ახალი ამბები

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე — საპატრიარქოს პრესსპიკერი

17 მარტი, 2021 • 1346
ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე — საპატრიარქოს პრესსპიკერი

საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესში ეკლესიას დახმარებისთვის მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 17 მარტს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თან ურთავს 11 თებერვლის სინოდის განჩინებას, სადაც აღნიშნულია:

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა — სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე — აუცრელობის შემთხვევაში.

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, — წერს ჯაღმაიძე.

გუშინ, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეკლესიას მიმართა და ვაქცინაციის პროცესში თანადგომა სთხოვა.

„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში. ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში“, – თქვა გამყრელიძემ.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი