„ეს არის წინასაარჩევნო პიარი. “ქრისტიან–დემოკრატებმა” იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და ამიტომ თამამები არიან ამ დაპირებებში. ბიზნესის ნაციონალიზაცია არ არის მისაღები ფორმა. ეს ხდება ვენესუელაში, კოლუმბიაში, ბელორუსში და ამ ტიპის ქვეყნებში. არ არის სასურველი, რომ 500 ან 300 მილიონი დოლარი გადაიხადონ იმ ობიექტში, რომელიც კერძო კომპანიის ხელშიც მშვენივრად მუშაობს“.
ლექვინაძის შეფასებით, “ქრისტიან–დემოკრატები” ეკონომიკურად არადასაბუთებული განცხადებებით გამოირჩევიან: „ისინი ბოლო დროს ჰგვანან “ლეიბორისტებს”, რომლებიც მუდმივად ქონების ჩამორთმევაზე საუბრობენ. ასეთი ტიპის იდეებს უარყოფითი შედეგი მოაქვს. ქდმ–ს წევრებს ვურჩევ, გადახედონ მსოფლიო ეკონომიკის პრაქტიკას. ბიზნესის ნაციონალიზაციის შემთხვვაში ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუარესდება“.
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” კომპანიების – “თელასისა” და “ენერგო–პრო ჯორჯიას ” აქციების გამოსყიდვას აპირებს.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ამის შესახებ ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „1 ოქტომბერს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” 10 ნომრის შემოხაზვა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანი ტარიფები და ქართული ენერგეტიკა ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგება“.
თარგამაძის თქმით, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ეს გეგმა რეალურად ამუშავდება: “1 ოქტომბერს 10 ნომრის შემოხაზვა ნიშნავს გაზის ტარიფის გაიაფებას, ასევე ჩვენ ჩავდებთ 1 მილიარდ ლარს და გამოვისყიდით “თელასისა” და “ენერგო-პროს” აქციებს, რომლებიც მთლიანად გადავლენ ხალხის სამსახურში. ამით შემცირდება კომუნალური გადასახადები”.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსების წინასაარჩევნო განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ: “ჩეხურ „ენერგო პროს“ კომპანიის 100 პროცენტი აქვს საკუთრებში. ამ დროისათვის არ მიდის საუბარი წილის გასხვისებაზე. ენერგოკომპანია არის ძლიერი ბიზნესსუბიექტი და არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.“
„ქრისტიან–დემოკრატების“ წინასააარჩვენო დაპირებაზე კომენტარს არც „თელასი“ აკეთებს. თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი, ვალერი ფანცულაია ამბობს, რომ „ვინ რას შესთავაზებს კომპანიას, ეს მომავლის საქმეა. ჯერჯერობით ამ საკითხის კონკრეტული განხილვა არ ყოფილა.“
ენერგოტარიფების შემცირების თემა “ქრისტიან–დემოკრატებმა” 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც წამოსწიეს: „დენი 10 თეთრად, გაზი 5 თეთრად და წყალი უფასო“, თბილისის საკრებულოში მანდატები პოლიტიკურმა პარტიამ ამ დაპირებით მიიღო.
თბილისის საკრებულოს წევრი, 2012 საპარლამენტო არჩევნებზე “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიატრობის კანდიდატი კრწანისის რაიონში ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ენერგოტარიფებზე გავლენა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი პარტია მთავრობაში უმრავლესობით მოვა:
„უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში კომპანიებს საბაზრო ფასს შევთავაზებთ და დავიწყებთ “თელასის” და “ენერგო პრო ჯორჯიას” გამოსყიდვის პროცედურას. აქამდე მცდელობა არავის არ ჰქონია, რომ ამ კომპანიების ნაციონალიზაცია მომხდარიყო. როცა აქციების მართვის პაკეტების გამოსყიდვა მოხდება, შესაძლებელი იქნება ტარიფების გაიაფება.“
მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ „თელასი“ და „ენერგო–პრო ჯორჯია“ არ გაყიდიან კომპანიებს და წილს არ დათმობენ?
„თუ კომპანია იტყვის უარს, არანაირი ზემოქმედების საშუალებები არ არსებობს. ეს მისი კუთვნილი წილია და შეეცდება ისე განკარგოს, როგორც მას მიაჩნია სწორად. ეს არის ვარაუდი და ალბათობა. თქვენ დამისახელეთ რომელიმე წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ალბათობისგან ან ვარაუდისგან არის დაცული”, – ამბობს ზაზა გაბუნია.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, თუ კომპანიამ წილი არ დათმო, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ჩამორთმევაა: „ასეთი პრეცედენტი მოხდა ვენესუელში. კერძო მფლობელებს ჩამოართვეს ცემენტის ქარხნები და ბენზინგასამართი სადგურები. ინვესტორებს მცირე კომპენსაცია გადაუხადეს და ის გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. საქართველოში ასეთი რამ არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით ქონების ნებაყოფლობით გადაფორმებას, რაც სხვა თემაა და ამასთან კავშირი არ აქვს.“
ლექვინაძის თქმით, ინვესტორს წილი იმ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას, თუ ის არ ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. რომელიც ვალდებულების სახით აიღო, როცა სახელმწიფოსთან გარიგებაში შევიდა.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, „ქრისტიან–დემოკრატების“ განცხადება ბიზნესის ნაციონალიზაციის შესახებ ეკონომიკურად დაუსაბუთებელია:
„არანაირი საჭიროება არ არის იმისა, რომ მოხდეს “თელასის” და მსგავსი ტიპის ობიექტების ნაციონალიზაცია. როცა ისინი საუბრობენ იმაზე, რომ აქ მიზანია ტარიფების შემცირება, ამისთვის არსებობს სხვა ბერკეტები. მარეგულირებელი კომისია წყვეტს ტარიფის საკითხს. თუ ხელისუფლებაში მოვა ეს პარტია, ბიუჯეტიდან რატომ უნდა გადაიხადოს ფული, როცა სემეკის მეშვეობით შესაძლებელია ოპტიმალური ტარიფის დაწესება?!“
სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტარიფების გადახედვის უფლება კომისიას მხოლოდ კომპანიის მომართვის საფუძველზე აქვს.
“ენერგო–პრო ჯორჯიას” 100 პროცენტს 2007 წლიდან “ენერგო-პრო” ფლობს. „თელასის“ 75 პროცენტს „ინტერ რაო ეეს“-ი, ხოლო 25 პროცენტი სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის საკუთრებაშია.
„თელასშიც“ და „ენერგო–პრო ჯორჯიაშიც“ აცხადებენ, რომ ტარიფების გადახედვის განაცხადით კომპნიები ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიას არ მიმართავენ.