ახალი ამბები

აგულაშვილი: თუ კახეთში გაზის მარაგის არსებობა დადასტურდა, მთავრობა ზომებს მიიღებს

4 თებერვალი, 2016 • 1518
აგულაშვილი: თუ კახეთში გაზის მარაგის არსებობა დადასტურდა, მთავრობა ზომებს მიიღებს

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თუკი “ფრონტერას” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოში დიდი რაოდენობით გაზის აღმოჩენის შესახებ დადასტურდა, მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს.  “ფრონტერა” აცხადებს, რომ კახეთში გაზის მარაგები 3.8 ტრილიონი კუბური მეტრია.

თუმცა, აგულაშვილის თქმით, მანამდე ამ რესურსების არსებობა უნდა დადასტურდეს.

“ეს არ არის პირველი განცხადება ფრონტერას მხრიდან მწარეხევის ტერიტორიაზე არსებულ საბადოში ასეთი დიდი მარაგების გაზის აღმოჩენის თაობაზე. დღეს უფრო მეტი ინტენსივობით საუბრობენ ისინი ამის თაობაზე. თუ ვინმე იქნება ბედნიერი და კმაყოფილი, ასეთი ინფორმაცია თუ გამართლდება, მათ შორის ვიქნები მეც, რა თქმა უნდა, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე. განსაკუთრებულობას ჩემთვის სძენს ის, რომ ჩემი რაიონია, საიდანაც მე ვარ პირადად წარმოშობით. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს, საჭიროა, რომ საკითხი შესწავლილი იქნას უფრო ღრმად სპეციალისტების მიერ და წარმოდგენილ იქნას მეტი მტკიცებულება საამისოდ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა გაატარებს ადეკვატურ ზომებს იმისათვის, რომ არსებული რესურსი, თუ ის არსებობს, მოპოვებული იქნას და გამოყენებული იქნას ქვეყნის სასიკეთოდ,”– განაცხადა მან.

ფრონტერა”  არის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია, რომელიც 1996 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ თავისი საქმინობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. ის აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი