კომენტარი

ლინკოლნ მიტჩელი: თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთ ბლოკში უფრო მეტ სარგებელს მიიღებდნენ

13 ოქტომბერი, 2016 • 2521
ლინკოლნ მიტჩელი: თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთ ბლოკში უფრო მეტ სარგებელს მიიღებდნენ

“საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, თუ ვერც ერთი პარტია მოიპოვებდა ასეთ უმრავლესობას, მაგრამ ეს  არის ის, რაც ამომრჩევლებს სურდათ”, – ასე აფასებს ამერიკელი ანალიტკოსი ლინკოლნ მიტჩელი “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას.

ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია და  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პროცესში ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა.

“საქართველოს საარჩევნო სისტემამ შეძლო, რომ ხმების დიდი რაოდენობა “ქართული ოცნებისთვის” მანდატების დიდ უმრავლესობად ექცია. მე ვერ ვხედავ ქართული ოცნების რაიმე რეალურ დამაბალანსებელ ძალას როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში. ეს სამწუხაროა და როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, ადამიანები პოტენციური პრობლემის შესახებ საქმის კურსში უნდა იყვნენ”, – ამბობს მიტჩელი ნეტგაზეთთან საუბარში.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 ოლქიდან “ქართულმა ოცნებამ” 46-ში უნდა გაიმარჯვოს იმისათვის, რომ 113 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოაგროვოს და სურვილის შემთხვევაში კონსტიტუციაში ცვლილებები სხვა ძალების დაუხმარებლად განახორციელოს.

ლინკოლნ მიტჩელი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში ვერ შედიან. ანალიტიკოსის თქმით, ორივე პოლიტიკურ ძალას პროცესებისთვის უფრო რეალურად უნდა შეეხედათ. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი კენჭს ერთი ბლოკის სახით იყრიდნენ.

“თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მარცხმა შესაძლოა დასავლეთში ვინმე გააკვირვა, მაგრამ არა ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკაში კარგად ერკვევიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიებს ჰყავთ კარგად ცნობილი ლიდერები, რომლებსაც მმართველობა კარგად გამოსდით, ისინი არასდროს გამოირჩეოდნენ ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერით. ჩემი აზრით, ისინი უფრო მეტ სარგებელს ნახავდნენ, თუ არჩევნებში მონაწილეობას ერთად მიიღებდნენ, თუმცა ეს არ მოხდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ამის პრევენცია შესაძლებელი იყო, ეს პარტიები რომ პოლიტიკურად უფრო მეტად რეალისტები და შორსმჭვრეტელები ყოფილიყვნენ. მე ასევე ვიფქრობ, რომ ეს მეტაფორები (ტროპები – Tropes) იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” საკმარისად პროამერიკული ან ნატოს მომხრე არ არის, მოხმარებიდან უნდა გავიდეს. მათ პროდასავლური პლატფორმით ჩაატარეს არჩევნები და უმრავლესობა აიღეს. ბოლო 4 წლის განმავლობაში მათი მიღწევა საქართველოს დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით ასევე აშკარაა”, – აცხადებს მიტჩელი.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მისი აზრით, პატრიოტთა ალიანსის პარლამენტში შესვლა შემაშფოთებელი ფაქტი არ არის.

“მე არ ვარ ასე შეშფოთებული პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით. მათ პარლამენტში არც ბევრი ადგილი ექნებათ და არც დიდი გავლენა. დემოკრატიაში ყველა მოსაზრება, რომელსაც ხალხის საკმარისი მხარდაჭერა აქვს, რეპრეზენტირებული უნდა იყოს. ეს სულაც არ არის დიდი პრობლემა. ბევრმა ქართველმა მითხრა, რომ ისინი არ არიან ბედნიერები “პატრიოტების” პარლამენტში შესვლით. მე მესმის მათი, მაგრამ ეს ნაკლებად არის ეგზისტენციალური კრიზისი”.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში გაკრვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიას იმის შესახებ, უნდა ეთქვა თუ არა პარტიას საპარლამენტო მანდატებზე უარი მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მიტჩელი ამბობს, რომ ბოიკოტი “სულელური გადაწყვეტილება” იქნებოდა, რადგან გარდა ენმ-ისა, არავინ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აირჩიოს, იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციების ინსტრუმენტი, თუ ექნება მომავალი. წელს მათ ეს უკანასკნელი აირჩიეს, რაც ხმების გარკვეული რაოდენობა დაუჯდათ”.

ლინკოლნ მიტჩელი © პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

ლინკოლნ მიტჩელი © პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

“ზოგადად ეს არჩევნები დემოკრატიული იყო. არჩევნები იყო უკეთესი, ვიდრე 2012 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია სწორი მიმართულებით მიდის საქართველოში. ცხადია, იყო პრობლემებიც, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ძალადობის თვალსაზრისით. ხელისუფლებამ ამ პრობლემებს უნდა უპასუხოს. არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ნათელია, რომ ენმ-ს გააჩნია მხარდამჭერთა ერთგული, თუმცა ლიმიტირებული ბაზა. “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ არის ის პარტია, რომელსაც ამომრჩევლები მისცემენ ხმას, როდესაც ისინი სხვა პოლიტიკური ძალებით იქნებიან უკმაყოფილოები. გარდა ამისა, ბოლო 6-8 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა (კვირიკაშვილმა) “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მეტი სტაბილურობა და უკეთესი იმიჯი შესძინა. ყველაფერი ეს ერთად აღებული, დამატებული ნელი, თუმცა მდგრადი პროგრესი, ეკონომიკის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ნატოს ასევე ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის თვალსაზრისით, ქართულ ოცნებას გამარჯვებაში დაეხმარა”, – აცხადებს მიტჩელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი