კომენტარი

EMC: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიება პარლამენტმა უნდა აკონტროლოს

27 ოქტომბერი, 2015 • • 1492
EMC: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიება პარლამენტმა უნდა აკონტროლოს

არასამთავრობო ორგანზიაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, ახლად შექმნილი უწყებაა, რომლის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

 

უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილებებით ხასიათდება და გამორჩეულია დახურულობის მაღალი ხარისხით, რაც ართულებს მისი საქმიანობის კანონიერების გარე კონტროლს, მიაჩნია EMC-ის.

 

“არსებულ სამართლებრივ სისტემაში საპარლამენტო კონტროლი წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობის ერთადერთ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მექანიზმებიც არასაკმარისი და არაეფექტურია, კერძოდ, შეზღუდულია პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ და ადგენს სამსახურის უფროსის ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, დაესწროს პარლამენტის სხდომებს და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტრონგის ცენტრი მოელის, რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწოდებს და განმარტავს გამოძიების დაწყების რეალურ საფუძველს.

 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა და, შესაბამისად, დაუკავშირდა გამოძიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც შესაძლოა აღწერდეს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის დეტალებს.

 

EMC-ის მიაჩნია, რომ სტატიის გამავრცელებელი ინტერნეტ-პორტალის მიმართ არსებული შეკითხვების არსებობის პირობებში, ძლიერდება ეჭვები იმ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული, რაც საპოლიციო ძალების მიერ კონტროლის გაძლიერებასა და რუსთავი 2-ის ტერიტორიის გაძლიერებულ მეთვალყურეობაში გამოიხატა. 

 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს, რა მიზანს უკავშირდება კერძო ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს დაწყებულ გამოძიებასა და რუსთავი 2-ს შორის.

 

2015 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე  გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის მუხლით.

 

გამოძიება დაიწყო გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი