აცნობე მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია – პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით

„ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით, აცნობე მსოფლიოს, რომ შენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – ამ შეტყობინებებით ეხმაურება „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს.

სადაზღვევო კომპანიის ანტიოკუპაციური აქცია ასე მოქმედებს: ავსებთ სამოგზაურო დაზღვევის ელექტრონულ ანკეტას და როცა სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერსა თუ სხვა საჭირო ინფორმაციას შეიყვანთ შესაბამის ველში, ჩნდება მოსანიშნი გრაფა წითელი წარწერით: „ვადასტურებ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო“.

 

მას შემდეგ, რაც გრაფას მონიშნავთ, ჩნდება საინფორმაციო ტექსტი:

 

„ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით, მადლობა, რომ ჩვენ გვერდით ხარ, გვჯერა, რომ ერთად გაცილებით მეტს მივაღწევთ, ამიტომ დაელოდე ჩვენგან საჩუქარს, რომელსაც ორ დღეში მიიღებ“, – წერს ჰოლდინგი.

საჩუქარი, რომელიც „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ სამოგზაურო დაზღვევას მოჰყვება, ასე გამოიყურება:

ეს პასპორტის ჩასადებია, რომელსაც მავთულხლართების ფონზე ინგლისურად აწერია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყველგან, სადაც იმოგზაურებთ, ამ ფორმით თქვენ უსიტყვოდ აცნობებთ მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ.

ანტიოკუპაციური პროექტის იდეა ეკუთვნის Giovanni Morra-ს, პასპორტის ჩასადები გიორგი პოპიაშვილის დიზაინითაა დამზადებული.

ქვეყნის ამბავი პასპორტის ჩასადებითაც შეიძლება ,,ატარო” მთელ მსოფლიოში და ამ ფორმით ყველას გააგებინო, რომ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე ხარ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან