ახალი ამბები

საქართველო და აშშ–ს ინტერესები

21 მაისი, 2011 • 1957
საქართველო და აშშ–ს ინტერესები

თემურ იაკობაშვილი
თემურ იაკობაშვილი

გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე? როგორ ვითარდება თეთრი სახლისა და კრემლის ურთიერთობები და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამან საქართველოს? – ქართველი ჟურნალისტების ამ და სხვა შეკითხვებს აშშ–ში საქართველოს ელჩმა უპასუხა.

«დღესდღეობით აშშ–ში ფული უჭირთ და მიდის ხარჯების შემცირებები, ამიტომაც სერიოზული დებატებია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია საგარეო დახმარებისთვის თანხის დახარჯვა და საერთოდ, უნდა დახარჯოს თუ არა ამაზე აშშ–მ ფული?» – ამბობს თემურ იაკობაშვილი.

საგარეო დახმარების გაწევისას, იაკობაშვილის თქმით, აშშ სამი პრიორიტეტული მიმართულებით ხელმძღვანელობს:

დიდი სახელმწიფოები, როგორებიცაა– ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები, იაპონია და ა.შ., რომლებთანაც პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანია აშშ–სთვის.

ე.წ. Frontline States, ანუ ქვეყნები, სადაც აშშ ახორციელებს სამხედრო ან სხვა ტიპის (სავაჭრო, ეკონომიკურ) ოპერაციებს. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, ავღანეთი, პაკისტანი, ლიბია, ერაყი და ა.შ.

პატარა ქვეყნები, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობით ან სხვა მიზეზით არიან მნიშვნელოვანი, ანუ ქვეყნები, «სადაც ხდება დიდი სახელმწიფოების დაჯახება». ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, საქართველო და ა.შ.

«ამ სამ პრიორიტეტულ ბლოკში აშშ–ს სურს, დაიჭიროს ბალანსი, ამიტომაც არის სხვადასხვა უწყებაში ამ საკითხებზე ჭიდილი, თუმცა ამ დროისთვის აშშ–ს ყველაზე დიდი პრიორიტეტი არის ახლო აღმოსავლეთი», – აცხადებს იაკობაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს მთელი რიგი საფრთხეები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება:

«მაგალითად, ვინ უნდა აიღოს ძალაუფლება ეგვიპტეში რევოლუციის შემდეგ? – სამხედროებმა, რომლებსაც ისედაც ჰქონდათ ძალაუფლება, თუ მუსლიმურმა საძმომ, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება?! რა შედეგი შეიძლება მოიტანოს იმან, როცა აშშ–ს განსხვავებული პოზიცია აქვს კადაფისა და ასადის მიმართ მაშინ, როცა ასადი იგივეს აკეთებს სირიაში, რასაც კადაფი – ლიბიაში».

რომელი მათგანი შეიძლება გახდეს წარმატებული მაგალითი ტრანსფორმაციის? – იაკობაშვილის თქმით, ასეთია აშშ–ს მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით, «რადგან ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამ დონის ტრანსფორმაცია, რაც უნდა მოხდეს ახლო აღმოსავლეთში, არ ყოფილა. ტრანსფორმაციის ყველაზე ახალი და წარმატებული მაგალითი ვართ ჩვენ – საქართველო».

ტრანსფორმაცია, რაც საქართველომ აჩვენა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, იაკობაშვილის თქმით, ერთ–ერთი მთავარი საფუძველია იმისა, თუ რატომაც გააგრძელებს აშშ საქართველოს მხარდაჭერას.

«ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რომელი შეიძლება გახდეს წარმატებული მაგალითი ტრანსფორმაციის? – ალბათ, უფრო ტუნისი თუ მოახერხებს აჩვენოს ისეთივე ტრანსფორმაცია, როგორიც მოხდა საქართველოში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აშშ–სთვის», – აცხადებს საქართველოს ელჩი აშშ–ში.

ტრანსფორმაციის გარდა, თემურ იაკობაშვილი კიდევ ერთ კომპონენტს ასახელებს იმის არგუმენტად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აშშ–ისთვის საქართველოს მხარდაჭერა: ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა – ერთის მხრივ, სიახლოვე კონფლიქტის ზონასთან (მაგალითად, ირანთან) და მეორეს მხრივ, ალტერნატიული სატრანზიტო გზის შექმნა საქართველოში ტვირთების გადაზიდვის კუთხით აშშ–დან ავღანეთში.

«ავღანეთის მიმართულებით საჰაერო ტვირთების 30% აშშ–დან საქართველოს გავლით შედის», – ამბობს საქართველოს ელჩი აშშ–ში.

საქართველოს მიმართ ამგვარი ინტერესის მიუხედავად, შესაძლებელია თუ არა შეერთებული შტატების პოზიციის ცვლილება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ? – იაკობაშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონიდან რუსეთს უყურებენ, როგორც «მომაკვდავ ქვეყანას». ამის საილუტრაციოდ მას რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოჰყავს:

«აშშ–ში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ არის 82 წელი, რუსეთში – 53 წელია. იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ეთნიკური რუსები კვდებიან, იზრდება ჩრდილო კავკასიელების რიცხვი. რუსეთის ჯარის ახალწვეულების 15%–ს დღესდღეობით ჩრდილო კავკასიელები წარმოადგენენ. თუკი საბჭოთა პერიოდში, რუსეთის ერთ–ერთ უმდიდრეს მხარეში 18 მილიონი ცხოვრობდა, დღეს ცხოვრობს 6 მილიონი და ძალიან ბევრი უცხოელია მათ შორის.

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას რუსეთი – მოსახლეობა უკვდება, საწარმოო საშუალებები ამორტიზებული აქვს, მდიდრებს ფული საზღვარგარეთ გააქვთ და ა.შ. სტატისტიკური თვალსაზრისით, ამერიკელები ამბობენ, რომ რუსეთს მომავალი არა აქვს», – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების მომხრეა, აშშ–ს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია: «ლავროვმა რაც უნდა ილაპარაკოს, რუსეთი ვმო–ში ვერ შევა კონსესუსის, ანუ ჩვენი თანხმობის გარეშე» .

რის სანაცვლოდ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავსირებით, ამ კითხვაზე იაკობაშვილი პასუხს არ იძლევა და ერთადერთი, რასაც დაბეჯითებით და ღიად ამბობს, ის არის, რომ დათმობა არ მოხდება რუსული ბაზრის საქართველოსთვის გახნის ხარჯზე:

«მაგრად შეინახონ თავისი ბაზარი. რუსეთის ბაზარი უფრო პატარაა, ვიდრე – პოლონეთის. ჩამოვასხათ ღვინო რუსული ეტიკეტით, დავხარჯოთ ფული და მერე იმას ვუყუროთ, რა ხასიათზე გაიღვიძებს ონიშენკო და როდის დაგვიკეტავს და გაგვიღებს ბაზარს? ეს არასერიოზულია».

საქართველოს მთავარ მოკავშირესთან – აშშ–სთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, თემურ იაკობაშვილს მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია ქართულ–ამერიკული ქარტიის რეალურად ამუშავება:

«გარკვეული პროგრესი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით, თუმცა არის სფეროები, სადაც წინ არ წაგვიწევია».

შეიარაღება – ეს ის საკითხია, რაშიც, ელჩის თქმით, «ჯერ–ჯერობით გაჩერებულები ვართ». ამ «უძრაობას», იაკობაშვილის თქმით, ასეთი მიზეზი აქვს:

«პოზიცია აქვთ ასეთი, რომ პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს სტრატეგია: რა ტიპის შეიარაღება გჭირდება – ომისთვის? თავდაცვისთვის? – ამაზე ნაფიქრი უნდა გქონდეს. ამდენად, აქტიურად გვეხმარებოდნენ სტრატეგიის შემუშავებაში და ახლა ამ პროცესის – სტრატეგიის შექმნის ბოლოში გავდივართ. საუბარი არაა იმაზე, რომ შეირაღება უნდა იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი».

იმის საილუსტრაციოდ, რომ ქართულ–ამერიკული ურთიერთობები უსაფრთხოების საკითხებში (რომელიც წვრთნასა და შეიარაღებას გულისხმობს) წინ წაიწევს, თემურ იაკობაშვილი ამბობს:

«გაგვიჩნდა ლობი, რაც აქამდე არ გვყავდა – ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველები არიან ყველაზე მაგარი მეომრები».

ქართულ–ამერიკული ქარტიის ფარგლებში, ამ ეტაპზე ყველა მთავარ მიღწევად საქართველოს ელჩი აშშ–ში, სავიზო რეჟიმის ცვლილებას განიხილავს.

«გადავჭერით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – შევცვალეთ სავიზო რეჟიმი. ეს არის ძალიან სერიოზული გარდატეხა იმიტომ, რომ თუ არ იქნა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ისე არაფერიც არ იქნება», – ამბობს თემურ იაკობაშვილი.

მისივე თქმით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც.

«დავიწყოთ იმით, რომ მეორედ მოგვცეს «მილენიუმის» გრანტი, რაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. ამჟამად ვახდენთ ახალი ფონდის მოძიებას ბიზნესისთვის. საქართველოში შემოსვლას იწყებს ახალი ამერიკული ბანკი. გაიზარდა ჩვენი ქვოტა ოპიკში, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ ჩვენთვის გამოყოფილი ქვოტების ათვისებას, რასაც ჩვენს ნაცვლად აკეთებენ უკრაინელები და სომხები. მაგალითად, NEXT–მა – სომხურმა ბიზნესმა აითვისა ჩვენი ქვოტა იმის გამო, რომ საქართველოში გახსნა მაღაზიები და ის ჩაითვალა ქართულ ბიზნესად», – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხორციელდება საქართველოში კერძო ამერიკული ბიზნეს–კომპანიების მიერ მსხვილი ან საშუალო დონის ინვესტიციები, თუკი მართლაც არსებობს ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით გაუმჯობესების ტენდენცია, საქართველოს ელჩის პასუხი ასეთია:

«ჩვენ გვქონდა ასეთი სტრატეგია, რომ დავდიოდით და ვუყვებოდით ბიზნესმენებს ჩვენთან არსებული ბიზნესგარემოს შესახებ. მერე მივხვდით, რომ ეს არის მეორადი: პირველად უთხარი, რაში იშოვის ფულს და მერე მოუყევი – გარემოზე. ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც შევთავაზებთ ბიზნესმენებს».

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამერიკული კომპანიების მხრიდან დაინტერესება არის საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით:

«მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ–ერთ კომპანიასთან, რომელიც აპირებს ნახევარი მილიარდი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საშუალო მოცულობის ინვესტიციის განხორციელების კუთხით, ჯერ არავინაა. არის მესამე კატეგორია დაინტერესებული ამერიკელი ბიზნესმენებისა, რომლებიც აპირებენ 10 მილიონამდე თანხის ინვესტიციას საქართველოში – საუბარია ვენახების ინვესტირებაზე, რადგან ყურძნისგან მზადდება პარფიუმერია, ასევე, ბროწეულის ბაღებზე, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია ბაზარზე და ა.შ.»

რამდენად უჭერს მხარს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მთავრობას და რა მოლოდინი აქვს აშშ–ს საქართველოს მიმართ უახლოეს პერიოდში? – ამ შეკითხვაზე თემურ იაკობაშვილის პასუხი ასეთია:

«ამ ადმინისტრაციამ მოგვცა მილიარდი დოლარის დახმარება; ამ ადმინისტრაციისაა ბაიდენი და ჰილარი კლინტონი, რომლებიც მხარს გვიჭერენ; «მილენიუმი» ამ ადმინისტრაციამ მოგვცა და ამდენად, საუბარი იმაზე, რომ ეს ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, აბსურდია. რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი არის ერთი, რომ ჩატარდეს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები საქართველოში».

მასალების გადაბეჭდვის წესი