ახალი ამბები

რაიონული ოფისების გარეშე დარჩენილი ოპოზიციური პარტიები [Video]

30 ოქტომბერი, 2012 • • 1917
რაიონული ოფისების გარეშე დარჩენილი ოპოზიციური პარტიები [Video]

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი პარლამენტში სასესიო კვირის დამთავრების შემდეგ საგარეჯოში იმყოფება და კოალიციის ოფისში ატარებს შეხვედრას აქტივისტებთან.

“ქართული ოცნების” საგარეჯოს შტაბს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი გია კევლიშვილი ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ შტაბი თითოეული საარჩევნო უბნის შედეგებს აანალიზებს, დაახლოებით 1 კვირაში კი გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია წარმომადგენლობას საგარეჯოში.

დეპუტატი თინა ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ თავადაც ზუსტად არ იცის, შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია საგარეჯოში

ქდმ–ს ყოფილი შტაბის ოფისი ქირავდება
ქდმ–ს ყოფილი შტაბის ოფისი ქირავდება

ქურხული. ე.წ. გაღმა უბანში მდებარე კომისარიატში განთავსებულ “ქრისტიან–დემოკრატების” პარტიულ ოფისს გარედან აბრა გამოკრული არ აქვს. მადონა ქურხული ამბობს, რომ ამის უფლება კომისარმა არ მისცა, რადგან შენობა სამხედრო კომისარიატის საკუთრებაა. მან არც ის იცის, დაიქირავებს თუ არა პარტიის ხელმძღვანელობა პარტიისთვის ოფისს საგარეჯოში.

“ახალმა მემარჯვენეებმა” საქართველოს ყველა რაიონში 63 რაიონული ოფისი დახურეს, 5 ოფისი, ასევე, დაიხურა თბილისში. მიზეზად ფინანსების არქონას და რამდენიმეთვიან ტაიმაუტს ასახელებენ.

“ახალი მემარჯვენეების” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში დავით მაისურაძე იხსენებს, რომ რაიონში პარტიული წარმომადგენლობა არჩევნებამდე 6 თვით ადრე გაიხსნა.

“ოფისში მოსახლეობა ნაკლებად მოდიოდა, ძირითადად, პარტიის აქტივი იკრიბებოდა იმიტომ, რომ ისეთი არჩევნები იყო, ყველაფერი “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას შორის იყო გაყოფილი. წინა არჩევნებზე უფრო დიდი აქტივობა იყო ჩვენს ოფისში, ვიდრე ახლა. ყველაფერი ხომ ფინანსებზეა დამოკიდებული?! პარლამენტში ვერ გავედით. პარლამენტში რომ გავსულიყავით, ბიუჯეტიდან მივიღებდით 1 მილიონ ლარს, რის შემდეგაც რაღაცების შენარჩუნება შეიძლებოდა. რადგან 1%–ანი ბარიერიც ვერ გადავლახეთ, პარტიას დრო ჭირდება. ავიღეთ სამთვიანი ტაიმაუტი. შევხედავთ ახალ ხელისუფლებას, რა პრობლემები იქნება, როგორ იქნება და აქედან გამომდინარე, ვიმოქმედებთ”, – განუცხადა დავით მაისურაძემ “ნეტგაზეთს”.

მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობის ნაკლებობაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით, სიტუაცია უნდა დალაგდეს, მთავრობამ საქმიანობა დაიწყოს და საგარეჯოს საკრებულომ ახალი გამგებელი აირჩიოს, რადგან ყოფილმა გამგებელმა არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობა დატოვა.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ხალხმრავლობაა “ქართული ოცნების” ოფისში. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მასთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობამ იმატა. მოსახლეობა სხვადასხვა სოციალური საკითხის მოგვარების თხოვნით მიდის.

“ყველანაირი საკითხის გასარკვევად მოდიან, დაწყებული ოპერაციის ფულის საჭიროებით, დამთავრებული უკანონოდ დაჭერილებითა და სამსახურიდან გათავისუფლებით. არის არარეალისტური მოლოდინებიც. არის რაღაცეები, რაც გამგეობამ უნდა გააკეთოს, ასევე, არის სამინისტროთა კომპეტენციის საკითხები, თუმცა, იმ ადამიანებისთვის, ვინც სოფლად ცხოვრობენ, ამ უფლებამოსილებებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ. ჩვენი ამოცანაა, მოვისმინოთ ყველა პრობლემა და შესაბამისი სტრუქტურა ჩავაყენოთ საქმის კურსში”, – აცხადებს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი.

სოფელ პატარძეულის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე თინა პაპიაშვილი, რომელიც სამსახურიდან 2010 წელს გაათავისუფლეს, მიიჩნევს, რომ უკანონოდ დააწერინეს განცხადება.

“მინდა, რომ თინას შევჩივლო ჩემი პრობლემა, იქნებ რამდენიმე თვით მაინც აღმადგინონ სამსახურში”, – ამბობს პაპიაშვილი და იქვე დასძენს, რომ არასდროს არც ერთი პარტიითვის არ მიუმართავს დახმარებით, გარდა ხელისუფლებაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობისა”.

საგარეჯოს მცხოვრებთა ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, აცხადებს, რომ პარტიების აქტივობებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამჩნევენ, სხვა დროს კი მათ შესახებ არაფერი ესმით და არც დაინტერესებულან მათი საქმიანობით. მათ არც ის გაუგიათ, რომ საგარეჯოში “ქართული ოცნების” გარდა, ყველა პარტიის ოფისი დახურულია.

“თუ რამე დამჭირდა, გამგეობაში მივალ,” – აცხადებს საგარეჯოს მცხოვრები ნელი მეფარიძე. ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან იგებს და მათ ადგილობრივ აქტოვობებს არ იცნობს.

“არჩევნებამდე არც ერთი პარტიის საქმიანობის შესახებ საგარეჯოში არ გამიგია. არჩევნები რომ დაიწყო, კი გამოჩნდნენ. არ მახსოვს, რომ ოდესმე რომელიმე პარტიასთან შეხვედრა ან რამე ყოფილიყო. არც კი ვიცი ოფისები თუ დახურეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საგარეჯოს კიდევ ერთმა მცხოვრებმა გულო მთვარაძემ.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი