აფიშაახალი ამბები

„ფიწალი დისნეი” – პრემიერა „თეატრში ათონელზე”

1 მაისი, 2023 • 1577
„ფიწალი დისნეი” – პრემიერა „თეატრში ათონელზე”

5, 6, 7, 27 და 28 მაისს, 20:00 საათზე, „თეატრში ათონელზე“ გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „ფიწალი დისნეი“.

თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, ფილიპ რიდლის პიესა პირველად იდგმება ქართულ სცენაზე.

სამსახიობო შემადგენლობის მიღმა სპექტაკლს არ ჰყავს რეჟისორი. მსახიობებმა მოვალეობები ერთმანეთში გაინაწილეს, ერთობლივად დაამუშავეს მასალა და აქციეს წარმოდგენად მხატვართან და მუსიკოსებთან ერთად, რომლებთან თანამშრომლობაც შედგა მათივე ინიციატივით. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა და მცდელობა ქართული თეატრალური სივრცისთვის მნიშვნელოვანია, სამსახიობი გუნდი – სცენოგრაფით,  კომპოზიტორებითა და ტექსტის მთარგმნელით – მთავარი წინაპირობაა ათონელის თეატრში გამართული პრემიერისადმი ინტერესისა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე.

სცენოგრაფია ეკუთვნის: თამრი ოხიკიანს.

მუსიკალური გაფორმება კი – გიორგი გიგაშვილსა და ნიკალა ზუბიაშვილს.

პოსტერი: ივა ქიმერიძე

„ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს“, – ასეთია აღწერა სპექტაკლისა, რომლის ბილეთების შეძენაც შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ფოტო გარეკანზე: ნატა სოფრომაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი