სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

29 აგვისტო, 2016 • 1469
აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

“სამხედროთა შეხების ხაზზე ჩამოგდებულია სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სომხეთის შესაბამისი უწყება აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

აზერბაიჯანის მხარის ცნობით, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატი აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა ჩამოაგდო:

“უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის დარღვევას ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით და ჩვენს პოზიციებზე დაზვერვითი ხასიათის შემოვლას ახორციელებდა”.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სამხედროთა შეხების ხაზზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ბოლო წლების განმავლობაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2016 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ მხარეებს შორის რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა და ორივე მხარემ ათეულობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი