ახალი ამბები

„მაესტროს“ 50% „უცნობმა“ 400 ლარად მიიღო

12 აპრილი, 2011 • 1333
„მაესტროს“ 50% „უცნობმა“ 400 ლარად მიიღო

გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) ტელეკომპანია “მაესტროს” 50%–ანი  წილი 400 ლარად იყიდა, ხოლო მამუკა ღლონტი რადიო „ნაცნობის“ დირექტორი გახდა. თავის მხრივ, რადიო „ნაცნობი“ 400 ლარად გაიყიდა და მას ახალი მფლობელი ჰყავს.

ილია კიკაბიძე, „მაესტროს“ დირექტორი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „უცნობს“ წილი სიმბოლურ თანხად გადაეცა. სიმბოლური თანხა კი 400 ლარია.

იმისთვის, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს 50%–ანი წილი მიეღო, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს წილის დათმობა მოუხდათ.

მამუკა ღლონტმა კუთვნილი 38%–დან გაჩეჩილაძეს 23% მიყიდა. ტელეკომპანია მაესტროს სხვა პარტნიორებმა და მფლობელებმაც დათმეს წილები: ლევან ჩიკვაიძემ 4% დათმო, გიორგი ებრალიძემ – 23%. წილი არ დაუთმია ეკატერინე აკობიას, რომელმაც კუთვნილი 5% შეინარჩუნა. 15–15%–ანი წილები დაიტოვეს საკუთრებაში ღლონტმა, ჩიკვაიძემ და ებრალიძემ.

თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მფლობელებისა, რომლებიც მამუკა ღლონტისა და ტელევიზიის დირექტორის თქმით,  ტელეკომპანიას ჰყავს. როგორც ღლონტი და კიკაბიძე ამბობენ, ტელეკომპანია ათმა ადამიანმა დააფუძნა (ესენი არიან: მამუკა ღლონტი, ეკა აკობია,  ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე, ილია კიკაბიძე, მაგდა გახარია,  მალხაზ რუხაძე, კახა ოყვარაშვილი, ზურაბ ბითაძე და ელენე კვირცხალია), რომლებსაც თანაბრად ეკუთვნით „მაესტრო“. კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ოფიციალურად მათზე წილების გაფორმება, „ნეტგაზეთმა“ ერთი თვის წინათ ასეთ პასუხი მიიღო მამუკა ღლონტისგან:

„10 დამფუძნებელი ჰყავს „მაესტროს“. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმება. მოვიპალარაკეთ წილების გაყოფაზე და ვერ მოვაბით იურიდიულად ამის გაფორმებას თავი.“

თუმცა 5 აპრილს რეესტრში ოფიციალურად გაფორმდა ცვლილებები ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელთა შორის. სხვა 6 ადამიანი, რომელსაც ღლონტი „მაესტროს“ მფლობელთა რიცხშვი მოიაზრებდა, ისევ არ ჩანს სამართლებრივ დოკუმენტში. გაცხადებული გაჩეჩილაძისთვის გადასაცემი  50%–ი კი სხვა ოფიციალურად დაფიქსირებული ოთხი პარტნიორის წილის დათმობის შედეგად შეივსო.

5 აპრილს შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორების შესახებ ინფორმაციაში ცვლილებები ოფიციალურად განცორციელდა. რეესტრში ტელეკომპანიის 50% წილის მფლობელად უკვე ოფიციალურად ფიქსირდება გიორგი გაჩეჩილაძე.

ამავე დღეს, 5 აპრილს, ცვლილებები შევიდა შპს „ქართული რადიოს“, იგივე რადიო „ნაცნობის“ დამფუძნებელთა რიგებში.

თუ აქამდე კომპანიის 100% წილის მფლობელი იყო თამაზ კაპანაძე, ახლა 400 ლარად რადიოს ამავე რაოდენობის წილი იყიდა მალხაზ რუხაძემ, რომელიც „ჯენტლმენური შეთანხმების“ საფუძველზე გახლავთ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ–ერთი მფლობელი.

რადიოს დირექტორი, ახალი მონაცემებით, მამუკა ღლონტია. თამაზ კაპანაძემ, დოკუმენტების მიხედვით, თავისი ნებით დატოვა დირექტორის თანამდებობა.

 

ამავე თემაზე:

„მაესტროს“ „ჯენტლმენური“ გადანაწილება

,,მაესტროს’’ დირექტორი ბაჩო კიკაბიძე გახდა

„მაესტრომ“ მუშაობა დირექტორის გარეშე განაახლა

მაესტრო მაუწყებლობას ხვალიდან გააგრძელებს

„მაესტროს“ საგანგებო განცხადება

„მაესტროს“ ოპერატორი ვერსიას ცვლის

კახა ბექაური: მაესტროს თანამშრომლებზე სხვადასხვაგვარი ზეწოლა ხორციელდება

ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

რა იციან ნოღაიდელმა და ”მაესტრომ” ჩხარტიშვილზე?

შეტევა პრესაზე 2009 წელს–საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი