დავით ბეგიაშვილი ჰოლდინგური კომპანია “ვაკე-5”-ის და “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელია. ის ღიად აცხადებს, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილია დაინტერესებული და ამის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
“ჩემი დღევანდელი მდგომარეობაა: განადგურებული ბიზნესი, ჩამორთმეული თუ დაყადაღებული ქონება, ვარ ბრალდებული რამდენიმე მძიმე მუხლით, იძულებით ემიგრირებული და ძებნილი”, – აღნიშნავს ბეგიაშვილი.
დავით ბეგიაშვილმა ხელისუფლებისგან რეპრესირებული კომპანიები დაასახელა: „დაჯარიმებული და შეზღუდული კომპანიებია: ლუდისა და ღვინის მწარმოებლები – „ყაზბეგი“, „ბადაგონი“, „ქართუ ჯგუფი“, მედიაოპერატორები – „გლობალ-ტვ“ და „მაესტრო“, კორპორაცია „ჩემი სახლი“.
ლუდის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელი გოგი თოფაძე, რომელიც იმავდროულად ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის “ქართული ოცნების” წევრია, დავით ბეგიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება:
„საქართველოში ნომენკლატურული ბიზნესი არის წახალისებული და ყველაფერი მათ ხელშია. ყველამ ვიცით, როგორ უჭირს დამოუკიდებელ ბიზენსს საქართველოში. რამდენიმე წლის წინ „კმარელები“ შეუსიეს სავაჭრო ობიექტებს, „ყაზბეგი“ არ მიიღოთ, თორემ ფინანსური შემოვაო. ამ ტერორის შედეგად სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში „ყაზბეგის“ ნაწარმს ვერ ნახავთ. ზეწოლის შედეგად კომპანიამ ადგილობრივი ბაზრი დაკარგა“.
გოგი თოფაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ანალოგიური სიტუაციაა ღვინის ბიზნესშიც:
„ერთ ცნობილ რესტორანში მოვითხოვე ღვინო და „თელიანი ველი“ შემომთავაზეს. მე სხვა მარკის ღვინო მინდა-მეთქი, მომიტანეს, მაგრამ მითხრეს, ეტიკეტი კედლისკენ მიაბრუნეთო. კიდევ ერთხელ ვიტყვი: საქართველოში წარმატებულია მხოლოდ ნომენკლატურული ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სახელისუფლებო წრეებთან.“
„ნეტგაზეთი“ ღვინის მწარმოებელ კომპანია „ბადაგონსაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები საქართველოში არ იმყოფებიან და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ, განხორციელდა თუ არა მათი კომპანიის წინააღმდეგ რეპრესიები.
რადიო “მაესტროს” გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესი დატერორებულია:
„უჭირს მედიაბიზნესს და ცუდ პირობებში უწევს მუშაობა. ამ სფეროს ის პრობლემები აქვს, რომ ბიზნესმენებს ეშინიათ რეკლამის მოტანა. ამიტომაც ქართული პროდუქციის რეკლამა განთავსებულია ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ურეიტინგო არხებზე. სწორედ ამიტომ არ არის მრავალფეროვანი რეკლამა „მაესტროში“. არის შიში, რომელიც დათესა ხელისუფლებამ.“
კომპანია „გლობალ ტვ“–ის განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობა ამ დროისთვის შეჩერებულია:
„კომპანია დაყადაღებულია და ათასობით თანამშრომელი არის სამსახურის გარეშე. ჩვენი კონკურენტები გააფთრებული მუშაობენ ბაზარზე. მათ ჩვენი პოტენციური აბონენტები აჰყავთ. ძალიან რთულია ასეთ პირობებში მუშაობა.“
ზურაბ ბაზლიძის თქმით, სატელიტური თეფშების ბაზარი დაეკეტილია: „ვერ შემოაქვთ ეს თეფშები კომპანიებს, რომლებიც მისი რეალიზაციით არიან დაკავებულნი. შესაბამისად, მედიაბიზნესი ვერ ვითარდება, რადგან ინფორმაციის გავრცელება შეუძლებელია“.
„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ ბიზნესჯგუფს ხელისუფლება უკვე 10 თვეა ებრძვის: „ხელისუფლება ყველაზე აღვირახსნილი მეთოდებით გვებრძვის. ეს ბიზნესი ტერორშია. ხელისუფლების მხრიდან დატერორების საფრთხე ყოველ წუთს არის არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესისათვის. შეიძლება მალე სახლშიც შემოგვივარდნენ“.
კითხვაზე, თუ როგორი ბიზნესგარემოა საქართველოში და რამდეანად საფუძვლიანია დავით ბეგიაშვილის განცხადება, „ნეტგაზეთს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ უპასუხეს. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ.
„ნეტგაზეთმა“ ამ თემაზე კომენტარის მოპოვება მმართველი პარტიის წევრებისაგანაც სცადა, თუმცა, ორიდღიანი მცდელობის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ამ საკითხებზე სასაუბროდ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბიზნესი უკვე ორი კვირაა, რაც ბიზნესომბუდსმენის გარეშეა დარჩემნილი. გიორგი პერტაია სამუშაოდ საინვესტიციო სააგენტოში გადავიდა. ბიზნესომბუდსმენის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.