საზოგადოება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ოჩამჩირის პორტში მშენებლობის კადრებს ავრცელებს

20 მარტი, 2024 • 2771
„ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ოჩამჩირის პორტში მშენებლობის კადრებს ავრცელებს

„ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ ავრცელებს ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კადრებს. როგორც მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, ვიდეო და ფოტომასალა სოხუმიდან მიაწოდეს.

ქაცარავა აღნიშნავს, რომ კადრებში არ ჩანს რუსული სამხედრო გემები, თუმცა აღნიშნავს, რომ პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ოჩამჩირის პორტი რუსული სამხედრო გემების თავშესაფრად იქცეს:

„რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის სამხედრო პორტად გადასაქცევად. წლის დასაწყისშიც გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირის პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი.

მუშაობენ რუსები. ამზადებენ პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად. სოხუმში მცხოვრებმა მეგობრებმა მოგვაწოდეს ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სამშენებლო პროცესი არ ჩერდება არც ერთი წუთით. მალე იქ რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება. ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა“ ,— ამბობს დავით ქაცარავა.

„ნეტგაზეთი“ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთხ ოქტომბერს განაცხადა, რაც საქართველოში „საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობად“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ და მოსკოვის პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს.

მართალია, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, – კრემლში სულაც უარი განაცხადეს საკითხზე დამატებითი კომენტარისგან, – მაგრამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების იდეა ახალი არ არის.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

მასალების გადაბეჭდვის წესი