“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ხელისუფლებას მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დღეს დაკავებული აქტივისტები. ორგანიზაციის თქმით, აქციის მონაწილეებს არ უძალადიათ და პროტესტს გამოხატავდნენ შეძახილებითა და სტვენით:
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, აქციის მონაწილეები კვერცხის სროლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავეს, თუმცა დაუდგენელია ყველა დაკავებული პირი არის თუ არა სამართალდარღვევის ჩამდენი.
იქიდან გამომდინარე, რომ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული, სრულად აკონტროლებდნენ აქციის მიმდინარეობის პროცესს და ჰქონდათ სიტუაციის მართვის ყველა შესაძლებლობა, პოლიციას უნდა ემოქმედა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ნაკლები ჩარევით და არ უნდა დაეკავებინა აქციის მონაწილეები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გაათავისუფლოს ყველა დაკავებული”, — ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, 6 ადამიანი დააკავეს.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნატა ფერაძე, გიორგი ახობაძე, გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე.
რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.
ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.
