დღეს, 16 მარტს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის განაჩენი გამოაცხადა, რომლის საქმესაც 9 თვე განიხილავდა. მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გარდა ამისა, ჩამოერთმევა უძრავი და მოძრავი ქონების ნაწილი, სხვადასხვა ნივთები და წილები ბიზნესებში.
როგორ დაიწყო, მიქაუტაძის თქმით, მისი „უცნაური“ ამბავი
რომეო მიქაუტაძე 2025 წლის 19 ივნისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ 21 ივნისს გავრცელდა. 2024 წლის თებერვლამდე მიქაუტაძე მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის, მთავრობაში. ასევე ხელმძღვანელობდა, ან მაღალ პოზიციას იკავებდა კომპანიებში, რომელთა მოწილე სახელმწიფო იყო.
გარკვეული შუალედებით მისი საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურებში ახალგაზრდობიდან, 1999 წელს იწყება. ბოლოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა — 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე. თანამდებობა დატოვა ფაქტობრივად მყისიერად მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე დაინიშნა.
რომეო მიქაუტაძეს, საერთო ჯამში, ათამდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. პროკურატურა მიქაუტაძეს დაახლოებით 8.5 მილიონი ლარის შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციას ედავებოდა.
რასაც პროკურატურა ითხოვდა, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა: მიქაუტაძის დამნაშავედ ცნობა უკანონოდ სამეწარმეო საქმიანობის 4 ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენების 3 ეპიზოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში; საქართველოსა თუ ესპანეთში არსებული უძრავი ქონების, ოქროს ზოდების, ოქროს საათების, მონეტების, ავტომობილებისა და ა.შ. სხვა ქონების ჩამორთმევა.
ყველაზე მძიმე მუხლი, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია [ანუ „ფულის გათეთრება“], სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადებას რომეო მიქაუტაძე არ დასწრებია. არავინ მოსულა მისი ახლობლებიდან. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ პროკურორ ირაკლი მარშანიას, ადვოკატების, ბექა ნემსიწვერიძისა და მალხაზ სალაყაიას, ასევე ჟურნალისტების თანდასწრებით წაიკითხა.
მიქაუტაძე სასამართლოში ბოლო წუთამდე უდანაშაულოდ თვლიდა თავს. მიუხედავად ამისა, 13 მარტს, ბოლო სხდომაზე, რომელსაც დაესწრო, როდესაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს და რომეო მიქაუტაძემაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა, მან განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზად იყო, არარსებული ბრალი ეღიარებინა, არარსებული ზარალი აენაზღაურებინა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დაედო, რომ რამდენიმე თვეში, როცა მისი მოსახელე შვილიშვილი დაიბადებოდა, ოჯახთან ერთად ყოფილიყო. პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რომეო მიქაუტაძის ემოციური ტექსტი და რამდენიმე საათის განმავლობაში იმის მტკიცება, თითქოს უდანაშაულოა, ბრალის აღიარებას არ ნიშნავს და მეტიც, ამას გამორიცხავს. ბრალდებამ არ იკმარა ოფიციალური და დოკუმენტურად დადასტურებული მიმართვა უწყებისადმი საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ადვოკატის თქმით კი, პროკურატურა არც არასდროს აპირებდა სინამდვილეში მასთან საპროცესო შეთანხმების დადებას, მიუხედავად ამის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა.
„ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს დაკავებიდან 9 თვის მანძილზე, მისი საქმის განხილვისას, არასდროს უსაუბრია, რა გახდა მისი, როგორც თავად და დაცვის მხარე ამტკიცებს, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დევნის საფუძველი. ბოლო სხდომაზე კი რამდენიმე ადამიანი დაასახელა, თუმცა ვინაობა არ დაუზუსტებია. განაცხადა ისიც, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა „გუნდის შიგნით დაიწყო“, „დიდი შურ-ბოღმიანობის შედეგია“ და „პირადი შურისძიება“. გამოძიებას კი „შეკერილი“ უწოდა.
ვისი პირადი შურისძიების მსხვერპლად მიიჩნევს თავს რომეო მიქაუტაძე, ამას ჯერჯერობით არც თვითონ აკონკრეტებს და არც მისი გარემოცვა. შესაბამისად, ეს აქამდე მხოლოდ მარჩიელობისა და სპეკულაციების საგნად რჩება. საზოგადოებას უთხრა მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანს „ვანიჩკა“ ჰქვია და „ბალამუტობაში“ მსოფლიო ჩემპიონად მიიჩნევს. მისი მტკიცებით, ეს ადამიანი სუს-ის უფროსთან მეგობრობით „ბლატაობს“, სუს-ში იგეგმებოდა მის „გასაშავებლად“ და ნიადაგის შესამზადებლად გადაცემები.
„იმდენად მძიმედ დაიწყო და, არ მოვერიდები ამ სიტყვას, შეიკერა გამოძიება, რომ თვისებრივი ცვლილება არ ყოფილა და სამართლიანობას ისევ ცალმხრივად ველოდები. გავიდა 9 თვე. დადგა დრო, ვთქვა, რასაც ვფიქრობ, და გაიგონ ადამიანებმა პირველი წყაროდან სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ვინც ამ ხნის განმავლობაში შეგნებულად იყო შეცდომაში შეყვანილი… პირადი შურისძიების გამო ერთი ოდიოზური ფიგურის მიერ, მსოფლიოს ლაურეატის და უალტერნატივო ჩემპიონის „ბალამუტობაში“. ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ გაგახსენებთ — ვანიჩკა — მიმხვედრი მიხვდება. დანარჩენი ადამიანები კი მაინც მჯერა, რომ უნებლიედ აღმოჩნდით ამ პროცესში, შეგიყვანეს შეცდომაში. იმიტომ, რომ კარგად მიცნობთ, ჩემ გვერდით დგომასაც იცნობთ, ჩემი დახარჯული სოლიდური თანხებიც იცით სხვადასხვა პროცესებში, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სურვილით გავაკეთე სწორედ ამ ერთგულების დასამტკიცებლად. მაშინ არავის გასჩენია კითხვა, ეს თანხები რომას საიდან მოაქვსო. იმიტომ, რომ არც არაფერი იყო საეჭვო. ბუნებრივი და ორგანული იყო ჩემი ცხოვრების წესის და შემოსავლების საპირწონედ“, — თქვა საბოლოო სიტყვაში რომეო მიქაუტაძემ.
მიქაუტაძის თქმით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა, როგორც მოგვიანებით გაარკვია, გამოძიება უკვე დაწყებული იყო, სუს-ის მაშინდელი უფროსის მაშინდელმა მოადგილემ დაიბარა, თითქოს რაღაც საკითხების გასარკვევად, მაგრამ იქ მისულს კითხვები აღარ დაუსვეს.
„2025 წლის 14-15 ივნისს მირეკავს მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე და მეუბნება, იქნებ მოხვიდე, რაღაც საკითხებია და უნდა გავიაროთო. დათქმულ დროს მივედი. ადამიანმა, რომელმაც დამიბარა საკითხების დასაზუსტებლად, მხოლოდ ორნი ვისხედით და მეუბნება, — „გისმენ“. ვერ გავიგე და ვკითხე, თქვენ რა გაინტერესებთ და რაც ვიცი, შემიძლია გიპასუხოთ-მეთქი. დასამალი არაფერი მქონდა. არაფერი მიმითვისებია, მომიპარავს, გამიფლანგავს ან თაღლითურად დავუფლებივარ. ვატარებდი სახელმწიფო ინტერესს. მიუხედავად ჩემი მხრიდან გამოთქმული მზაობისა, არავითარი კითხვები არ მაქვსო. გაუგონარი და ალოგიკური იყო ეს საქციელი. ვისარგებლე შემთხვევით და განვლილი 2 წლის საქმიანობის შესახებ მოვუყევი. რამდენი ასეულობით მილიონი ლარი შევიდა ჩემი და ჩემი გუნდის ძალისხმევით ქვეყანაში“, — იხსენებს მიქაუტაძე.
მიქაუტაძე გვარ-სახელების თქმას ამ შემთხვევაშიც მოერიდა. თუმცა იმ პერიოდში სუს-ის უფროსის პოსტს ანრი ოხანაშვილი იკავებდა [სულ რამდენიმე თვით, სანამ მას მამუკა მდინარაძე შეცვლიდა]. მისი ახლად დანიშნული მოადგილეები კი იმ დროს, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყვნენ ირაკლი ბერაია და ლევან ხარანაული, რომლებიც ასევე სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდნენ ამ პოზიციას.
მიქაუტაძე ამტკიცებს იმასაც, რომ სუს-ში გამოკითხვისას მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს ართმევდნენ ადამიანებს, რომლებიც, უკვე სასამართლოში მოწმედ მოყვანილები, მის წინაშე ვეღარ ტყუოდნენ. ჰყვება ასევე ჰესების შესახებ, რომელსაც ბრალდება ედავება, რომ სინამდვილეში მისია, ან საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების ხარჯზე ეხმარებოდა საქმიანობაში: ამტკიცებს, რომ ეს ჰესები არც მისია და არც მისი დახმარებისა ეტყობა რამე, რადგან ან წლებია ვერ აშენდა, ან მოგება არ ჰქონია.
საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე რომეო მიქაუტაძემ და მისმა ადვოკატებმა დაწვრილებით მიმოიხილეს პროკურატურის ბრალდებები, საზოგადოებაში გავრცელებული ცნობები მის ქონებასთან და გავლენებთან დაკავშირებით.
„ბრალდება ამტკიცებდა იმას, რომ რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა ფული, მაგრამ არ მსჯელობს იმაზე — საიდან. დადასტურებული ფაქტია, რომ საწარმოებს, იმ პერიოდში, როდესაც მას სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ ჰქონდა, შემოსავალი საერთოდ არ გააჩნდა“, — ამბობს მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ქონება, რაც რომეო მიქაუტაძემ დააგროვა, ადრეული წლებიდან მისი და მისი ოჯახის წევრების მაღალანაზღაურებადი სამსახურების, თანამდებობებზე არყოფნის შუალედებში საქმიანობის შედეგია და არა უკანონო საქმიანობის, რიგი ცნობებისა კი უბრალოდ გაზვიადებულია ან „მტკნარი სიცრუე“. ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ბრალდება და გამოძიება მის ლეგალურ შემოსავლებს ხელოვნურად ამცირებს. გავლენები, რასაც ედავებიან, არა სახელმწიფო ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება, არამედ კონსულტაციებია, რასაც ნაცნობ-მეგობრებს, ახლობლებს უწევდა და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიმართავდა. მიქაუტაძე ამბობს, რომ მისი კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შედეგად, ენერგეტიკის სფეროში ქვეყანას ასობით მილიონი დაუზოგა.
„მიზანმიმართული გაშავების კამპანია მიმდინარეობდა აქტიურად, ვითომ სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა უსამართლო და პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით არსებული ადამიანების მიერ. დადასტურებულია სუსის თანამშრომლის ჩვენებით. სუსის უფროსის და მისი მოადგილის დავალებით ხდებოდა ყველაფერი. არადა, ის „ბალამუტჩიკი“, ზემოთ რომ ვახსენე [ვინმე „ვანიჩკა“], ვინც მე მაბრალებდა სუსის უფროსთან მეგობრობას, თურმე გადაცემებს მიწყობდნენ ერთად. სუსის უფროსთან სწორედ ეს მატყუარა კაცი მეგობრობდა, ყოველდღე ოთახში ეჯდა და ამით ბლატაობდა, თავი კიტრად მოჰქონდა. ყველაფერს უკვე ფარდა ახდილი აქვს. ამიტომ, რომასი კი არა, ღმერთის გეშინოდეთ, უსამართლოდ ადამიანის გაწირვისთვის. არცერთ ამ საკითხზე არც მოწმე გამოკითხულა და არც კითხვა დაუსვამს გამოძიებას.
[…] ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში, რიცხვებში, ჩვენებებში, თავისთავად ვერ მოხდებოდა, ეს არის კონკრეტული პირების, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და დიდი შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და დეზინფორმაციის შესაღება საზოგადოებისთვის. არა და ვერ გამოგივათ“, — ამბობს მიქაუტაძე.
ერთადერთი, რასაც რომეო მიქაუტაძე აღიარებს, ისაა, რომ დეკლარაციაში სრულად არ ასახავდა ქონებას, რასაც ფლობდა. ამბობს, რომ ეს „უყურადღებობის შედეგი“ იყო თავიდან, მერე კი, მომდევნო წლებში ამ არასწორად შევსებული დეკლარაციის „მძევალი“ გახდა, რისთვისაც უკვე დაისაჯა. რომეო მიქაუტაძის ქონებასთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში არ ხვდებოდა დეკლარაციაში, „სტუდია მონიტორმა“ თითქმის 2 წლის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.
„თუკი რამე გადაცდომა მქონია, ესაა, რომ უყურადღებოდ მოვეპყარი დეკლარაციის შევსებას და მერე ყოველ მომდევნო წელს აღმოვჩნდი ამ დეკლარაციის მძევალი. ამაზე განცხადებაც გავაკეთე 2017 წელს“, — ამბობს მიქაუტაძე.
ჯერ კიდევ საბოლოო სიტყვის თქმამდე, ჩვენების მიცემისას, რა დროსაც რომეო მიქაუტაძემ სასამართლოში თითქმის მხოლოდ თავისუფალი თხრობის რეჟიმში ისაუბრა და პროკურორს ფაქტობრივად არ დაუკითხავს, თუ არ ჩავთვლით დეკლარაციაში გამოტოვებულ ქონებასთან დაკავშირებით დამაზუსტებელ კითხვებს, რომეო მიქაუტაძემ „ოცნების“ უკვე დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებითაც გააკეთა მცირე კომენტარი. ის ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან 1997 წლიდან მეგობრობს.
„იყო ჩემი მეგობარი, არის და, იმედია, მომავალშიც გავაგრძელებთ, თუ საშუალება მოგვეცემა“, — ამბობს მიქაუტაძე ირაკლი ღარიბაშვილზე, თუმცა ამავე დროს უარყოფს სამსახურებრივს მიღმა რამე სახის კავშირს გრიგოლ ლილუაშვილთან, — „მე მასთან არასდროს მიმეგობრია, არც დღესაა ჩემი მეგობარი და, დიდი ალბათობით, არც მომავალში იქნება. ადამიანი ციხეშია და არამარტო მას, ყველას ვუსურვებ, თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ.“
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, კითხვებს აჩენდეს ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა“, — თქვა სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა მიქაუტაძის დაკავების შემდეგ.
სუს-ის უფროსის პოსტს კი ანრი ოხანაშვილამდე, წლების განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რა დროსაც ედავებიან მიქაუტაძეს კანონდარღვევებს, გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა.
ლილუაშვილი, თავის მხრივ, 2025 წლის დეკემბრის მიწურულს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება 4 ეპიზოდში, აქედან ორი უკავშირდება რომეო მიქაუტაძეს.
„შემიძლია ვთქვა, რომ, თვითონ თუ არ უარყოფს, გარკვეული მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს“, — ეს უკვე მიქაუტაძემ ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით თქვა, ვისი მოადგილეც იყო ორი წლის განმავლობაში.
სუს-ს კითხვები ლევან დავითაშვილთანაც აქვს. ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა 2025 წლის 24 ივნისს. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მისი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს. მან საქართველო სუს-ში გამოკითხვის მერე დატოვა, თუმცა ამბობს, რომ მალე დაბრუნდება.
რომეო მიქაუტაძის სხდომები, განსხვავებით „ოცნების“ ზოგიერთი სხვა ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესებისგან, მისი გულშემატკივრების სიმრავლით გამოირჩეოდა. არაერთხელ გამხდარან ჟურნალისტები მიქაუტაძის ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ობიექტები, საბაბით, რომ იკავებდნენ დამსწრეთათვის განკუთვნილ ადგილებს დარბაზში და „არ აშუქებდნენ სიმართლეს“. მიქაუტაძეს, როგორც თავად გაუსვა ხაზი, ბოლო მომენტამდე აკრძალული ჰქონდა ციხიდან მიმოწერის უფლება. მხოლოდ 2 თვის წინ დაუბრუნეს ოჯახის წევრებთან დარეკვისა და ციხეში პაემნის საშუალება.
