“რატომ ჰგონია პრემიერ-მინისტრს, რომ დასაქმება არ სჭირდება მცხეთის მოსახლეობას? რატომ არ ეშინია პრემიერს, რომ შეიძლება დასაქმება მოსთხოვონ კახეთში გრემის გარშემო მყოფმა სოფლის მკვიდრმა მოსახლეობამ? რატომ ვერ გრძნობს საფრთხეს ასეთი რადიკალიზმისა?” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია.
სოფო კილასონიას მიაჩნია, რომ საყდრისის მაღაროს შემთხვევა არის საშიში ტენდენცია და მთავრობის დამოკიდებულება კულტურული ობიექტების მიმართ არ არის დაკავშირებული მხოლოდ საყდრისთან:
“საყდრისი არ არის მხოლოდ პრობლემა, დაკავშირებული ერთ ძეგლთან. როგორც არ უნდა დამთავრდეს საყდრისის ბედი, ეს თემა და ეს საქმე არის ძალიან მნიშნელოვანი. პირადად მე წლების განმავლობაში ვწერდი და ვსაუბრობდი კულტურის არასწორ პოლიტიკაზე და არასწორად გააზრებაზე, კულტურისადმი შუასაუკუნეობრივ დამოკიდებულებაზე. ცალკეულ ეტაპებზეც ავლენდა თავს, მაგრამ მასშტაბურად აფეთქდა ამ ძეგლის აფეთქებასთან ერთად. ხუთშაბათს პანორამა თბილისისთვის სოლოლაკს მოუხსნეს ლანდშაფტური ზონის სტატუსი. კომისიას, რომელმაც ეს გააკეთა, რამდენიმე დღით ადრე დაამატეს 4 ადამიანი. ამ 4-მა ადამიანმა ხმათა უმრავლესობით გადაწონა. სამწუხაროდ, ქართულ სამეცნიერო წრეში და საზოგადეობაშიც ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც რაღაცით მოიხიბლება და ეს რაღაც დადგება პროფესიულ ეთიკასა და პასუხიმგებლობაზე მაღლა”, – ამბობს კილასონია.
ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ დასაქმების საკითხსა და ადგილობრივი მცხოვრებლებს მთავრობა იყენებს: “ეს არის უმუშევრობის თემით და სოციალური პრობლემებით სპეკულირება. მთავრობამ დღეს დაიწყო და თუ გაგარძელებს საუბარს, რომ უნდა დაასაქმონ და ამისთვის კულტურული მემკვიდროება აფეთქდეს, მაშინ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება.”
მანანა თევზაძე, “საქართველოს ლურჯი ფარის კომიტეტის” თავმჯდომარე და იკომოს-საქართველოს წევრი, ამბობს, რომ კულტურის პოლიტიკის მიმართ უყურადღებობა წინა მთავრობის დროს დაიწყო და დღესაც გრძელდება:
“საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა. თუ ასე მივუდექით, თუ ვიფიქრეთ ყველანაირი რესურსის ათვისებაზე ეკონომიკური სარგებლის მიღებისთვის, მაშინ სავალალო შედეგებს მივიღებთ, როგორც კულტურული, ისე ბუნებრივი გარემოს ხელყოფის სახით. კონფლიქტი ეკონომიკურ და კულტურის განვითარებას შორის დიდი ხანი აღარ არსებობს, პირიქით. 2013 წლის გაეროს რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია, რომ კულტურა ემატება სამ ძირითად სფეროს- გარემოს, ეკონომიკასა და სოციალურ განვითარებას, რომელიც ქმნის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედს. კულტურა არის რესურსი მდგრადი განვითარებისთვის”, – ამბობს თევზაძე.
მანანა თევზაძის აზრით, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ამ ორ დარგს შორის კონფლიქტი გააუვნებელყოს და არა პირიქით – დააპირისპიროს.
“ბოლო წლებში ნათლად ყალიბდება ასეთი პოლიტიკა. წინა მთავრობის დროს იყო უფრო განპირობებული სწრაფი მოდერნიზაციის სურვილით და იმდენად ეკონომიკურ სარგებელზე არ კეთდებოდა აქცენტი. ახლა რასაც ვუყურებთ, კულტურის მინისტრის პირველი მცდელობა იყო, როგორ შეეცვალა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმისთვის, რომ ეკონომიკის სამინისტროს გაადვილებოდა ინვესტორთან ურთიერთობა. ამას ვხედავთ ყველაზე მძაფრად ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ქალაქებში, სადაც დიდი წნეხია იმისა, რომ ძველი დაინგრეს და იმ ადგილას აშენდეს უფრო მეტი ფართი”.
მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა კერძო ინვესტორს უფლებას აძლევს, რომ კულტურული მემკვიდროების ობიექტი დაანგრიოს.
“რა არგუმენტებიც უნდა მოიყვანოს კომპანიამ, უკანონო მოქმედების უფლება მთავრობამ არავის არ უნდა მისცეს. ეს კომპანია არღვევს უკვე შემუშავებულ პროცედურულ ნორმებს. არავის აქვს უფლება, რომ აჩეხონ ვენახები საქართველოში იმიტომ, რომ მეღვინეობა არის ასევე კულტურული მემკვიდრეობა. ეს იგივეა, როგორც ჯვარი რომ ვიღაცამ დაანგრიოს მიზეზით, მე ძალიან მჭირდება, რომ უნდა დავასაქმო 3000 ადამიანი სასწრაფოდ და რაღაც ანძა აღმართოს. შეიძლება ეს მოხდეს. ფაქტობრივად, ეს ერთი და იგივე პროცესია. იგივე კბილაშვილმა უმეცარი შედარებები მოიყვანა- ჯვარი არ არის, სვეტიცხოველი, ვარძიას ვერ შევადარებო. იცით, როგორი უმეცრებაა ასეთი შედარება?”
მარინე მიზანდარს მიაჩნია, რომ ერთმანეთის საპირწონედ ეკონომიკური კეთილდღეობისა და კულტურული მემკვიდროების განხილვა არის მცდარი, მაშინ, როცა კულტურულ მემკვიდრეობას სტაბილური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტის კომისია, რომლის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა გუშინ მიიღო, ეფექტურად იმუშავებს და მისი საქმიანობის შემდეგ საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს საყდრისში სამუშაოების შეჩერებას და 3000 ადამიანის უმუშევრად დარჩენას.
“ამ კომპანიაში მუშაობს 3000 ოჯახი. 3000 ოაჯახის წინაშე პასუხისმგებლობის აღება არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. თუ გინდათ შევინარჩუნოთ ობიექტი, დავაკონსერვოთ და 3000 ოჯახი გავუშვათ სახლებში. მე ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ და არ ავიღებ. ამ 3000 ოჯახს მე დავიცავ და დიახაც, შევუქმნით იქ პირობებს, რომ გააგრძელონ იქ მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.
ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.
ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.