ახალი ამბები

საწვავის 100 ნიმუშიდან 28-ში დარღვევა გამოვლინდა — ზედამხედველობის დეპარტამენტი

31 იანვარი, 2024 •
საწვავის 100 ნიმუშიდან 28-ში დარღვევა გამოვლინდა — ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, უწყებამ საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი“, — აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

სახელმწიფო უწყების ცნობით, მათ სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი