კომენტარი

კახა ბექაური: მაესტროს თანამშრომლებზე სხვადასხვაგვარი ზეწოლა ხორციელდება

3 ნოემბერი, 2010 • • 1202
კახა ბექაური: მაესტროს თანამშრომლებზე სხვადასხვაგვარი ზეწოლა ხორციელდება

ტელეკომპანია მაესტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ კვირაში მის თანამშრომლებზე  უკვე ორი თავდასხმა მოხდა. ორივე შემთხვევაში თავდამსხმელები ტელეკომპანიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რას უკავშირებენ მომხდარს მაესტროში,  ნეტგაზეთის შეკითხვებს მაესტროს გენერალური დირექტორი კახა ბექაური პასუხობს.

მაესტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორს, თემურ დოლიაშვილს გუშინ ღამით საკუთარი ბინის სადარბაზოსთან დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

დაზარალებული ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ მაესტროს მეორე თანამშრომელსაც. გადაცემის “ამბები ვასიკო ოდიშვილთან ერთად” სცენარისტი დავით ცხომელიძე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას თავს დაესხნენ.

ორივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დოლიაშვილის საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ბატონო კახა, თუ უკავშირებთ რაიმეს მომხდარს?

ჯერჯერობით, ძნელია ამაზე რაიმეს თქმა, ფაქტი ერთია, რომ ამ ერთი კვირაში  ეს  უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩვენი თანამშრომელი არის ნაცემი.

პირველი შემთხვევა მოხდა დაახლოებით ორი-სამი დღის წინ, ვასიკო ოდიშვილის გადაცემის ,,ამბები ვასიკო ოდიშვილთან ერთად’’ სცენარისტი დათო ცხომელიძე სცემეს ასევე გვიან საღამოს. ანალოგიურად დოლიაშვილისა, ისიც ამბობს, რომ ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი პოლიციის ფორმაში იყო. დოლიაშვილი იმდენად მაგრად იყო ნაცემი, რომ რეანიმაციაში მოხვდა და  ამ ოპერატორის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მან გონების დაკარგვამდე ექიმს უთხრა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, ორივე შემთხვევაზე საქმეა აღძრული.

თავდამსხმელები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ თუ ვინ იყვნენ,  გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პოლიციამ  ორივე ფაქტზე ყველა ვარიანტში რომ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, მგონი ამაში ყველა დამეთანხმება. ჩვენ გულისყურით ვადევნებთ თვალყიურს ორი საქმის წარმოებას და დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები.

 ფაქტი ერთია, რომ ეს ერთმანეთს მიეწყო და  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაესტროს ორი თანამშრომელია ნაცემი. რასთან არის ეს კავშირში, ამაზე ახლა ძნელია თქმა. ალბათ, უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას და მერე უფრო კონკრეტულად და ზუსტად შემეძლება აზრის გამოთქმა, არის თუ არა ეს კონკრეტულად რაიმესთან კავშირში.

ამ ფაქტებს აფასებთ, როგორც ზეწოლას  მაესტროზე?  

მაესტროზე რომ ზეწოლა ხორციელდება, მგონი ეს არახალია, ეს დამატებითი ფაქტებია იმისა, რომ, ფაქტობრივად, მთლიანად მაესტროზე, მათ თანამშრომლებზე  ხორციელდება ზეწოლა. ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვაგვარი- არის ფიზიკური ზეწოლა, და სხვა მეთოდებით ზეწოლა, რომელიც ასევე სახეზე გვაქვს. მაგალითად, თელავის საკაბელოდან ამოიღეს მაესტრო, ამიტომ შეწყდა დაახლოებით ერთი თვის წინ მაესტროს მაუწყებლობა თელავში. მანამდე ახმეტისა და რუსთავის საკაბელოებმა შეწყვიტეს მაესტროს მაუწყებლობა. ეს არის ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დავალებით კეთდება.

ამ საკაბელოებზე იყო ზეწოლა, მაესტროს მაუწყებლობა რომ შეეწყვიტათ. სამივე შემთხვევა გაჭრილი ვაშლივით გავდა ერთმანეთს, ანუ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საკაბელოები გვეუბნებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე დღით შეწყდებოდა  მაესტროს მაუწყებლობა. ახმეტისა და რუსთავის შემთხვევაში უკვე ერთი წელი გავიდა, ხოლო თელავის შემთხვევაში უკვე ერთი თვე. ყველა ამ საკაბელოს ვთავაზობდით, რომ ჩვენ აღმოვფხვრიდით იმ ტექნიკურ პრობლემებს, რაც მათ გაგაჩნდათ, რაზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არა, არ არის პრობლემა, ნუ შეწუხდებით, ჩვენ უკვე ვაგვარებთ. ერთ შემთხვევაში წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ მაესტროს მაუწყებლობა არ აღმდგარა, თელავის შემთხვევაში კი – უკვე ერთი თვე. დარწმუნებული ვარ, რომ თელავში არც ჩაირთვება.

ამ ბოლო შემთხვევაში კი ჯერ უნდა დავადგინოთ, მაესტროს გამო მოხდა  მათზე თავდასხმა  თუ ეს ასე არ იყო და ვთქვათ, თავდამსხმელებმა არ იცოდნენ, რომ ისინი მაესტროს თანამშრომლები იყვნენ. მე ვთვლი, რომ ეს მაინც ერთი და იგივე მნიშვნელობის კრიმინალური ფაქტია. “ვასიკო ოდიშვილის ამბების” სცენარისტი  ამოიცნობს იმ ორივე თავდამსხმელ ადამიანს და ერთ-ერთი მათგანი რომ პოლიციის ფორმაში იყო ამაში ათასი პროცენტით არის დარწმუნებული. მეტიც, როდესაც დაზარალებული ეკითხებოდა თავდამსხმელებს – რატომ მირტყამთ, რა დავაშავეო? ცემის დროს, ისინი უყვიროდნენ, რომ ახლა გასწავლით შენ პოლიციის პატივისცემას! ანუ ისინი თავად აღიარებდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ.

ეს ადამიანები, ანუ დაზარალებულები, თუ მუშაობდნენ ისეთი თემებზე, რომლებიც სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებისთვის ,,უხერხულად’’ შეიძლება ვთვალოთ?

“ყოველდღიაური ამბები ვასიკო ოდიშვილთან” ეს სატირულ-იუმორისტული გადაცემაა და, შესაბამისად,  ამ გადაცემაში ყველა ხვდება–ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, დღის თემიდან გამომდინარე. უმეტესად ბუნებრივია, ხვდება ხელისუფლება და ალბათ, უხერხულობა ექმნება, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ხოლმე ხელისუფლების ყოველდღიური ნაბიჯები იმ რეალობის ადეკვატური, რაც საქართველოში ხდება. ეს ადამიანი იყო სცენარისტი, რომელიც ქმნიდა ამ გადაცემას,  და ამ თვალსაზრისით,  მე არ ვიცი ისინი (ხელისუფლების წარმომადგენლები) როგორ თვლიან, მაგრამ, ალბათ,  ეს გადაცემა მათ უხერხულობას უქმნიდა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ მაინც ვფიქრობ, ალბათ, ჩვენ გამოძიებას დაველოდებით. ცხომელიძის შემთხვევაში ჩვენ ათასი პროცენტით დარწმუნებული ვართ, რომ ერთ-ერთი  პოლიციელი იყო, რადგან მას სახეებიც ახსოვს, მან იცის მანქანის ნომერიც და მარკაც. უკვე სამი დღე გავიდა ამ ფაქტიდან და შესაბამისად ძალიან ადვილი იყო ამ მანქანის და ამ ადამიანების მოძებნაც, მაგრამ ჯერ  არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ეს გვაფიქრებინებს, რომ  ეს ჩვეულებრივი კრიმინალური დანაშაული არ ყოფილა. თუმცა ჩვეულებრივიც რომ ყოფილიყო, სამართალდამცავი სტრუქტურები, ბუნებრივია, იმ სიტუაციაში, როცა ყველა მონაცემი ხელში გაქვს, ანუ იცი მანქანის მარკა, ნომერი, იცნობ სახეზე, ამ ადამიანების მონახვას ჩვენი პოლიცია ერთ საათში შეძლებდა. ეს არ მოხდა. მათ მარტივი არგუმენტი აქვთ, ამბობენ, რომ საქმე ძიებაშია. დადგენილი მარკის მანქანას დადგენილი სანომრე ნიშნებით რა ძიება უნდა? რატომ არ მოყავთ ამ მანქანის პატრონები? რატომ არ ანახებენ ამოცნობაზე დაზარალებულს, ეს გაურკვეველია. უკვე მესამე დღე გავიდა.

თქვენ თქვით, რომ ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, სცენარისტის ცემის ფაქტზე თუ არის გარკვეული რაიმე დეტალები?

არაფერი არ არის გარკვეული. ორივე თემაზე გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ იციან მანქანის მარკა, ნომერი. რომ მოიყვანონ ამოცნობაზე, დაზარალებული იცნობს დამნაშავეებს, მაგრამ პოლიცია გვპასუხობს რომ გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი