კანონპროექტი, რომელიც “სურსათის/ცხოველის საკვების უცნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პარლამენტმა 28 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩააგდო. 

 

კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება ოჯახური წარმოებისა და ოჯახური წარმოების სუბიექტის ცნებები. სახელმწიფო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი გავრცელდება, როგორც ბიზნესოპერატორის, ასევე, ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ.

 

კანონპროექტითვე განისაზღვრება ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობისა და შეთანხმების პროცედურა საოჯახო წარმოების სუბიექტებსა და ვეტერინარულ სანიტარს შორის.

 

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ის 26 ხმით 19-ის წინააღმდეგ იქნა უარყოფილი.

 

მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებით იკრძალებოდა ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება, ფართოვდებოდა მავნე ზეგავლენის ცნების განმარტება, ასევე, წესდებოდა ასაკობრივი ზღვარი არასრულწლოვანთა აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში დაშვებისათვის.

 

ცვლილება უნდა შესულიყო, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, უნდა დაწესებულიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსების წესების დარღვევისათვის, მავნე ზეგავლენის მქონე ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვასა და ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მიყიდვისათვის, ასევე, განისაზღვრებოდა იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც განიხილავდნენ ამ სამართალდარღვევის საქმეს.

 

დავითაშვილის ინიციატივა, ასევე, ითვალისწინებდა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებას, კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალებოდა სექსუალური ხასიათის პროდუქციის ან/და ისეთი პროდუქციის გავრცელება, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე.

 

კიდევ ერთი ცვლილებით, რომელიც უნდა შესულიყო “მაუწყებლობის შესახებ კანონში”, იკრძალებოდა ისეთი პროგრამებისა განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე; კანონპროექტითვე უნდა დაწესებულიყო გამონაკლისი იმ ინფორმაციასა და პროგრამაზე, რომელიც პოლიტიკური, რელიგიური ან მიმოხილვითი ხასიათისაა, მნიშვნელოვანია სამეცნიერო ან ხელოვნების თვალსაზრისით, ან არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც არ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც დავითაშვილმა ისინი მეორედ დაარეგისტრირა: “ფაქტია, რომ წინააღმდეგ მისცეს ხმა, და თუ რატომ, მათ უნდა ჰკითხოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დავითაშვილმა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *