოების ბალიშის როლს ასრულებდა ბიზნესისათვის, ამის აუცილებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ეს უსაფრთხოების ბალიში თუ აღარ იქნება საჭირო, ფასების ავტომატურად შემცირება მოხდება.“

  

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ექსპერტი შოთა მურღულია ამბობს, რომ ბაზარზე მდგომარეობა იქამდე არ  შეიცვლება, ვიდრე არ აღდგება ანტიმონოპოლიური სამსახური:

 

„კონკურენციის სააგენტოს არ აღუდგება ფუნქციები ზუსტად, რომელიც გამოავლენს მონოპოლისტ კომპანიებს. აფთიაქები თუ ნავთობ კომპანიები ხელოვნურ ფასებს დაადგენენ, თუ არ გატარდება სწორი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, ეს იქნება ერთჯერეადი დაკლება, რომელიც ვიღაცის დასანახავად გაკეთდა.

 

უნდა განვითარდეს კონკურენცია, არ უნდა იყოს  ბიზნესი გარიგებული სახელმწიფოსთან, არ უნდა ჰქონდეს პრივილეგიები.  მთავარია, ახალ  მთავრობას ჰქონდეს პოლიტიკური ნება. გაბერილი ტარიფები კონკურენციის შედეგად შემცირდება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი