ახალი ამბებიკომენტარი

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

19 მარტი, 2020 • 4117
„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“.

„კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი მიიჩნევს, რომ ახლა ქართული პოლიტიკის მომავალი ერთგვარად იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია და რა მასშტაბს მიიღებს ის.

რა დამოკიდებულება ჩნდება ხელისუფლების მიმართ მსგავს ვითარებაში და რა პოლიტიკურ ფასს შეიძენს ის თემები, რომლებსაც ახლა „გვაპარებენ“? – „ბათუმელები“ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, თქვენი დაკვირვებით, როგორ აისახა „კორონავირუსი“ პოლიტიკურ ცხოვრებაზე? 

უკვე აისახა იმით, რომ ყურადღების ფოკუსი გახდა არა პოლიტიკა, არამედ სამედიცინო პოლიტიკა, ვირუსის უსაფრთხოება. ყურადღების ცენტრში აღარაა საარჩევნო სისტემა, ძალთა ბალანსი, პოლიტიკური პატიმრების თემაც კი ჩრდილში გადავიდა. ასევე, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადეს ხელისუფლების კრიტიკაზე გასაგები მიზეზების გამო, ანუ ეს არის ჟესტი, მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას არ აუშალონ ნერვები და მან იზრუნოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

  • თუ ასე გაგრძელდა, რა შეიძლება მოხდეს? როგორ აისახება ეს პროცესი პოლიტიკურ აქტორებზე? 

თუ ეს ვითარება შენარჩუნდა, რაც ახლა გვაქვს, ხელისუფლება აშკარად კიდევ უფრო მეტ პლუსებს დაიწერს ამომრჩევლის წინაშე, თუნდაც ეპიდემიოლოგიურ საზოგადოებაზე გავლით. მაგალითად, ვხედავთ, რომ არსებობს საყოველთაო ნდობა და პატივისცემა ამირან გამყრელიძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ, ვინც ამ კუთხით გადაწყვეტილებებს იღებს ან ახმოვანებს. გამოიკვეთა, რომ დღეს ყველაზე დიდი ნდობით ეს ჯგუფი სარგებლობს. ეს ხელისუფლების მიმართ ნდობასაც ზრდის, რადგან ეს ხალხი არ წარმოადგენს კერძო სექტორს, ისინი საუბრობენ სახელმწიფოს სახელით და ეს, ბუნებრივია, ხელისუფლების აქტივში იწერება.

  • ზოგადად, მსგავს ვითარებაში, ანუ პანდემიის და ეპიდემიის დროს, რამდენად იზრდება ხალხის ნდობა ხელისუფლების მიმართ, რადგან ისაა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება. მაგალითად, ბრიტანეთში ფიქსირდება მზარდი უკმაყოფილება ჯონსონის ხელისუფლების მიმართ… ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებები, მაგალითად, იგივე გამკაცრებული ღონისძიებები სწავლის გაუქმებაზე ან საზღვრების ჩაკეტვაზე ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ვირუსი საქართველოში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს ჯერჯერობით, მაგრამ აქ არის დიდი ნაღმი ჩადებული – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია ეს პროცესი და უმუშევრობის მასშტაბი ახლა კიდევ უფრო იზრდება. კერძო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანი უკვე უმუშევარი დარჩა. უმუშევრობის პრობლემა და ზოგადად, სოციალური დაუცველობის დონე და ხარისხი კიდევ უფრო მწვავდება და იზრდება. ეს პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ვირუსის გავრცელება არ შეიზღუდება.

  • ეს მოცემულობა ხელისუფლებას ხომ არ მისცემს არგუმენტს, რომ ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და მარტივად პრობლემას ვერ მოაგვარებს? 

კი, ხელისუფლებას ექნება ობიექტური მიზეზი, ეს მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ ადამიანზე, რომელსაც შია, შვილები ვერ გამოუკვებავს და სიღარიბეში, როგორც ჭაობში, ისე ეფლობა, ეს არგუმენტი ვერ იმუშავებს. ადამიანების პრეტენზია ამ დროს მიემართება ხელისუფლებისკენ, როგორც ძალაუფლების მატარებელზე. შესაბამისად, ხელისუფლება იტყვის, რომ ეს მისი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც მას მოსთხოვენ პასუხს.

ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვენ სოციალური დაცვის არაეფექტური პოლიტიკის გატარებაზეც. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში უზრუნველყვეს იმ ადამიანებისთვის ხელფასის გაცემა, ვინც ვირუსის გავრცელების გამო აღარ მუშაობს. ამ ქვეყნებში სახელმწიფო გახდა მედიატორი კერძო კომპანიებსა და ხალხს შორის. ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ მოახერხებს – უმუშევრობის შემწეობა არც გვაქვს და არც გვქონია. მეეჭვება, რომ უმუშევრობის კომპენსაცია მოხერხდეს, ანუ ხელისუფლება ვერ მოუვლის ამ მზარდ ეკონომიკურ კრიზისს და მზარდ სიღარიბეს. ეს არის ზუსტად „დენთის კასრი“ ხელისუფლებისთვის. მზარდი ნდობა, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს, შესაძლოა მარტივად გაიფანტოს მზარდი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

  • ამ ფონზე ხდება კონკრეტული თემების „გაპარებაც“. თქვენი აზრით, რის „გაპარება“ არ გამოვა? 

ეს არის კარგი პერიოდი, რომ რაღაც საკითხები გააპარონ. ვეღარ გააპარებენ, ცხადია, შეთანხმებას საარჩევნო მოდელზე, რადგან თითქმის ყველა ელჩის წინაშე დადეს ეს პირობა. მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების საკითხს გააპარებენ. უფრო შესაძლებელია, უგულავას შეწყალება მოხდეს, თუმცა ხელისუფლება კი არ აიღებს უშუალო პასუხისმგებლობას უგულავას გათავისუფლებაზე, არამედ სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ამას და ამ გზით აიცილებს „ქართული ოცნება“ ორთოდოქსული ამომრჩევლის რისხვას. პოლიტიკური ნიშნით სხვა დაკავებულების შემთხვევაში ეს არ მოხდება.

  • „აპარებენ“ აჭარის ტელევიზიასაც, სადაც „შავი პარასკევის“ სერია გრძელდება. მაგალითად, საპროტესტო აქციაც ვერ შედგა კორონავირუსის გამო. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან რაც არ უნდა მართალი იყო, თუ შენ დარჩი მარტო, არაფერი გამოვა. სიმართლე გზას გაიკვალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ხდება რეზონანსული. პროტესტი, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს, იმ შემთხვევაში გამოიღებს ნაყოფს, როცა ის მეტ-ნაკლებად მასშტაბური ხდება. ხელისუფლებას აქვს ერთგვარი კომფორტის ზონა, რადგან ახლა ადამიანებს აჭარის ტელევიზიისთვის არ სცხელათ.

  • ოპოზიციური პოლიტიკური აქტორებისთვის რა იცვლება? 

ოპოზიციას, თავის მხრივ, აქვს კარტბლანში, რადგან ის არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციას ოპოზიცია გამოიყენებს და ხელისუფლებასთან ექნება, მათ შორის, უტოპიური მოთხოვნები, მაგალითად, სესხების დაფარვა. გვახსოვს, წინა არჩევნებზე რა მოხდა, როცა პრობლემური სესხები დაფარეს… თუმცა ახლა ამ ეკონომიკური პრობლემის მასშტაბი შეუდარებლად მაღალი იქნება და ამის მოგვარებას ბიუჯეტი ვერ აიტანს, ვერც „ქართუ ბანკი“ გაწვდება. ამ თვალსაზრისით, ცხადია, ოპოზიციას ექნება პოლიტიკურად მომგებიანი გარემო.

  • რა როლს თამაშობს ამ პროცესში დრო? ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემია. 

თუ ეს პრობლემა, ვგულისხმობ ვირუსს, მალე მოგვარდება, მაშინ ხელისუფლებას ჯიბეში აქვს გამარჯვება, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა დიდხანს, ორი-სამი თვე და ასე შემდეგ და ამან გამოიწვია კრიზისი, შესაძლოა, ეს უკვე ხელისუფლებისთვისაც ძალიან მძიმე შედეგად მობრუნდეს არჩევნებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი