ახალი ამბები

„უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“ – პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

16 თებერვალი, 2016 • 1426
„უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“ – პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით პარლამენტი ახალ კანონპროექტზე – „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“ მუშაობას იწყებს.

 დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა მუშაობა დაიწყო ახალ პროექტზე, „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“.

ჯანდაცვის კომიტეტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტზე მუშაობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ ბავშვები სულ უფრო ხშირად მოიხმარნენ ინტერნეტს, რაც სარგებლობასთან ერთად ზრდის ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს:

  1. პორნოგრაფიული საიტების შეუფერხებელი წვდომა;
  2. შესაძლო ყალბი ტრანზაქციები;
  3. პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

 

-„ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის რაც, უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც,”- აღნიშნავს ხუნდაძე.

ამავე განცხადების თანახმად, “ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის.

არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მეოთხოვოთ ინფორმააციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე.

სწორედ ამ მიზნით კომიტეტთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებიდან და ჩვენთან არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლიდან გამომდინარე, მოამზადებს პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია ევროპულ სახელმწიფოებში მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელსაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება.”

ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა დააზარალოს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ბავშვის სწორად განვითარება და მათი დაცვა არსებული რისკებისგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ პროექტს. ჯგუფში შედიან: ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და მასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების დამცველი თამთა სტეფნაძე; პარლამენტიდან პროექტის მომზადებაში ჩარეთვებიან: დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი