ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოფიციალური ცნობით, ყარაბაღში 2 აპრილს 30 ჯარისკაცი დაიღუპა

3 აპრილი, 2016 • 1619
ოფიციალური ცნობით, ყარაბაღში 2 აპრილს 30 ჯარისკაცი დაიღუპა

18 სომხეთის და 12 აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 2 აპრილის ღამეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ასეთია დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი, რომელიც ორივე მხარემ დაასახელა.

“ჩვენი მხრიდან 18 სამხედრო დაიღუპა, კიდევ 35 დაჭრლია”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

ოფიციალური ინფორმაციითვე, აზერბაიჯანმა 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

გარდა ამისა, ორივე მხარე მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების დაღუპვასა და დაჭრაზე საუბრობს.

დღის ბოლო აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2 აპრილის ღამესთან და დღესთან შედარებით სამხედროთა შეხების ზოლში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.

დღეს, 2 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. შედეგად ჩამოგდებულია აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი. ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება ერევანს არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი