საზოგადოება

EU სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის — რას ითვალისწინებს „სტრატეგიული კომპასი“

25 მარტი, 2022 • 4176
EU სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის — რას ითვალისწინებს „სტრატეგიული კომპასი“

ევროკავშირმა დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“ — სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად.

სტრატეგიულ კომპასზე მუშაობა თითქმის ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, საფრთხეების განვითარების დინამიკისა და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია მნიშვნელოვნად განახლდა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის კოლექტიურ სამხედრო ამბიციებს.

„როდესაც წარვადგინე „კომპასი“ გასულ ნოემბერს, ვთქვი, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება. ახლა ეს ცხადზე ცხადია. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა ტექტონიკურ ძვრებს ნიშნავს. ჩვენმა რეაქციამ ომზე აჩვენა, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, შეგვიძლია ვიმოქმედოთ მტკიცედ და სწრაფად, როცა ერთიანები ვართ. კომპასის მიღებაც ამას ადასტურებს“, — განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში.

მისი აზრით, “უსაფრთხოების გარემოს გაუარესება ჩვენგან მოითხოვს არსებითი ნახტომის გაკეთებას და ევროკავშირის შესაძლებლობებისა და მოქმედების მზადყოფნის გაზრდას, მედეგობის გაძლიერებას და ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში მეტ და უკეთეს ინვესტირებას”.

„სტრატეგიული კომპასი“ წარმოადგენს საერთო შეფასებას ევროკავშირის სტრატეგიული გარემოსა და იმ საფრთხეების და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ევროპის კავშირი დგას. პირველად ევროკავშირის ისტორიაში დოკუმენტირებულია კონკრეტული და პრაქტიკული წინადადებები, ზუსტად გაწერილი განხორციელების გრაფიკით, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის უნარების გაძლიერებას, გადამწყვეტად იმოქმედოს კრიზისებში და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და მოქალაქეები. ამავდროულად, კომპასი ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობას და ნატოს როლს კოლექტიურ თავდაცვაში.

„უფრო მტრული უსაფრთხოების გარემო მოითხოვს ჩვენგან კვანტური ნახტომის გაკეთებას. უნდა გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები და მზადყოფნა, გავაძლიეროთ მედეგობა და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში… უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროკავშირი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებასა და შეავსებს ნატოს, რომელიც რჩება კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად“, — აცხადებს ევროკავშირი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის შეფასებით, სტრატეგიული კომპასი იძლევა აუცილებელ ინსტრუმენტთა ერთობლიობას, რათა ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, გახდეს გეოპოლიტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების ნამდვილი მოთამაშე.

„ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ვუჭერთ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, — წერს რინკევიჩი.

ევროკავშირის თანახმად, სტრატეგიული კომპასის მიზანია, ევროკავშირი გახდეს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი უსაფრთხოების მიმწოდებელი, შეეძლოს დაიცვას თავისი მოქალაქეები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ეს სტრატეგიული კომპასი გააძლიერებს ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიას და პარტნიორებთან მუშაობის უნარს მისი ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

რა წერია სტრატეგიულ კომპასში?

სტრატეგიული კომპასი აგებულია ოთხ საყრდენის გარშემო: მოქმედება, ინვესტიცია, პარტნიორობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს კრიზისის დროს — პარტნიორებთან ერთად, თუ ეს შესაძლებელია და მარტო, როცა საჭიროა — სტრატეგიული კომპასის თანახმად, ევროკავშირი:

  • ჩამოაყალიბებს სწრაფი გაშლის ძალებს 5 000-მდე ჯარისკაცით სხვადასხვა ტიპის კრიზისებისთვის;
  • მზად იქნება, განათავსოს 200 სრულად აღჭურვილი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიის ექსპერტი 30 დღის განმავლობაში, მათ შორის რთულ გარემოში;
  • ჩაატარებს რეგულარულ სწავლებებს ხმელეთსა და ზღვაზე;
  • გააძლიერებს სამხედრო მობილობას;
  • გააძლიერებს ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო CSDP (საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა) მისიებს და ოპერაციებს გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და მოქნილი პროცესის ხელშეწყობით და დიდი ფინანსური სოლიდარობის უზრუნველყოფით;
  • სრულად გამოიყენებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმს პარტნიორების მხარდასაჭერად.

იმისათვის, რომ გააძლიეროს მისი უნარი, წინასწარ განსაზღვროს, შეაჩეროს და უპასუხოს მიმდინარე და სწრაფად განვითარებად საფრთხეებსა და გამოწვევებს და დაიცვას ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესები, ევროკავშირი:

  • გაზრდის მისი დაზვერვის ანალიზის შესაძლებლობებს;
  • შეიმუშავებს ჰიბრიდული ინსტრუმენტების ყუთს და რეაგირების ჯგუფებს, რომლებიც ჰიბრიდული საფრთხეების ფართო სპექტრის გამოსავლენად და რეაგირებისთვის სხვადასხვა ძალისხმევას გააერთიანებენ;
  • განავითარებს კიბერდიპლომატიურ ინსტრუმენტებს და შექმნის ევროკავშირის კიბერთავდაცვის პოლიტიკას, რათა უკეთ მოემზადოს კიბერთავდასხმების საპასუხოდ;
  • შეიმუშავებს მექანიზმებს უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ;
  • შეიმუშავებს ევროკავშირის კოსმოსურ სტრატეგიას უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის;
  • გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც საზღვაო უსაფრთხოების აქტორის როლს.

ევროკავშირი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, არსებითად გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები და გააძლიერონ ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა. საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების გადასაჭრელად, ევროკავშირი აანონსებს თანამშრომლობის გაძლიერებას ნატო-სთან, გაერო-სთან და რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის ეუთო-სთან, აფრიკის კავშირთან და სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან; ასევე, უფრო მორგებულ ორმხრივ პარტნიორობას თანამოაზრე სტრატეგიულ პარტნიორებთან: აშშ, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა.

სტრატეგიულ კომპასში, ასევე, საუბარია მორგებული პარტნიორობის განვითარებაში დასავლეთ ბალკანეთში, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში, აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების, CSDP-ის მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის გზით.

საქართველო „კომპასში“

ევროკავშირის სტრატეგიულ კომპასში საქართველოზე საუბარია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის, ისე უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას.

„ეს მოჰყვა 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, ასევე, ყირიმის უკანონო ანექსიას და სამხედრო ინტერვენციას აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს. ამ შეიარაღებული ჩარევით საქართველოსა და უკრაინაში, ბელარუსის დე ფაქტო კონტროლით, ისევე როგორც რუსული ჯარების მუდმივი ყოფნით გაჭიანურებულ კონფლიქტებში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკაში, რუსეთის მთავრობა მიზნად ისახავს ე.წ. გავლენის სფეროების შექმნას“, — აცხადებს ევროკავშირი და დასძენს, რომ რუსეთი კრიზისებს ოპორტუნისტული მიზნით იყენებს ასევე ლიბიაში, სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია, ისევე როგორც სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები, ბირთვული თავდასხმის რიტორიკისა და დეზინფორმაციის ჩათვლით, ევროკავშირის შეფასებით, წარმოადგენს გრძელვადიან და პირდაპირ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, რომელსაც ევროკავშირი მტკიცედ დაუპირისპირდება.

აღმოსავლეთ სამეზობლოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაშინ, როცა უკრაინას უშუალოდ დაესხნენ თავს რუსეთის შეიარაღებული ძალები, ასევე, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივად დგანან სტრატეგიული დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პირდაპირი საფრთხის წინაშე და „გაჭიანურებული კონფლიქტების ხაფანგში“.

„ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მმართველობის საფრთხეების გათვალისწინებით, გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მათი მედეგობის გასაზრდელად.

გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დამატებითი პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და ლოგისტიკური დახმარებით. გამოწვევებს შორის, რომელთა წინაშეც საქართველოსა და მოლდოვა დგანან, არის რუსეთის მტრული ჩარევა, სამხედრო ინსტრუმენტების ფართოდ გამოყენება და ჰიბრიდული ტაქტიკა, ძირის გამოთხრა მათი სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესებისთვის, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე.

ამიტომ გავაგრძელებთ ამ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც ახლო პარტნიორებთან, ევროკავშირს ექნება სპეციფიკური დიალოგი და თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთნ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება“, — ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) აფილირებული ანალიტიკოსი ელენე ფანჩულიძე მიიჩნევს, რომ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, სტრატეგიული კომპასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„პრაქტიკაში, მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პარტნიორი სახელმწიფოების CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას. ეს წარმოადგენს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის შესაძლებლობას, პარტნიორებთან ერთად განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები, როგორც სამხედრო, ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ“, — ამბობს ფანჩულიძე.

რას ცვლის „კომპასი“ ევროპის უსაფრთხოებისთვის?

ელენე ფანჩულიძის შეფასებით, სტრატეგიული კომპასი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ პირველად, ერთობლივად განსაზღვრა ორგანიზაციის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნები.

„არსებითად ჩანს, რომ სახეზეა ევროკავშირის ამბიცია, შეამციროს სტრატეგიული დამოკიდებულება, აამაღლოს კრიზისებზე რეაგირების სისწრაფე და ევროპული ოპერაციების ეფექტიანობა. კომპასი განიხილავს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, როგორც წევრი სახელმწიფოების, ასევე, ევროკავშირის დონეზე“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ფანჩულიძემ.

ის ხაზს უსვამს, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ წარმოადგენს სიახლეს ევროკავშირისთვის — 2017 წლიდან მოყოლებული მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) ფარგლებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამხედრო-ოპერატიული მზადყოფის განვითარებისთვის.

„როდესაც ვსაუბროთ კრიზისებზე, უნდა გვახსოვდეს რომ ევროკავშირს წევრს სახელმწიფოებს ინდივიდუალურად და განსაკუთრებუთ ნატო-ს ფარგლებში, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მათზე რეაგირება მოახდინონ. მთავარ პრობლემად ისევ რჩება პოლიტიკური ნება და წევრი სახელმწიფოებს შორის აზრთასხვადასხვაობა. საფრთხეების ერთობლივი ანალიზი და თავდაცვის მიზნების შესახებ ერთიანი ხედვა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება სტრატეგიული კომპასის განხორციელება. მაგალითად ერთ-ერთი ცვლილება უკავშირდება სწრაფი რეაგირების ძალებს (EU RDC)-ს, თუმცა მისი ზუსტი პარამეტრები, გარდა 5000-იანი შენაერთის, ჯერ კიდევ უცნობია და წევრმა სახელმწიფოებმა 2022 წლის ბოლოს უნდა განსაზღვრონ. კომპასის მიხედვით, ოპერაციული სცენარები შემუშავდება და შესაძლოა, წვრთნები ჩატარდეს 2023 წელს, ხოლო ევროკავშირის RDC სრულად 2025 წლისთვის ამოქმედდება“, — აცხადებს ფანჩულიძე.

ევროკავშირის თავდაცვა VS ნატო

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი 2003 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციებს ატარებს. ევროკავშირის 5000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომელი ამჟამად განლაგებულია CSDP-ის მისიებში ევროპის, აფრიკისა და აზიის მასშტაბით. მისიების უმეტესობა ორიენტირებულია კრიზისების მართვაზე.

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი თანამშრომლის, ბრუნო ლეტეს შეფასებით, CSDP არის უფრო „ტექნიკური პროექტი“ და არაა ორიენტირებული ევროკავშირის სათანადო არმიის შექმნაზე, თუმცა უკრაინის ომი არის გამოღვიძების ზარი ევროპის სახელმწიფოებისთვის, რომლებიც გადახედავენ თავიანთ თავდაცვის სტრატეგიებს.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეს გამოღვიძება.  ზოგიერთი წევრი ქვეყანა პრიორიტეტს მიანიჭებს ნატოს სტრუქტურებს. სხვები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირს საიჭროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს საკუთარი სამხედრო მისიების წარმართვა, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ნატო დარჩება დამატებით ღირებულებად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, — თქვა მან “ევრონიუსთან” ინტერვიუში.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის სუვერენული პოლიტიკა აქვთ. ევროკავშირში მისი დაფუძნების დღიდან პერიოდულად აქტიურდება დისკუსია ერთიანი უსაფრთხოების სისტემის და გაერთიანებული სარდლობის ქვეშ ევროპული არმიის შექმნის შესახებ, თუმცა, წარუმატებლად. ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება და თავდაცვა ძირითადად ნატო-ზე დგას და ბევრი ვერ ხედავს ალტერნატივის საჭიროებას. მით უმეტეს, ის კითხვებს აჩენს ნეიტრალური სახელმწიფოების სტატუსთან დაკავშირებით. თუმცა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკამ ევროპის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მიმართ, ბოლოს კი უკრაინის კრიზისმა, ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის იდეა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. მთავარ ლობისტებს შორის არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მაკრონმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ ევროპელები ვერ იქნებიან დაცული „ჭეშმარიტი ევროპული არმიის“ გარეშე. მისი ხედვით, ევროპას უნდა შეეძლოს „მარტო უკეთ თავის დაცვა“, ვიდრე დამოკიდებული იყოს ნატო-ს მთავარ კონტრიბუტორ შეერთებულ შტატებზე. თუმცა ევროკაშირის მიერ დამტკიცებული „სტრატეგიულ კომპასი“ კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად კვლავ ნატო-ს განიხილავს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა ველოდოთ ნატო-ს როლის დასუსტებას. უკრაინის ომის შემდეგ, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას სურს დარჩეს აშშ-დიდი ბრიტანეთის სიახლოვეს. ამ შეჭრამ ბევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, გახადა უფრო სკეპტიკურად განწყობილი „სტრატეგიული ავტონომიის“ მიმართ და უფრო მეტად- დაინტერესებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებით.

სტრატეგიული კომპასი ხაზს უსვამს, რომ ნატო რჩება კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველოფის საკითხში მთავარ ორგანიზაციად. სტრატეგიული კომპასი კი ფოკუსირებულია ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლებისკენ, რაც არსებითად ხელს უწყობს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და სტრატეგიულად ავსებს ნატოს“, — ამბობს ელენე ფანჩულიძე.

ევროპულმა საბჭომ „სტრატეგიული კომპასი“ დღეს, 25 მარტს დაამტკიცა. „ახლა სრულად ვიქნებით ფოკუსირებული მის იმპლემენტაციაზე“, — აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი