საქართველო ბენზინისა და დიზელის ხარისხის შემოწმებას იწყებს

ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი საქართველოში მაისიდან დაიწყება. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის მიხედვითაც:

⇒ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის  იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის  ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

⇒ 9 000 ლარის ოდენობით კომპანიის დაჯარიმებას გამოიწვევს ქვეყნის  ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს.

⇒ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის  ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ბენზინი და დიზელი?

საქართველომ ბენზინის სტანდარტი 2004 წელს დაადგინა. მთავრობის მაშინდელი განკარგულებით, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია აწერს, ბენზინის ხარისხი ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა გაუმჯობესებულიყო. ისევე როგორც დიზელის ხარისხი, რომლის სტანდარტიც 2005 წელს განისაზღვრა.

მაგალითად, 2010 წლის 1 იანვრამდე  ბენზინში ტყვიის დასაშვები შემცველობა  არაუმეტეს 0.013 გ/ლ იყო, რაც მოგვიანებით უნდა შემცირებულიყო.


 

2016-17 წლებში ბენზინში სხვადასხვა ნივთიერებების შემცველობა უნდა შეადგენდეს:

⇒ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ;

⇒ ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1 %;

⇒არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%;

⇒ გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ;


 

2016 წელს დიზელისთვის დადგენილია შემდეგი სტანდარტი:

⇒ ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

⇒ გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 150 მგ/კგ;

⇒ სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3;

⇒ პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.

რატომ არ კონტროლდებოდა ხარისხი აქამდე?

მართალია, საქართველომ 2004-05 წლებში დაადგინა ბენზინის და დიზელის ხარისხის სტანდარტი,  აქამდე არ იყო განსაზღვრული მაკონტროლებელი ორგანოები.  კანონით ასევე არ იყო განსაზღვრული სანქციები სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში.

მარტში ცნობილი გახდა, რომ  სამი უწყება განახორციელებს კონტროლს  და ნორმების დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს 8-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ.

მოულოდნელი კონტროლი

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ნავთობკომპანიები პერიოდულად და მათგან სრულიად მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოწმდებიან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ აღებული სინჯები ლაბორატორიებში გაიგზავნება. მათივე ინფორმაციით, საწვავის სინჯები ადგილობრივი ლაბორატორიების გარდა, შესაძლოა, საზღვარგარეთაც შემოწმდეს.

კორკოტაძე მიუთითებს, რომ  უხარისხო საწვავი ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედებას ახდენს, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება.  

ბაზრის რეაქცია

ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლს  „ნეტგაზეთთან“საუბრისას ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აფასებს. მისი აზრით,  ხარისხის კონტროლი ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს.

მთვრალაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება ყველა მეწარმე სუბიექტმა უნდა დაიცვას, თუმცა ასევე მიუთითებს, რომ კონტროლმა არ უნდა შეაფერხოს ბიზნესი.

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს თავისი მანდატიდან გამომდინარე და განახორციელოს კომპანიების კონტროლი და მონიტორინგი. მაგრამ ეს კონტროლი არ უნდა იყოს დამატებითი ბიუროკრატიული წნეხი და ბიზნესის შემაფერხებელი. ეს უნდა იყოს მონიტორინგი, ყველა კომპანია, ცნობილიც და ნაკლებად ცნობილიც უნდა დაექვემდებაროს ამ რეგულაციას. მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოება გაიგებს, რა პროდუქტის მომხმარებელია და ეს ვითარებაზე  მხოლოდ  დადებითად იმოქმედებს“ – განაცხადა მთვრალაშვილმა.

მთავრობის დადგენილებას ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც აფასებენ. როგორც „ნეტგაზეთს“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა, მათი კომპანია მოტივირებულია, რომ ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის პროდუქცია იყოს, შესაბამისად, მათთვის საწვავის ხარისხის კონტროლი მისაღებია.

„კონკურენციას თავისი თამაშის წესები აქვს, ჩვენ არ ვემხრობით ისეთ კომპანიას, რომელიც კონკურენციას გვიწევს დაბალი ხარისხით და მაქინაციებით, და რომელიც ამით ცდილობს მიიღოს დაბალი ფასი. ჩვენ ვემხრობით კონკურენციას, რომელიც დაფუძნებულია ხარისხიანი პროდუქციის იმპორტზე“ – აცხადებს ხორავა.

„ლუკოილის“ გენერალური დირექტორი შავლეგ მიშველაძე კი „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნული დადგენილების შესახებ საქმის კურსში იყვნენ, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებიც არსებობდა.

„ამ მოვლენას ვხვდებით როგორც ფაქტს და როგორც დადებით საკითხს, რაც ხვალ, ზეგ და მაზეგ ქვეყანაში ხარისხიანი საწვავის შემოსვლის გარანტიას შექმნის. კონკურენცია არ არის ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში. ყველას უნდა შემოჰქონდეს და სარეალიზაციო ქსელში ყიდდეს იმ ხარისხის საწვავს, რასაც ითვალისწინებს ქვეყნის კანონმდებლობა“ – განაცხადა მიშველაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი