Interviewsხელოვნება

„სანამ არ იცი როგორ დაუკრა, ვერ დაარღვევ ჩარჩოებს” – საუბარი გიორგი გიგაშვილთან

11 მაისი, 2023 • 1895
„სანამ არ იცი როგორ დაუკრა, ვერ დაარღვევ ჩარჩოებს” – საუბარი გიორგი გიგაშვილთან

გიორგი გიგაშვილი არის მუსიკალური სამყაროსთვის კარგად ნაცნობი პიანისტი და შემსრულებელი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სწავლობდა  ჟენევის მუსიკალურ სკოლაში. წარმატებით მართავს კონცერტებს გერმანიასა და შვეიცარიაში. რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „Meeting My Shadow”. 

მიღებული აქვს მონაწილეობა საფორტეპიანო კონკურსებში, 2021 წელს მოიპოვა პირველი ადგილი ბად-კისინგენში ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე „Kissingen Klavier Olymp”. 2023 წლის 30 მარტს კი დაიკავა მეორე ადგილი არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე.

საუბარი გიორგი გიგაშვილთან:

არტურ რუბინშტეინის სახელობის საფორტეპიანო კონკურსი

სამი წელია, რაც საერთოდ არ ვყოფილვარ კონკურსზე. კორონამდე იმდენ კონკურსზე დავუკარი, ძალიან მიჩვეული ვიყავი და ასეთი ნერვიულობა არ მქონია. ახლა თითქოს პირველად გავდიოდი, იმდენად დავიწყებული მქონდა საკონკურსო შფოთვა, ძალიან სტრესული იყო, როცა ჩავედი. პირველ ტურში ძალიან მიკანკალებდა ხელი, ისე, რომ მეგონა, ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა.

კონკურსის შემდგომი პერიოდი – განწყობა და დაღლა

მეორე ადგილი ამხელა კონკურსზე ძალიან მაგარია და საერთოდ არ მახსოვს  ის, რომ პირველი უფრო მაგარი იქნებოდა. პირველ დღეს, როცა გამოაცხადეს პასუხები, შეიძლება ოდნავ გული დამწყდა და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მეორე დღიდან მორჩა. მეორე დღიდან ვლოცულობდი, რომ მალე ჩამოვსულიყავი აქ და ოდნავ დამესვენა. ახლა რაღაცნაირად ვისვენებ, ვხვდები, რომ ფიზიკურად და შინაგანად ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან დაღლილი. იმიტომ, რომ 17- დღიან გადაბმულ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი.

სიცარიელეს ტოვებს? ძალიან დიდი რაღაც მორჩა და…

კი, კი, ძალიან. თან რაღაცნაირად ამ კონკურსზე იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ მორჩა და 100-იდან 0-ზე ჩამოვიდა, პირობითად რომ ვთქვათ… კი, რაღაც სიცარიელე არის, მაგრამ ძალიან მჭირდება ეს. იმიტომ, რომ იმითაც ძალიან შევწუხდი, რომ ყველა მწერდა. ყურადღებით და მოლოცვებით კი არ შევწუხდი, უბრალოდ სულ მადლობის გადახდაში ვიყავი და ახლა დავმშვიდდი.

კომპრომისი და კონკურსი. არსებობს კომპრომისი, რაზეც გიწევს წასვლა, როცა კონკურსზე გადიხარ და იცი, ბოლომდე როგორც გინდა, ისე რომ დაუკრა, შედეგს ვერ მოიტანს?

ახლა იყო პირველად, როცა ფეხებზე დავიკიდე ეგ და მაინც ისე დავუკარი, როგორც მინდოდა. ამჯერად სრულად ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორ დავუკრავდი და გაამართლა, მაგრამ 90% შემთხვევაში არ ამართლებს და ისინი არიან პირველადგილოსნები, ვინც ჟიურის ერგებიან და არა პირიქით.

კონკურსების დიდი გამოცდილება. მიდგომის ცვლილება წლებთან ერთად, მეტი თავისუფლება

თავისუფალი ადრეც ვიყავი, მაგრამ ახლა რომ ვუსმენ, ვხვდები, უბრალოდ ქაოსური ვიყავი და არა – თავისუფალი. ახლა ვისწავლე და მივხვდი, როგორ დავუკრა. სანამ არ იცი, როგორ დაუკრა, ვერ დაარღვევ ჩარჩოებს…  ადრე ასე თუ ხდებოდა, არ ვიცოდი და კიდევ მარცხნივ მივდიოდი. ახლა რომ ვიცი, იქიდან გამოვდივარ და უფრო ლოგიკური ხდება დაკვრა და ეგაა თავისუფლების მიზეზი.

პროგრამა, რომელსაც მუდმივად, შეიძლება ითქვას, სპორტულად ამუშავებ, რა გინარჩუნებს მოტივაციას, სულ რაღაცას ეძებ და პოულობ, თუ ეგეც იკარგება რუტინაში?

იკარგება ძალიან ბევრ ნაწარმოებში. მაგალითად, ბეთჰოვენში მეკარგება ხოლმე. იმიტომ, რომ ბეთჰოვენში იმხელა თავისუფლება მაინც ვერ მაქვს, როგორც, მაგალითად, თანამედროვე კომპოზიტორებში, მაგრამ ამას ანაზღაურებს პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი, ლიგეტი, ბარტოკი… რომლებიც იმდენად მიყვარს, რომ ყოველი დაკვრის დროს სულ ვეძებ რაღაც ახალს.

კლასიკური მუსიკის პროგრამა საქართველოში

ეგ ძალიან რთული თემაა. იმიტომ, რომ მგონია, ჩემ გარდა, აქ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. მგონია, რომ რასაც ისწავლიან, იმას დებენ კონცერტშიც, ის უნდა დაუკრან. მაგალითად, ლისტის სონატას და შუმანის ნაწარმოებს თუ ვისწავლი, და ახლა ვისწავლე ეგენი, აუცილებლად ერთ კონცერტში უნდა დავუკრა. არ არის ეგრე და არ მუშაობს ხშირად კონცერტზე ერთად. ძალიან ხშირად, არა მხოლოდ იმიტომ არ მოგვწონს პიანისტი როგორც უკრავს, არამედ როგორც არ უნდა დაუკრას, პროგრამა არ მუშაობს. როგორც სპექტაკლი იდგმება, ისე უნდა იყოს აწყობილი, თავისი დრამატურგია ან კონცეპტი უნდა ჰქონდეს ყველანაირ კლასიკური მუსიკის კონცერტს.

„რაღა დროს კლასიკური მუსიკაა” – კონცერტი-მარათონი და პროგრამა

ახლა ვხვდები, რომ ეს მარათონი, პირველ რიგში, კონკურსისთვის, ფიზიკური გამძლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი. მაშინ საერთოდ არ აღვიქვამდი ასე და უმნიშვნელოვანესი ყოფილა. ეს ერთდღიანი სიკვდილი, რომელიც მქონდა სამი კონცერტით, მერე მივხვდი, რომ ძალიან მომეხმარა კონკურსის სტრესის დაძლევაში.

რადგან სამი კონცერტი იყო და დიდი ხნის მერე პირველად მქონდა სოლო კონცერტი, მინდოდა ეპოქების მრავალფეროვნება მეჩვენებინა. უფრო Show Off იყო ეს კონცერტი, ვაღიარებ ამას და არც არის ცუდი. სჯობს Show off  იყოს, ვიდრე – „ნახეთ, რა მუსიკას ვუკრავ“. მინდოდა, პროგრამა  მე-18 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ყოფილიყო, რაც შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ სხვა პროგრამა რომ მქონოდა, მაგალითად, ბევრი ერთი ეპოქის ნაწარმოები, რომანტიზმი: შუმანი, ლისტი, შოპენი, სამ კონცერტს ვერ დავუკრავდი. იმიტომ, რომ ეპოქების სტილის შეცვლა ძალიან დამეხმარა,  უფრო მარტივად ჩატარებულიყო ეს სამი კონცერტი.

მიზანი, რაც გქონდა, ამ გადასახედიდან რომ უყურებ, გამოგივიდა?

კი. იმიტომ, რომ ამდენი ჩემხელა ადამიანი კლასიკური მუსიკის კონცერტზე არასდროს არ მინახავს, არასდროს.

პოპ-მუსიკა. იყო მიზანი  ადამიანები, რომლებიც პოპ-მუსიკაში გისმენენ, კლასიკური მუსიკისკენ წამოგეყვანა?

მაგისთვის არ დამიწყია, მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ძალიან კარგია ეგ. იცი, რა არის?.. როგორც არ უნდა აკეთებდე საქართველოში დღეს პოპ-მუსიკას და როგორც არ უნდა მღეროდე ქართულ სიმღერას, მაინც ადვილად ხდები პოპულარული, ძალიან მარტივია ეგ. თუ ოდნავ კარგი ხმა გაქვს და სმენა, შეგიძლია ფეისბუკზე შენი გადაღებული ვიდეო დადო და 10 000 ლაიკი გქონდეს ერთ დღეში. მაგას დავანებოთ თავი, მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი, რომ ობიექტურად ვერ იტყვი, მე კარგად ვაკეთებ რაღაცას პოპ-მუსიკაში თუ ცუდად. მაგრამ ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მისმენს და მერე, როცა კლასიკური მუსიკის აფიშას დაინახავს, შეიძლება უბრალოდ მოვიდეს და მოეწონოს.

გასაზრდოებს ეს ყურადღება, რაც პოპ-მუსიკაში გაქვს? რაც კლასიკურ მუსიკაში გაკლდ(ებ)ა, აქეთ ინაზღაურებ? 

დღეს რაც ვარ, ორი გიორგი გიგაშვილის შეერთება მივიღე. იცი, რა არის?.. ასევე მასაზრდოებს იმით, რომ არასოდეს იმაზე აღარ ვნერვიულობ, ბილეთი გაიყიდება თუ არა და ეგ არის ძალიან დიდი კომფორტი. მართლა ძალიან დიდი კომფორტია, რომ აღარ ვნერვიულობ იმაზე, ვაიმე, ახლა დარბაზი რომ ცარიელი იყოს?.. იმიტომ, რომ სულ იყიდება ბილეთები. იაფფასიანი გზით რომ მივუდგეთ, რაც ძალიან კარგია.

მოვა დრო და კლასიკური მუსიკა და პოპ-მუსიკა მკაფიოდ გაიმიჯნება შენთვის?

მგონია, რომ მკაფიოდ ვარ გამიჯნული. პოპ-მუსიკაზე იმდენად არ ვხარჯავ  დროს და ფიქრით სულ აქეთ ვარ, ვერც ვხვდები, რომ ეს ორია. თან ისეთი ნიჭიერი მეგობრები შემხვდნენ, რომ ბევრი მუშაობა, ბევრი რეპეტიცია და ბევრი ტვინის ჭყლეტა არ გვიწევს და ყველაფერი რაღაცნაირად ბუნებრივად ხდება.

როცა, მაგალითად, 4 საათს ვიმეცადინებ შუმანს ან შოპენს, მერე შეიძლება საღამოს გავიდე და მე, ნინიმ და ჯანგომ ვირეპეტიციოთ 1 საათი კონცერტისთვის, რაც სრულიად საკმარისია.

ესე იგი იმას ემხრობი, რომ ეს ორი ბოლომდე ერთად შეიძლება აკეთო

კი, კი და ვინც არ ემხრობა და არ ეთანხმება ამას, იმას უბრალოდ მაგალითი არ ჰყავს და თუ მაგალითი ჰყავთ, არიან ისეთი მაგალითები, ვინც ორივე ქნა და ორივეში დაიკარგა, მაშინ არ ეკეთებინათ ორივე.

ჩაკეტილი კლასიკური მუსიკის წრე.  რამდენად აფერხებს განვითარებას, რამდენად გიქვეითებს მოტივაციას, როცა უკრავ და ზუსტად იცი, ვინ მოვა შენ მოსასმენად?

მე აღარ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ მათზე, ჩემ მერე ვინც იქნება. იმიტომ, რომ რაღაცნაირად მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჯერ ის პერიოდი გავიარე, როცა სულ ერთი და იგივე ადამიანები მოდიოდნენ. მერე ნინისთან და ჯანგოსთან რომ დავიწყე სიმღერა, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დადიოდნენ, სულ ახალ-ახალ ადამიანებს ვხედავდი კონცერტზე.

კი, დახმარება საერთოდ არ გაქვს, როცა დამწყები მუსიკოსი ხარ კლასიკური მუსიკის სფეროში და რაღაცნაირად შენით უნდა გაიტანო, თუ საინტერესო იდეა გაქვს. დღეს უეჭველად გეყოლება მინიმუმ ერთი ადამიანი გვერდით, თუ გააცნობ შენს საინტერესო იდეას. მაგალითად, ნანა შარიქაძე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა კონსერვატორიის რექტორი შენ გვერდით არის. იმიტომ, რომ  კონსერვატორიაში უკვე ისეთი ხალხია, ძალიან ბევრი ახალ იდეაში არ აგიბამს მხარს.

სივრცე შეცდომებისა და ცდისთვის

ცდა, როგორც ცდა, ამ სიტყვის ორიგინალური გაგება არ გვაქვს. როცა ადამიანი პირველად რაღაცას ცდი, ძალიან ლოგიკურია, რომ ვიღაცას მოეწონოს ან არ მოეწონოს. დავანებოთ თავი იმათ, ვისაც მოსწონს. ვისაც არ მოსწონს, ის მეორედ აღარ მივა იმის კონცერტზე, ვინც არ მოეწონა, ასეა ჩვენს სივრცეში და ეს (ერთი კონცერტით შეფასება) არის სრული სისულელე. ეგ გვაქვს ჩვენ. ძირითადად პედაგოგები არიან ასე, თუ მისი მოსწავლე არ ხარ, მეორე შანსის მიცემა საერთოდ აღარ ხდება და ეს ძალიან ცუდი და სახიფათოა იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ჩემნაირი მყარი „მე” არა აქვს და დამოკიდებულია სხვის აზრზე, რაც ძალიან მესმის.

გამოცდილება. განსხვავება აქ და შვეიცარიაში, განვითარების შესაძლებლობა

განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა იმიტომ არის სხვაგან, რომ სხვაგან, მაგალითად, შვეიცარიაში, კონსერვატორიის პატარა კონცერტსაც  აუცილებლად ესწრება ერთი აგენტი, მენეჯერი ან გაზეთის კრიტიკოსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არც მენეჯერი გვყავს, არც აგენტი და არც, მით უმეტეს, კრიტიკოსი, ამ პროფესიის საღი გაგებით.

რანაირად უნდა განვითარდე, როცა არ არსებობს ადამიანი, ვინც კარგ პიანისტს ხელს მოჰკიდებს კარგი კონცერტის მერე. რამდენი კარგი კონცერტი უნდა ჩაატაროს კარგმა პიანისტმა, რომ თავი ირჩინოს?.. იმიტომ, რომ კარგი მსახიობი შეიძლება შტატში იყოს და პატარა ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს, პიანისტს კი კონცერტი თუ არ ექნება, შანსი არ აქვს.

თან ეს არ არის ის სივრცე, სადაც ექნებათ კონცერტი

ზუსტად. მერე ძალიან მესმის პიანისტების, რაღად უნდათ კონცერტი, რისთვისღა აკეთონ კონცერტები. აღარ არის კონცერტის გაკეთების მოტივაცია. არ ვიცი…

ჩემი  ერთ დღეს სამკონცერტიანი კონცერტის მიზანი ისიც იყო, რომ ჩემზე ცოტა პატარა ან დიდი პიანისტებისთვის მეთქვა, მათი კონცერტებიც უფრო საინტერესო რომ იყოს, იქნებ იაროს ხალხმა და იქნებ ამ გზით მაინც წავიდნენ, მაგრამ მათი ბრალი არ არის ეს და მათ ვერ ვეტყვი ამას. არ ვიცი, ვის უნდა ვუთხრათ, ალბათ ისევ კულტურის სამინისტროს, რომ მეტი ფული ჩადონ ამაში. დაეხმარონ და დაუფინანსონ სწავლა უცხოეთში, ვისაც წასვლა უნდა. დაეხმარონ ამ პიანისტებს კონცერტის გამართვაში, მცირე დარბაზში მაინც. იმიტომ, რომ თუ ვინმე მეცენატი არ არსებობს, ვინც ფულს ჩადებს ამაში, რჩება სახელმწიფო. ან რა ვალდებულია მეცენატი, თუ მართლა არ უყვარს კლასიკური მუსიკა და მართლა არ უნდა ახალგაზრდების დახმარება. ვალდებული უნდა იყოს კულტურის სამინისტრო.

ეს სივრცე არანაირად არ არის მორგებული ახალგაზრდებზე. სტუდენტური ფასდაკლებაც არ არსებობს ოპერასა და კონსერვატორიაში.

ოპერაც რომ აიღო, ოპერაშიც სულ ერთი და იგივე ხალხი დადის.  მგონია, რომ ოპერაში უფრო ერთი და იგივე ხალხი დადის, ვიდრე კონცერტებზე, და ასევე, ოპერას მაინც არ სჭირდება იმდენი პოპულარიზაცია, რადგან უფრო გასართობ, „შოუს“ ელემენტებზეა დაფუძნებული. არ ვსაუბრობ აქაურ ხარისხზე, მხატვრობაზეც კი არ ვსაუბრობ, რა საშინელებაა და როგორც არ მომწონს. ჩრდილოეთის გავლენა დღესაც იგრძნობა ამ ყველაფერში, მაგრამ არ ვიცი… ძალიან ბევრი პრობლემაა და მთავარ პრობლემას, რომლიდანაც ბევრი პრობლემა კალაპოტებივით გამოდის, მივყავართ იქამდე, რომ სახელმწიფომ მეტი ფული უნდა ჩადოს კლასიკურ მუსიკაში, მაგრამ მაგაზე რომ ფიქრობ, მერე შენ თავზე გეშლება ნერვები, რომ ქვეყანა თავზე გენგრევა და რა დროს კლასიკური მუსიკაა.

კრიტიკის შვეიცარიული გამოცდილება, მნიშვნელობა და აქაურობა.

პირდაპირი მაგალითი რომ გითხრა, ჩემი კონცერტის მეორე დღეს შვეიცარიის ჟენევის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა ძალიან კარგი რეცენზია ჩემს კონცერტზე. მეორე დღიდან მენეჯმენტმა ნახა ეს სტატია და შვეიცარიაში იმ დღის მერე მყავს აგენტი, რომელთანაც გავაფორმე ორწლიანი კონტრაქტი და ყოველ სეზონზე მექნება მინიმუმ 5 კონცერტი. პიანისტისთვის მთავარი არის ის, რომ ჰქონდეს რაც შეიძლება დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება. მორჩა, აი, ეს არის, რაც უნდა ხდებოდეს აქ. მაგრამ მეცინება, როცა ამას ვამბობ, იმდენად არ არსებობს ამის წინაპირობაც კი. ახლა გვაქვს ფაკულტეტი კონსერვატორიაში, მუსიკის ჟურნალისტიკა, მაგრამ რომ დაამთავრებენ ამ ფაკულტეტს, რა სამუშაო ექნებათ მათ, ვინ გადაუხდის ფულს?.. ესეც ხომ არის, ვერ ვიტყვი, რა უნდა მოხდეს.

იმდენად ჩაკეტილი სივრცეა, ძალიან დიდი გამბედაობაა იმისთვის საჭირო, რომ მართლა, მიუკერძოებლად, ადგე და დაწერო ის, რაც გინდა.

ზუსტად. ერთ რაღაც კრიტიკულს იტყვი კონსერვატორიის პედაგოგზე, შენს აზრს დააფიქსირებ და მერე შეიძლება მთელმა კონსერვატორიამ მოგიძულოს. და მერე კონცერტი რომ გინდა, არავინ არ მოვა, ძალიან ცუდ რაღაცებს რომ ავრცელებს შენზე მთელი კონსერვატორია, შიდა დაპირისპირებით, მერე არც გიღირს და გეშინია. ამიტომ აღარ ამბობ არაფერს კრიტიკულს. კრიტიკულს რომ არ ამბობ, მერე ცუდ პიანისტს და კარგ პიანისტს ერთ დონეზე აყენებ. ამის გამო კარგ პიანისტში კვდება ენთუზიაზმი და ძალიან ყეყეჩდება ის ადამიანი, ვინც სინამდვილეში უნიჭოა.

ინდივიდუალიზმი და ინტერპრეტაცია დროში, სადაც ყველაფერი ნათქვამია

ადრე სხვანაირად ვუყურებდი ინდივიდუალიზმს, დღეს კი საერთოდ სხვანაირად ვუყურებ. ინდივიდუალიზმი კლასიკურ მუსიკაში და პიანისტებთან გადის იმაზე, ნიჭიერი ხარ თუ არა, მხოლოდ ამაზე. ჩარჩოებიდან გამოსვლაზე რაც ვთქვი, რაღაც უნდა იცოდე, რომ დაარღვიო, აი, ეგ არის ინდივიდუალიზმი; როდესაც პიანისტი უკრავს და ხვდები, რომ ზუსტად იცის, რასაც აკეთებს, მაშინაც, როცა არ ეთანხმები. გაამართლებ იმაშიც, რაშიც არ მოგწონს.

არსებობს შენთვის ზღვარი ნაწარმოების ინტერპრეტაციისას, რომელსაც არ უნდა გასცდე?

ჩემთვის არა, მაგრამ უმეტესობა ასე თვლის. მე ასე არ ვთვლი, თუ ესადაგება განწყობას, ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობთ, მე ყველაფერს ვიღებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, 100-იდან 1 ვარ და ეს ძალიან ცუდია.

რა არის შენთვის ის წერტილი, როცა დაუკრავ და ხვდები, რომ ის გამოგივიდა, რაც გინდოდა, ან ოდნავ მაინც მიხვედი იქამდე

დაკვრის დროს არის ხოლმე ეგ შეგრძნება. შეიძლება,  მაქსიმუმ ხუთი წამი გაგრძელდეს, როცა ტივტივს იწყებ და შენ თავს ზემოდან უყურებ. იმ დროს ვხვდები ხოლმე, რომ ეს კონცერტი იყო კარგი, თუ ეგ 5 წამი იყო კონცერტზე. ასე, ადამიანებმა მითხრეს, რომ კარგი იყო, სისულელეა. 100-იდან 100 თუ მეტყვის, რომ საშინელი კონცერტი იყო და ეს 5 წამი ვიგრძენი, ის 100 ადამიანი საერთოდ არ მაინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი