საზოგადოება

„შეჯახებისას ეძინათ, არაფერი გაუგიათ“ — როგორ შეუძლია „ქარსითს“ ბავშვების გადარჩენა

9 თებერვალი, 2022 • 12441
„შეჯახებისას ეძინათ, არაფერი გაუგიათ“ — როგორ შეუძლია „ქარსითს“ ბავშვების გადარჩენა

დალეწილი ავტომობილი, ასფალტზე დავარდნილი დაშავებული ახალგაზრდა ქალი და იქვე, საბავშვო კალათებში გარდაცვლილი 6 თვის ტყუპები — ჩაქვში მომხდარი ავარიის შემდგომი წუთები თვითმხილველმა შემზარავ ვიდეოზე აღბეჭდა.

2018 წლის ზაფხულში მომხდარ ამ ტრაგედიას მაშინ ტყუპებთან ერთად მათი მამაც ემსხვერპლა. ავტმობილში მყოფები სხვა პირები გადარჩნენ.

როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების შემდეგ საზოგადოების ნაწილი მუდმივად იწყებს მსჯელობას საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებაზე, მაგრამ -უშედეგოდ. ასე მოხდა ჩაქვის ტრაგედიის შემდეგაც. დაიწყო დისკუსია, 2019 წელს პარლამენტში კანონპროექტიც შევიდა, თუმცა პოლიტიკური გარემოებების ცვლილების გამო განხილვა ამ დრომდე შეჩერებულია. არავინ იცის, როდემდე.

ამასობაში, ტრაგედიების ჯაჭვი არ სრულდება. მხოლოდ გასულ თვეს ნეტგაზეთმა მკითხველს ორი ტრაგედიის შესახებ აცნობა, რომელიც ავარიისას მცირეწლოვნების დაღუპვას ეხება.

17 იანვარს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. ავტომობილში მყოფი ზრდასრულები გადარჩნენ.

ამ შემთხვევიდან მეორე დღეს, 18 იანვარს, ავტოავარიას 3 თვემდე ბავშვის სიცოცხლე შეეწირა რუსთავში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებს, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში 105 ბავშვი ემსხვერპლა, 4 981 მოზარდი კი დაშავდა. მათი დიდი ნაწილი 0-7 წლამდე ასაკის იყო.

ექსპერტთა შეფასებით, სპეციალური სავარძლები სხვადასხვა ასაკში ბავშვის დაშავებისა და გარდაცვალების რისკებს 60-90%-მდე ამცირებს.

საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური საბავშვო სავარძლის, ე.წ. ქარსითის ფლობა სავალდებულოა.

როცა „ქარსითმა“ ბავშვები დაიცვა

ლაზარესა და ემილიას ამბავი

გასული ერთი წლის განმავლობაში ემილია და ლაზარე ავტოსაგზაო შემთხვევაში ორჯერ მოყვნენ. პირველი ავარია დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც მანქანა, რომელშიც ბავშვები ისხდნენ, პირუტყვს შეეჯახა.

ავტომობილს ემილიას და ლაზარეს მამა, გიორგი მაისურაძე მართავდა. როგორც ის იხსენებს, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და პირუტყვზე შეჯახება, „ფაქტობრივად, კედელეთან შეჯახებას“ ჰგავდა.

გიორგი ოჯახთან ერთად

„იმ მომენტში მე ძლივს დავიჭირე თავი და ბავშვები „ქარსითის“ გარეშე რომ მსხდარიყვნენ, საერთოდ ვერ შეიკავებდნენ თავს და შეიძლება, ან საქარე მინას, ან წინა სავარძელს შეჯახებოდნენ. თუმცა ბავშვები „ქარსითებში“ ისხდნენ. დაჯახების მომენტი კი გაიგეს, თუმცა დაზიანება არცერთს ჰქონდა, საერთოდ არ განძრეულან ადგილიდან.

მეორე ავარია პირველიდან რამდენიმე თვეში მოხდა. თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოძრაობისას გავითიშე, საპირსპირო მხარეს გადავედი და სხვა მანქანას დავეჯახე. მანქანა მოტრიალდა. დაჯახების მომენტში ბავშვებს ეძინათ და არაფერი გაუგიათ. ჩემი მეუღლე დაზიანდა და ამ აურზაურზე ბავშვებსაც გაეღვიძათ. თუმცა თავად არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ავარია პირველზე გაცილებით ძლიერი იყო“, — იხსენებს გიორგი.

გიორგი მაისურაძის მანქანა პირველი ავარიის შემდეგ

მისი თქმით, აღნიშნული „ქარსითები“ შედარებით იაფიანი იყო, თუმცა საკმაოდ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვების დაცვა მაინც მოახერხა.

გიორგი ნეტგაზეთს უყვება, რომ ბავშვები „ქარსითებს“ მცირე ასაკიდან შეაჩვიეს. თავდაპირველად ცოტას ჭირვეულობდნენ, თუმცა მშობლებს არ სურდათ, რომ შვილებს სპეციალური სავარძლის გარეშე ემგზავრათ.

გიორგი მიიჩნევს, რომ ბავშვების სპეციალურ სავარძელთან შეგუება მშობლის ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

„რეალურად, ადვილად შეეჩვივნენ. უფროსი განსაკურებით. როცა ჩამოდის მანქანასთან, იცის, თავისი ადგილი რომელიცაა და ყოველთვის იქ ჯდება. იცის, რომ ქურთუკით არ უნდა ჩაჯდეს და სულ იხდის. შემდეგ სავრძელში ჯდება და გვთხოვს, რომ ღვედი შევუკრათ. ჯერ თვითონ ვერ იკრავს ღვედს ისე, როგორც საჭიროა, ძალა არ ჰყოფნის და მე ვუკრავ.

მაგრამ არასდროს მოუნდომებია ღვედის გახსნა. სავარაუდოდ, ნელ-ნელა უფრო მეტად შეეჩვევა ასაკთან ერთად“, — ამბობს გიორგი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

გიორგი მაისურაძის მანქანა პირველი ავარიის შემდეგ

ნიკოლოზის ამბავი

დაახლოებით ერთი წლის წინ მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პარკინგზე მდგომ ავტომანქანას შეეჯახა. მანქანაში მშობლებთან ერთად ორწლინახევრის ნიკოლოზიც იჯდა, რომელიც დაზიანებებისგან სწორედ ქარსითმა დაიცვა.

შემთხვევის შესახებ ნეტგაზეთს ნიკოლოზის დედამ, ანი ბოკუჩავამ უამბო. როგორც ანი იხსენებს, შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო და მანქანაც „საკმაოდ დაზიანდა“, თუმცა მგზავრები არ დაშავებულან.

„შენს ტარებაზე, მძღოლობაზე და სიფრთხილეზე არ არის დამოკიდებული არაფერი. პარკინგზე ვიდექით და უბრალოდ დაქოქილი გვქონდა, რომ გავსულიყავით. მოპირდაპირე ზოლიდან მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, წინ რომ არ დაჯახებოდა, სავარაუდოდ, იფიქრა, რომ პარკინგზე შევარდებოდა.

ვერ მოზომა და პირდაპირ ჩვენ დაგვეჯახა. ბავშვი „ქარსითში“ იჯდა. საკმაოდ დიდი შეჯახება იყო. ბავშვი წინ რომ მჯდარიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა“, — ამბობს ანი ბოკუჩავა.

ნიკოლოზი სპეციალურ სავარძელს მცირე ასაკიდან შეაჩვია, ახლა კი სამწლინახევრის ბავშვისთვის „ქარსითში“ ჯდომა დისკომფორტს აღარ წარმოადგენს.

„შვილები სამშობიაროდანაც „ქარსითით“ გამოვიყვანე. თავიდან სახლში გქვონდა და პერიოდულად ჩავსვამდი ხოლმე, ვათამაშებდი, რომ სახალისო ყოფილიყო მისთვის. ვერ ვიტყვი, რომ პრეტენზია არ აქვთ და არ ტირიან, თუმცა ამ დროს ან მანქანას ვაჩერებ, ან სხვა რამეზე გადამაქვს მათი ყურადღება.

ნიკოლოზისთვის მანქანაში „ქარსითის“ გარეშე ჯდომა ახლა წარმოუდგენელია. კომფორტულად არის, რხევის დროს ურჩევნია, რომ კარგად და მყარად იყოს საკუთარ სკამში და რაღაცები აკეთოს, ვიდრე არაკომფორტულად იჯდეს და აქეთ-იქით უწევდეს ქანაობა“, — ეუბნება ანი ბოკუჩავა ნეტგაზეთს.

ლაზარეს ამბავი

ანის მსგავსად ავტოავარიისას სპეციალურმა სავარძელმა ნათია გიორგაძის შვილიც დაიცვა. ლაზარე 10 დღის იყო, როდესაც მშობლებს პედიატრთან გეგმურ ვიზიტზე მიჰყავდათ. საცობში მდგომ მანქანას კი უკნიდან ტაქსი შეეჯახა.

ნათია იხსენებს, რომ თავდაპირველად მის მეუღლეს ბავშვის სავარძელში ჩასმა არ სურდა, რადგან ფიქრობდა, რომ ჩვილი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა, თუ დედას ეყოლებოდა ხელში, თუმცა ნათია არ დაეთანხმა და მაინც „ქარსითით“ გადაადგილება ამჯობინეს.

„გზაში, საცობში მოულოდნელად დაგვეჯახა ტაქსი. საკმაოდ ძლიერი შეჯახება იყო და მე წინა სავარძელს მივენარცხე. ბავშვი რომ ხელებში მყოლოდა, აუცილებად რაღაცა დაუშავდებოდა.

თუმცა ქარსითი დამაგრებული მქონდა ისე, როგორც წესია და დარტყმაც კი არ გაუგია ბავშვს, ეძინა ჩვეულებრივ. არავითარი დაზიანება არ ჰქონია“, — იხსენებს ნათია.

ზოგადი ილუსტრაცია. აღნიშნულ ფოტოს კავშირი არ აქვს სტატიაში მოთხრობილ ისტორიებთან/SHUTTERSTOCK

მისი თქმით, ამ შემთხვევის შემდეგ მისი ქმარიც დარწმუნდა, რომ ნებისმიერ მანძილზე გადაადგლებისას ბავშვი სპეციალურ სავარძელში უნდა იჯდეს. ამასთან, ნათიას თქმით, როგორც მშობელი, თავს ასე უფრო მშვიდად გრძნობს, რადგან იცის, რომ მისი შვილი დაცულია და თავადაც თავისუფლად მგზავრობს.

რატომ უნდა გამოვიყენოთ „ქარსითი“

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ავტოავარიების დროს სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე ბავშვების სიცოცხლე უდიდესი რისკის ქვეშ დგება. ამ რისკების შემცირება კი შესაძლებელია. მაგალითად, საბავშვო სავარძელი მოზარდების გარდაცვალების რისკებს 60-90%-ით ამცირებს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ძლიერი მუხრუჭის დროს ინერციის ძალით ადამიანის სხეულის წონა 10-ჯერ მძიმდება. იმ შემთხვევაში, თუ მოზრდილ ადამიანს, მაგალითად, 3 წლამდე ასაკის ბავშვი უკანა სავარძელზე, კალთაში ეყოლება ჩასმული, ძლიერი ავარიის დროს მან შიშველი ხელებით არა 20, არამედ 200 კილოგრამის დაჭერა უნდა მოახერხოს, რაც შეუძლებელი იქნება.

რაც შეეხება 3 წელს გადაცილებულ მოზარდებს, ავტოავარიების დროს უსაფრთხოების ღვედიც საფრთხეს შეუქმნის. უფრო ზუსტად კი, 135 სანტიმეტრზე დაბალი მოზარდის შემთხვევაში, სპეციალური ასამაღლებლის გარეშე, ღვედი მათი ყელის არეში ექცევა, რაც ავარიის დროს, მაღალი ალბათობით, მოზარდის დახრჩობას გამოიწვევს.

ასევე დაუშვებელია 12 წლამდე მოზარდის მოთავსება მძღოლის გვერდით, ავტომობილის წინა სავარძელზე, რადგან მცირე ავარიის დროსაც კი შეიძლება გაიხსნას უსაფრთხოების ბალიშები. ამ ბალიშების დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, მოზარდის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.

რისკების გათვალისწინებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალური სავარძლის გარეშე 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვების ავტომანქანით გადაყვანა აკრძალულია.

სპეციალური სავარძლის ტიპები კი ბავშვის ასაკის, სიმაღლის და წონის მიხედვით განსხვავებულია.

ამ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი მოძრაობა „Your Car Seat“ განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით სამგზავრო სავარძლები 4 ჯგუფად იყოფა:

  • 0+ ჯგუფი — 0–13კგ. (12–15 თვემდე)
  • 1 ჯგუფი — 9–18კგ. (1–3წლამდე)
  • 2 ჯგუფი — 15–25კგ. (3–7წლამდე)
  • 3 ჯგუფი — 25–36კგ( 7–12 წლამდე)

თუმცა, ძირითადად, ერთი სავარძელი ორ ან მეტ ჯგუფს აერთიანებს და ბავშვის ზრდასთან ერთად მათი ტრანსფორმაციაც შესაძლებელია, რაც ფინანსების დაზოგვის შესაძლებლობასაც იძლევა.

რა პრობლემებია საქართველოში

ფონდის — „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ — ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მძღოლების მხოლოდ 4% იყენებს საბავშვო სამგზავრო სავარძელს 12 წლამდე ბავშვების გადაყვანის დროს.

ბავშვების 37%-ს კი მძღოლები ავტომობილში წინა სავარძელზე ათავსებენ, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც აკრძალულია.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებლები კანონის არსებობის და მისი ჯეროვანი აღსრულების შემთხვევაში მკვეთრად შეიცვლებოდა, რაც საბოლოოდ შეამცირებდა მოზარდების ავტოავარიებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოს გზებზე საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 4-5-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, სკანდინავიის ქვეყნებთან შედარებით კი, 6-7-ჯერ მეტი. მესხიშვილის თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოში კანონმდებლობისა და მისი აღსრულების გაუმართაობითაა გამოწვეული.

დავით მესხიშვილი. ფოტო: FB/დავით მესხიშვილი

მესხიშვილი სპეციალურ საბავშვო სავარძელთან დაკავშირებით ამჟამად არსებულ კანონმდებლობასაც აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, უკანა სავარძელზე ღვედის შეკვრის შემთხვევაში 16 წელს მიღწეულ პირს 3 წლამდე ბავშვის კალთაში ჩასმის უფლება აქვს:

„დამუხრუჭების დროს ბავშვი მთელი სიმძიმით მიენარცხება წინა სავარძლის საზურგეს და მას მთელი ტანით ეჯახება და აწვება ზრდასრული ადამიანი, რაც დაზიანების რისკს ზრდის“, — ამბობს მესხიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

რატომ არ გვაქვს ადეკვატური რეგულაცია

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია ნეტგაზეთს უყვება, რომ ბავშვებისთვის სპეციალურ სავარძლებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესახებ საუბარი 2011 წლიდან დაიწყეს, როცა უსაფრთხოების ღვედების მიღების ინიციატივით მიმართეს პარლამენტს. თუმცა მხოლოდ წინა სავარძლებზე ღვედების ტარება გახდა მაშინ სავალდებულო.

ირაკლი იზორია. ფოტო: FB/ირაკლი იზორია

მსგავსი ინიციატივით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს 2019 წელს მიმართა. კანონპროექტი რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებდა, მათ შორის:

  • უნდა შეცვლილიყო ამჟამინდელი ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ 0-3 წლამდე ბავშვის შემთხვევაში ავალდებულებს მძღოლს, იქონის სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა. მოზარდის ასაკი 12 წლამდე გაზრდილიყო, სიმაღლე კი 135 სანტიმეტრით განსაზღვრულიყო;
  • უნდა ამოღებულიყო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 16 წელს მიღწეულ პირს უკანა სავარძელზე ღვედის ქონის შემთხვევაში 3 წლამდე ბავშვის კალთაში ჩასმის უფლება აქვს.

განხილვები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა, იმდროინდელი კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კი კანონპროექტის მიღების მომხრე იყო. თუმცა 2019 წელის ბოლოსთვის ბესელიამ პოლიტიკური შეხედულებების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა, რის შემდეგაც კანონპროექტის განხილვაც შეჩერდა.

„მათთვის [მმართველი გუნდი] არ იყო ეს სენსიტიური და მგრძნობიარე თემა. ჯიბრის ამბავიც იყო, რომ ჩემგან ინიციირებული არფერი უნდოდათ. ისიც შევთავაზე, რომ თავად გაუკეთეთ ინიციირება და თქვენი სახელით გაიტანეთ-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობაში ამ ინიციატივის გულშემატკივრები არ აღმოჩნდნენ“, — იხსენებს ბესელია.

ეკა ბესელია, 2019 წელი

ირაკლი იზორიას თქმით ამ საკითხზე მუშაობას კვლავ აგრძელებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდეგ პარლამენტში ახალი წინადადების დარეგისტრირებას გეგმავენ.

სანამ კანონი შეიცვლება

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, კანონის გამკაცრებამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რომ სპეციალური საბავშვო სავარძელი მოზარდებს იცავს სერიოზული დაზიანებებისგან და სიკვდილისგან.

ცნობიერების ამაღლების საკითხზე მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „Your Car Seat“. მისი წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მოსახლეობაში საბავშვო სავარძლების გარშემო ინტერესი არსებობს, რაზეც მეტყველებს ორგანიზაციასთან მიმართვიანობაც.

ლანა გიორგიძე. ფოტო: FB/ლანა გიორგიძე

Your Car Seat ერთი წლის წინ დაარსდა და ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ 5 000-მდე მშობელს დაეხმარა „ქარსითების“ შერჩევაში.

გიორგაძის თქმით, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვის სპეციალური სავარძლის შეძენა შესაძლოა დიდ ფინანსებთან იყოს დაკავშირებული, რაც ასე არ არის.

მაგალითად, ჩვილისთვის განკუთვნილი „ქარსითის“ ღირებულება 100 ლარიდან იწყება, მისი გამოყენება კი 1 წლამდეა შესაძლებელი. ამასთან, არსებობს „ქარსითებიც“, რომლის გამოყენებაც ბავშვის დაბადებიდან 12 წლამდეა შესაძლებელი და მისი შეძენა 200 ლარიდანაა შესაძლებელი.

„საწვავის 60-ლიტრიანი ავზი რომ გავავსოთ, ვიხდით 180 ლარს. ეს ხომ არის საჭირო ხარჯი? იმისთვის, რომ ბავშვის სიცოცხლე იყოს დაცული, საჭირო ხარჯად არ ითვლება სპეციალური სავარძელი?“, — უთხრა ნეტგაზეთს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამჟამად ცნობიერების ამაღლების საკითხზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, რაც არასაკმარისია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც ვერ მიიღებენ.

მათი თქმით, აუცილებელია, კანონმდებლბის სრულყოფასთან ერთად, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და აწარმოოს კამპანია მშობლებში ცნობიერების ასამაღლებლად.

ისინი ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს პასუხისმგებლობა მშობლებმაც უნდა იგრძნონ შვილების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი